Accessibility links

logo-print

საქართველოს უშიშროების მინისტრი ვაშინგტონში გაემგზავრა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 9 მარტს საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკაში ყოფნისას დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსთან და ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელთან თანამშრომლობის გეგმების შესამუშავებლად. საქართველოს მხარე იმედოვნებს, რომ, სხვადასხვა საკითხთან ერთად, განხილული იქნება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურებისთვის ტექნიკური დახმარების საკითხიც.

ბუნებრივია, საქართველოს უშიშროების სამსახურის რეფორმირების საკითხთა გარდა, ამერიკელ კოლეგებთან ერთად განიხილავენ საქართველოში შექმნილ ვითარებასაც, რომელიც ბოლო დროს აშშ-ის ხელისუფლების ყურადღების ქვეშ მოექცა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსს" განუცხადა ვალერი ხაბურძანიამ, იგი თავის უცხოელ კოლეგებს ოპერატიულ ინფორმაციას მიაწვდის პანკისის ხეობასა და აფხაზეთთან დაკავშირებით. ამავე დროს, საქართველოს უშიშროების მინისტრის განცხადებით, საუბარი არ შეეხება პანკისის ხეობაში ერთობლივი ოპერაციის ჩატარებას. სამაგიეროდ, საქართველოს უშიშროების მინისტრის განცხადებით, ამერიკაში ყოფნისას იგი ეცდება ამერიკული სპეცსამსახურების ხელმძღვანელების ყურადღების მიპყრობას აფხაზეთისადმი, რადგან, მისი მოსაზრებით, არსებობს საშიშროება, რომ " მეორე და უფრო დიდი პანკისი აფხაზეთში შეიქმნება."

როგორც გახსოვთ, ამ კვირაში ვალერი ხაბურძანიამ განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, ისლამისტმა ტერორისტებმა აფხაზეთშიც ჰპოვეს თავშესაფარი.

[ ვალერი ხაბურძანიას ხმა] " დანამდვილებით ვიცი, რომ იქ არიან თბომავალ "ავრასიას" გამტაცებლები. იქ არიან ვაჰაბისტები, ეს დანამდვილებით ვიცი. და რაც შეეხება ალ-ქაიდას და თალიბანის მოძრაობას, ჩვენ ვარაუდი გამოვთქვით იმაზე დაყრდნობით, რის საფუძველსაც გვაძლევს იმ 5 ავღანელის დაკავება, რომლებიც აფხაზეთის გავლით ცდილობდნენ გასულიყვნენ ევროპაში."

შეგახსენებთ იმასაც, რომ აფხაზური მხარე საქართველოს უშიშროების მინისტრის განცხადებას პროვოკაციად აფასებს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენელთა აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური თბილისი უტყუარ ინფორმაციას ფლობს აფხაზეთის ტერიტორიაზე ისლამისტი ფუნდამენტალისტების არსებობის შესახებ, ამერიკული სპეცსამსახურების ყურადღების არეალში, პანკისთან ერთად, უდავოდ, მოექცევა აფხაზეთის ამბოხებული რესპუბლიკაც, რაც არც სოხუმის და არც ოფიციალური მოსკოვის ინტერესში ნამდვილად არ უნდა შედიოდეს. მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, რუსეთის პოლიტიკური წრეების განცხადებები ქართველების მხრიდან თავისუფლებამოწყურებული აფხაზი ერის დათრგუნვის შესახებ სრულიად უადგილო იქნება. აფხაზეთის სახით, ოფიციალურ თბილისზე ზემოქმედების ბერკეტის დაკარგვა კი გადამწყვეტი იქნება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების საბოლოოდ შესასუსტებლად.
XS
SM
MD
LG