Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლის ჯუდი ო’კონორის საქართველოში ვიზიტის შედეგები


მსოფლიო ბანკის სამხრეთი კავკასიის განყოფილების დირექტორის ჯუდი ო’კონორის თბილისში ვიზიტის შედეგებზე ეკონომიკურ მიმოხილვაში ზაზა გაჩეჩილაძე გესაუბრათ.

ახლა კი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობათა კონკრეტულ დეტალებზე თავად ჯუდი ო’კონორის მოსაზრებებს გაგაცნობთ, რომელიც მან 8 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა. პირველწყაროს შეფასებების გამოქვეყნება იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ხშირად საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთა მხრიდან მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციების არასწორი ინტერპრეტირება ხდება ხოლმე.

ჯუდი ო’კონორის თბილისში ჩამოსვლამდე ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა საქართველოს მიმართ მსოფლიო ბანკის წინასწარი შეფასებები გააპროტესტა. ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს დაბალი რეიტინგის გამო დახმარების შემცირებას გეგმავს. ნოღაიდელი კი არასწორად მიიჩნევს იმ ფისკალური ცვლილებების შეუმჩნევლობას, რომელიც საქართველოში ბოლო 1 წლის მანძილზე მოხდა, რაც ქვეყნის რეიტინგზე დადებითად უნდა ასახულიყო.

8 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯუდი ო’კონორმა განმარტა, რომ რეიტინგის დადგენა დაახლოებით 20 კრიტერიუმის მიხედვით მოხდა და კვლევა 2000 - 2001 წლის ივნისის ჩათვლით განხორციელდა. კვლევის შედეგების მიხედვით ზოგიერთი კრიტერიუმის მაჩვენებელი გაუმჯობესდა, ზოგიც კი გაუარესდა და საშუალო შედეგი იგივე დარჩა რაც წინა წელს იყო. სწორედ ამან განაპირობა ქვეყნის რეიტინგის დაბალი მაჩვენებელი.

[ჯუდი ო’კონორის ხმა] „საქართველოს ყველაზე ცუდი შედეგები ჰქონდა მმართველობით სფეროში. კერძოდ კი საჯაროობის, გამჭვირვალეობის საკითხებში, კანონის უზენაესობის განხორციელებასა და იმაში თუ რამდენად ხერხდება გადასახადების ამოღების სიმკაცრის გავრცელება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებზე."

ჯუდი ო’კონორს უამრავი შეხვედრები ჰქონდა საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებთან, რომელთა ეფექტურ საქმიანობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება. ამ მოლაპარაკებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან შეხვედრა იყო. რომელმაც მთავრობის წევრთა მიმართ უმკაცრესი შეფასებები არ დაიშურა და მსოფლიო ბანკის მიერ წამოყენებული ყველა მოთხოვნის სასწრაფოდ შესრულების პირობა დადო.

მსოფლიო ბანკის დახმარების მოცულობის შემცირების თავიდან ასაცილებლად სამი რთული მოთხოვნის შესრულებაა საჭირო.

მოთხოვნათა შორის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტად რჩება ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე პრივატიზაციისა და რეფორმების დასრულება. მოსახლეობისათვის სოციალური დავალიანებების გასტუმრება და მიმდინარე დაფინანსების დროულად გაცემა. მესამე უმთავრეს მოთხოვნას კი სამთავრობო სტრუქტურების რეორგანიზება და რეფორმის განხორციელება წარმოადგენს. ამავე მოთხოვნებში იგულისხმება კორუფციის დაძლევა, ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და კიდევ უამრავი სხვა. ყოველიმე ამის აღსრულება 2002 წლის ზაფხულამდეა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი სამი წლის მანძილზე საქართველო მსოფლიო ბანკიდან მოსალოდნელი 130 მილიონი ამერიკული დოლარის შეღავათიანი დახმარების ნაცვლად 100 მილიონს, ან ოდნავ უფრო ნაკლებს მიიღებს.

სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ კი დადო ზევით ჩამოთვლილ მოთხოვნათა შესრულების პირობა, მაგრამ ეს სულაც არაა საკმარისი მსოფლიო ბანკის პოზიციის შესაცვლელად.

[ჯუდი ო’კონორის ხმა] „საქართველოს მომავლის მიმართ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. საქართველოში არსებობს უზარმაზარი პოტენციალი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, თუმცა სურვილი და ფაქტები ერთმანეთისაგან ჯერჯერობით შორს დგას. ფაქტები თუ შეიცვლება მაშინ მსოფლიო ბანკიც ალბათ შეიცვლის თავის პოზიციას, მაგრამ დაპირებები ფაქტები ნამდვილად არ არის."

დამოკიდებულების შეცვლაში არამარტო იმ 30 მილიონის მიღება იგულისხმება, რაც საქართველომ შეიძლება ხელისუფლების არაეფექტური საქმიანობის გამო დაკარგოს, არამედ ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ბანკში წინასწარ დაგეგმილ დახმარებაზე უფრო მეტის მიღებაც შეუძლია. ამისათვის მსოფლიო ბანკში სპეციალური ბიუჯეტიც კი არსებობს.

ჯერჯერობით ამაზე ფიქრი ოცნების სფეროს განეკუთვნება და ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ ქვეყნის რეიტინგის საბოლოოდ დაცემის თავიდან აცილებისთვის ბრძოლა უწევს. მსოფლიო ბანკის დახმარებას კი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ამ საფინანსო ინსტიტუტის შეღავათიანი კრედიტების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ისინი 35-40 წლის მანძილზე უნდა დაიფაროს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი 0,75 პროცენტს არ აჭარბებს. ასევე აღსანიშნავია, რომ ვალის მომსახურება მხოლოდ 10 წლის შემდეგ იწყება. მსოფლიო ბანკში უკვე დამტკიცებული გეგმის მიხედვით საქართველოს შეუძლია 649 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღოს, აქედან ჯერჯერობით მხოლოდ 351 მილიონი დოლარია ათვისებული და დანარჩენის გამოყოფა საქართველოს ხელისუფლების ეფექტურ მოღვაწეობაზეა დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG