Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკი საგარეო დახმარებების მოკვეცით დაგვემუქრა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის ბოლოს მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის ჯუდი ო კონორის ერთი შეხედვით, გეგმიური ვიზიტი საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა.

ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე ო’კონორმა სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის სახელზე გამოგზავნა წერილი , რომლის გახმაურებას ხელისუფლება აქამდე აშკარად ერიდებოდა, თუმცა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლის წინ წერილის შინაარსი ნაწილობრივ მაინც ცნობილი გახდა. თუ აქამდე ხელისუფლება ახერხებდა დამდურებული დონორების გულის მოგებას და სიტუაციის მეტ-ნაკლებად შერბილებას, ვშიშობთ, რომ ამჯერად მსოფლიო ბანკის გულის მოგება მეტისმეტად გაძნელდება.

ო’ კონორი საქართველოსთან შეთანხმებული პროგრამების საკმაოდ დაბალ მაჩვენებელს აფიქსირებდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა მართვის დაბალი ხარისხის გამო.

მთელი რიგი პრობლემების არსებობის პირობებში, ეს დონორი ორგანიზაცია საქართველოსათვის დახმარების შემცირების პერსპექტივას გვიწინასწარმეტყველებდა. სახელდებოდა ამ დახმარების მოკვეცის ოდენობაც – 20 პროცენტი, რაც, ბუნებრივია, დამატებით სიძნელეებს უქადის ისედაც დაძაბუნებულ ეკონომიკასა და ქვეყნის ბიუჯეტს.

მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის პრეტენზიები ძირითადად ორ სფეროს – ენერგეტიკასა და ფისკალურ პრობლემებს ეხებოდა. ამ უკანასკნელის შეფასებისას ქართული მხარე და განსაკუთრებით ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის დასკვნებს არ ეთანხმება და თვლის, რომ საბიუჯეტო სფეროში ბოლო ორ თვეში მიღწეულმა გამოცოცხლებამ მსოფლიო ბანკს აზრი უნდა შეაცვლევინოს. თუმცა, იანვარ-თებერვლის შედარებითი წარმატება მართლაც არაფერია იმ ასობით მილიონობით დავალიანებასთან შედარებით, რომელიც საგადასახადო ადმინისტრირების სისუსტისა და არვირახსნილი კორუფციის გამო ბოლო წლებში დავაგროვეთ.

მეორე პრეტენზიასთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ ვალების დაგროვებისას ძირითადი პრობლემა თანხების ამოღებაშია და კორუფციული გარიგებების მაღალი რისკიც სწორედ ამ სეგმენტზე მოდის.

მართვის ოპტიმიზაციისათვის საქართველოს ხელისუფლება, ამასწინათ ანტიკორუფციული საბჭოს მიერ შემოთავაზებული პროექტის მიხედვიით შეეცდება. აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროებისა და დეპარტამენტების შერწყმა გაერთიანების გზით, მათო ოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. მთვარობის სხდომაზე რეკლამირებული ეს პროექტი სახელისუფლო აპარატის მორიგი რეორგანიზაციის მცდელობაა.

ჯუდი ო’ კონორის ვიზიტისას საგულისხმო იყო ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინირების ფუნქცია პრეზიდენტის თანაშემწეზე იყო თემურ ბასილიაზე იყო დელეგირებული, მართალია საკმაოდ დიპლომატიურად, მაგრამ მაინც პირველად გაისმა უკმაყოფილების ტონი დონორების მხრიდან. არაკოორდინირებულ მუშაობაში და მართვის პრობლემებში სწორედ თემურ ბასილია დაადანაშაულეს და სახელმწიფო მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე კოორდინაციის ფუნქციის ეკონომიკის სამინისტროზე გადაცემის აზრმაც გაიჟღერა.
ექსპერტები თვლიან, რომ ამ შემთხვევაში ჯუდი ო’ კონორის შეფასება კარგა ხნით ადრე მომწიფებული კარის ინტრიგის გაღვივების სტიმული გახდა და პრეზიდენტის თანაშემწეზე ხელის შეწმენდაც წინასწარ ჩაფიქრებული საკადრო გადაადგილებების სქემაში მოხვდა.

სუსტი კოორდინაცია ზოგადად ქართული ხელისუფლების თანამდევი სენია და ეს სამწუხაროდ, არა მარტო საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება. მტავრობის შიგნით დაპირისპირებების და შეუთანხმებელი პოლიტიკის უმარტივეს ხილულ მაგალითს თუნდაც ყოველი თვის ბოლოს ვგრძნობთ, როდესაც ერთმანეთის მომიჯნავე ეკონომიკური უწყებები ერთი და იგივე პარამეტრზე, მაგალითად სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე, პრინციპულად განსხვავებულ მონაცემებს იძლევიან.
ო’კონორთან გამართული მოლაპარაკებისას სიმპტომატური იყო სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის რეაქციაც – სახელმწიფო მინისტრი ზომაზე მეტად მკაცრი იყო და ნეგატიურ შეფასებებსა და უკმაყოფილებებში მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორიც დაჩრდილა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაში საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ ჰქონია კრიტიკული მომენტი, მაგრამ მსოფლიო ბანკთან ამჟამად შექმნილი სიტუაცია, მართლაც ყველაზე დრამატულ მომენტად შეიძლება შეფასდეს. თუ აქამდე დონორები თვალს ხუჭავდნენ მტავრობის პატარ_პატარა ცოდვებზე, როგორც ჩანს, ამჯერად თვალში ნაცრის შეყრის პოლიტიკას ყავლი გაუვიდა.

მსოფლიო ბანკის მხრიდან დახმარებების წილის 20 პროცენტიანი ”სეკვესტრი” აბსოლუტურ გამოსახულებაში ზოგს შეიძლება უმნიშვნელო ციფრად მოეჩვენოს, მაგრამ ამ შემთხვევაში საგულისხმო მატერიალზე მეტად მორალური და ქვეყნის ირგვლივ შექმნილი საზოგადოებრივი აზრის მომენტი უნდა გავითვალისწინოთ. ჯუდი ო’ კონორის წერილში და შემდგომ უკვე თბილისური მოლაპარაკების მსვლელობისას საუბარია სარეიტინგო შკალაზე, რომელშიც საქართველო, სამწუხაროდ, არც თუ პრეზენტაბელურად გამოიყურება.

ამასთან, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და განსაკუთრებით კი მსოფლიო ბანკიდან და სავალუტო ფონდიდან მიღებული კრედიტები ყველაზე შეღავათიანი დახმარებები გახლავთ, რომლის მოსაკლისება კარგს არაფერს გვიქადის.

მატერიალთან ერთად, აქამდე არც თუ სახარბიელო ქვეყანის იმიჯი კიდევ უფრო დაკნინდება, რაც პირდაპირი სიგნალია საგარეო ინვესტიციებისათვის, რომელთა მოზღვავებას მაინცდამაინც არც ამჟამად განვიცდით.
თუ მსოფლიო ბანკი დახმარებების შემცირებით გვემუქრება, ამ ორგანიზაციის ყველაზე მსხვილი აქციონერი ქვეყანა აშშ ვალების რესტრუქტურიზაციას გვიკეთებს.

გასულ კვირას თბილისში საქართველოს აშშ-სადმი საგარეო ვალის ნაწილის რესტრუქტურიზაციის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. რესტრუქტურიზებული თანხა ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთლიანობაში 39 მლნ 619 ათას 903 დოლარს უდრის.

იმავე წყაროს მონაცემებით, კრედიტორ ქვეყნებთან საქართველოს საგარეო ვალდებულებების მდგომარეობა შემდეგნაირია: სომხეთთან, ავსტრიასთან, რუსეთთან უკვე ხელმოწერილია შეთანხმება რესტრუქტურიზაციაზე; აზერბაიჯანათან, ირანთან, უკრაინასთან - პარაფირებულია; ჩინეთთან მიმართებაში განიხილება საკითხი ვალის ჩამოწერის შესახებ; ნიდერლანდებთან შეთანხმება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააფორმა; უზბეკეთთან და თურქმენეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები; ყაზახეთთან მოლაპარაკებები იწყება; თურქეთთან შეთანხმება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიკაციის სტადიაზეა.

საგულისხმოა, რომ ამ ვალების ძირითადი თანხების გადახდის პერიოდი საქართველოს უკვე დაუდგა და რომ არა რესტრუქტურიზაციის პროცედურა, ქვეყნის ბიუჯეტს ამ ვალდებულებების გასტუმრება ნამდვილად არ ძალუძს. საგარეო დახმარებების შემცირების ფონზე, თუ ვალების გადავადების პროცესი გაგვიჭიანურდა, დეფოლტის პერსპექტივა ქვეყნისათვის არც თუ ეფემერული გახდება.
XS
SM
MD
LG