Accessibility links

logo-print

რეფორმირებული მთავრობა თუ მინისტრთა კაბინეტი?


საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში განიხილავს ანტიკორუფციული საბჭოს მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც სამინისტროების შერწყმას და მათი რაოდენობის მკვეთრ შემცირებას ითვალისწინებს.

იმავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე გამოდის ინიციატივით, რომ პარლამენტმა იმსჯელოს საკონსტიტუციო ცვლილებებისა და მინისტრთა კაბინეტის შექმნის შესახებ.

მთავრობის რეფორმირება ერთი პოლიტიკური ამოცანაა, ხოლო მინისტრთა კაბინეტის შექმნა - მეორე. ვის აძლევს ხელს რეფორმირებული მთავრობა და ვის - მინისტრთა კაბინეტი?

საქართველოს მთავრობა არაჯანსაღად მუშაობს. ავადმყოფობის დიაგნოზი დიდი ხნის წინ დასვა თავად პრეზიდენტმა: სახელმწიფოს აუძლურებს ავთვისებიანი სიმსივნე, რომელსაც კორუფცია ჰქვია.

როგორია ქართული კორუფციის ანატომია? ამ კითხვაზე მრავალგვარი პასუხი არსებობს. დღეს შემოგთავაზებთ პარლამენტარ ვასილ მაღლაფერიძის თვალსაზრისს, რომელიც მის პუბლიცისტურ წერილებშია განფენილი: სახელმწიფოს რეალურ მმართველობით სისტემას და პოლიტიკას ქმნიან კორუფციული პირამიდები. უწყებების ქვედა რგოლების მიერ მოპოვებული "შავი" ფული მიემართება ზევით და ზევით - ვიდრე წვერამდე. ერთ პირამიდას ეფუძნება მეორე, რომელიც ხელშეუხებლობის გარანტიას უქმნის პირველს. ქვეყანა, სინამდვილეში, ცხოვრობს ამ პირამიდების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით და არა ფორმალურად მიღებული კანონებით, რომელთა უმრავლესობა, უბრალოდ, არ სრულდება. სწორედ კორუფციული პირამიდები უქმნიან სახურავს კონტრაბანდას, რომელიც ყოველდღიურად შემოედინება ეშელონებით, გემებით და ტრაილერებით და მნიშვნელოვნად აღემატება ლეგალურ იმპორტს.

ჰიპერკორუფციის დაძლევის გარეშე, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ნებისმიერი მცდელობა საცრით წყლის ზიდვას ემსგავსება. ყოველ წელიწადს იგეგმება, რეალურ რესურსთან შედარებით, ნახევარზე ნაკლები ბიუჯეტი და ისიც ვერ სრულდება. ვერც შესრულდება მანამ, სანამ მთავრობის ერთი ნაწილი კონტრაბანდის წინააღმდეგ იბრძოლებს, მეორე ნაწილი კი - კონტრაბანდის შემოსატანად; ვიდრე მთავრობის ერთი ნაწილი კორუფციის წინააღმდეგ იბრძოლებს, მეორე ნაწილი კი - კორუფციის გასაძლიერებლად.

შექმნილია კურიოზული ვითარება: სახელმწიფოში გამოცხადებულია დაუნდობელი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. თუმცა ხელისუფლების ყველაზე მაღალი ეშელონი, რომელიც ამ ბრძოლის მოგებისთვის საჭირო ძალაუფლებას ფლობს, თავად წარმოადგენს კორუფციული პირამიდის წვერს. მთავრობა, რომელიც, წესით, ქვეყანას უნდა მართავდეს, ფაქტობრივად, საკუთარ თავთან ბრძოლის პოლიგონად არის ქცეული.

თუ ზემოთ აღწერილ სურათს დავეთანხმებით, გაგვიადვილდება მსჯელობა იმ საკითხზე, თუ რატომ ცდილობს ხელისუფლების ერთი ნაწილი არსებული მთავრობის შენარჩუნებას მისი შეკვეცის გზით, ხოლო მეორე ნაწილი - მთავრობის შეცვლას მინისტრთა კაბინეტით.

საპარლამენტო არჩევნების წინ გამოიკვეთა ერთი ტენდენცია: პარტიები ემიჯნებიან ხელისუფლებას და უახლოვდებიან მოსახლეობას. თუ დღევანდელი არაეფექტური მთავრობა არჩევნებამდე ვერ მოახერხებს ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და, პირველ რიგში, ბიუჯეტის შესრულებას სეკვესტრის გარეშე, - ცხადია, პარტიები ამ რეალობას თავის სასარგებლოდ და მთავრობის საზიანოდ გამოიყენებენ.

მეორე მხრივ, თუ 2002-2003 წლებში მთავრობა უფრო ეფექტურად იმუშავებს და წარმატებებს მიაღწევს, ბიუჯეტის შესრულების ან რეფორმების თვალსაზრისით, - ეს მთავრობის დღევანდელ შემადგენლობას არა, მაგრამ სტრუქტურას კი სიცოცხლეს ნამდვილად გაუხანგრძლივებს.

არადა, საქართველოში, რეალურად, ორი პოლიტიკური მიმართულება იკვეთება: პირველი - ოლიგარქიული, რომელიც დგას კორუფციულ პირამიდებზე, ანუ მთავრობის დღევანდელ სტრუქტურაზე, როდესაც მინისტრები პასუხს აგებენ არა ხალხის ან პარლამენტის, არამედ - პირადად პრეზიდენტის წინაშე; მეორე მიმართულება არის დემოკრატიული, რომელიც დგას მინისტრთა კაბინეტზე, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების გუნდურ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. არჩევნებში გამარჯვებული პარტია ან კოალიცია აკომპლექტებს კაბინეტს და ხელისუფლებას ინარჩუნებს მანამ, სანამ რეალურად ასრულებს წინასაარჩევნო დაპირებებს. როდესაც მოსახლეობას დაჰპირდებიან მილიონ სამუშაო ადგილს და ამის ნახევარსაც ვერ შექმნიან, ასეთი პარტიის ბედი კახა თარგამაძის კაბინეტში კი აღარ გადაწყდება, არამედ - საარჩევნო ურნებთან.

ასე რომ, დღევანდელი მთავრობის რეალური სტრუქტურა - კორუფციული პირამიდების ჯამი - ვერ შეიცვლება სამინისტროების რაოდენობის შემცირებით. ეს ღონისძიება, უკეთეს შემთხვევაში, მოიტანს დროებით ეფექტს და სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს ოლიგარქიულ მთავრობას. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს - იგი ხელსაყრელია პარტიებისთვის და სასარგებლოა პოლიტიკური სისტემის გასამყარებლადაც: ქვეყნის მართვა გადავა იმ ძალის ხელში, რომელსაც რეალურად ექნება მოსახლეობის მხარდაჭერა.

ასე რომ, პოლიტიკური ბრძოლა მთავრობის მომხრეებსა და მინისტრთა კაბინეტის მომხრეებს შორის კონცეპტუალური ხასიათისაა და, საფიქრებელია, რომ დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად გამწვავდება.
XS
SM
MD
LG