Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც 8 მარტის "დილის გაზეთი" აღნიშნავს, "სამხედრო სფეროში ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი როგორც 8 მარტის "დილის გაზეთი" აღნიშნავს, "სამხედრო სფეროში ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გააქტიურება კვლავ საყოველთაო განხილვისა და მსჯელობის საგნად რჩება საქართველოში თუ მის გარეთ.

რუსეთი შეშფოთებულია და აღშფოთებული. იგივე შეიძლება ითქვას ირანზე, რომელსაც კავკასიაში თავისი ინტერესები აქვს და ამის დამალვას არ ცდილობს.

ირანის ისლამური რესპუბლიკის ადმირალის, ალი შამხანის, განცხადებით, ამერიკული სამხედრო შენაერთების საქართველოში ბაზირება რეგიონის სტაბილურობას მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის. ეს განცხადება მან ამასწინათ ერევანში ვიზიტისას გააკეთა და, სხვათა შორის, მის ამ მოსაზრებას, ნაწილობრივ, სომეხი პარლამენტარებიც დაეთანხმნენ. სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არმენ ხაჩატრიანმა საქართველოს, როგორც ერთიანი სახელმწიფოს, დაშლაც კი "იწინასწარმეტყველა".

"დილის გაზეთის" თქმით, "ამასობაში კი რუსეთი, სადაც ქართველთა "უმადურობით" გამოწვეული ისტერია ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა, შურისძიებით იმუქრება. რუსეთის დუმა საქართველოს "მოსარჯულებლად" ეკონომიკური სანქციების შემოღებას ითხოვს".
გაზეთი აგრეთვე აღნიშავს:

"როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. სამაგიეროდ, შეშფოთებულია პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი რუსეთის "გოსდუმაში", ალეკსანდრ კოტენკოვი, რომელიც, მართალია, ქვეტექსტებით, მაგრამ მაინც დაუფარავად მიანიშნებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის მცდარი არჩევანის გაკეთების შემთხვევაში საქართველომ, შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოს აფხაზეთი".
შემდეგ "დილის გაზეთი" წერს:

"პუტინისა და კოტენკოვის ურთიერთობა, ისევე როგორც ამ უკანასკნელის თანამდებობა, გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ კოტენკოვმა ის განაცხადა და გაახმოვანა , რისი თქმის უფლებაც პუტინმა საკუთარ თავს ალმა-ათის სამიტზე არ მისცა. ეჭვგარეშეა, რომ პუტინს, ისევე როგორც სხვა რუს პოლიტიკოსებს, ამერიკული ჯარების საქართველოში გამოჩენა ძალიან აღიზიანებს, მაგრამ პუტინი პრაგმატიკოსია და ხვდება, რომ ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევა საქმეს ვეღარ უშველის.

ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგის ზბიგნევ ბჟეზინსკის აზრით, რუსეთისათვის უკეთესი იქნება, თუ შეეგუება არსებულ რეალობას და ამერიკელი სამხედროების საქართველოში დამკვიდრებას საკუთარ ტრაგედიად არ აღიქვამს".

ჯერჯერობით ისე ჩანს, - წერს გაზეთი, - რომ, რუსეთში ატეხილი აურზაურისა და იქიდან წამოსული მუქარის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება თავის საგარეო პოლიტიკაში რუსეთის სასარგებლოდ რაიმე მნიშვნელოვანი კორექტივების შეტანას არ აპირებს.
"საქართველოს ხელისუფლების პროდასავლურ კურსს, დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, შევარდნაძის მიერ უშიშროების საბჭოს მდივნად ამერიკაში საქართველოს ელჩის, თედო ჯაფარიძის, დანიშვნაც ადასტურებს",- ნათქვამია "დილის გაზეთის" წერილის დასასრულს.

7 მარტის გაზეთი "რეზონანსი" წერს, რომ "თედო ჯაფარიძის კანდიდატურის დასახელებამ პარლამენტარები პრეზიდენტის პროდასავლურ პოლიტიკურ ორიენტაციაში საბოლოოდ დაარწმუნა. მათი განცხადებით, აშკარაა, რომ საქართველო დასავლეთის, კერძოდ კი, ამერიკის ორიენტაციას ირჩევს. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან ცნობილი ექსპერტებიც. მართალია, პარლამენტში განსხვავებულ მოსაზრებებსაც აფიქსირებენ, მაგრამ ჯაფარიძის საჯაიას შემცვლელად დანიშვნას მაინც ყველა მიესალმება".

გაზეთის ცნობით, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და მხარს უჭერს მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი ედვარდ სურმანიძე. ჯაფარიძის დანიშვნის საწინაღმდეგო არაფერი აქვს "აღორძინების" ფრაქციას. თუმცა "აღორძინების" წევრის, ვალერი გელბახიანის, თქმით, ამ დანიშვნით ორიენტაციის საკითხი არ განისაზღვრება, მაგრამ კეთილგანწყობა დასავლეთის და, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ნამდვილად იქნება.
"ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის" თავმჯდომარის, ელენე თევდორაძის, აზრით, ჯაფარიძის დანიშვნით გაცხადდა, რომ პრეზიდენტის კურსი, მართლაც, დასავლეთისაკენ არის მიმართული. განსხვავებული მოსაზრება აქვს პარლამენტარ კობა დავითაშვილს, რომელმაც განაცხადა : "არა მგონია, ჯაფარიძის დანიშვნა ქვეყნის კურსს განსაზღვრავდეს. მისი დანიშვნა-არდანიშვნით ქვეყნის კურსი არ განისაზღვრება. უშიშროების საბჭოს მდივნად რუსეთის ელჩი რომ დანიშნულიყო, რუსეთისაკენ ორიენტაცია დადასტურდებოდა?"

8 მარტის "რეზონანსის" ინფორმაციით, "რუსეთის დუმის მიერ მიღებულ დადგენილებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მომავალ კვირას შესაბამისი დადგენილების მიღებას გეგმავს საქართველოს პარლამენტიც. ქართული მხარე რუსეთის ფედერაციის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებს გაუმართლებელს და არაადეკვატურს უწოდებს".
შემდეგ გაზეთი წერს:

"როგორც ცნობილია, რუსეთის გოსდუმამ ოთხშაბათს მიიღო დადგენილება "საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ მის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო სფეროში მონაწილეობასთან დაკავშირებით". მიღებული დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა გადაეგზავნოს. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა საქართველოს საგარეო უწყების თავდაპირველი პოზიციის შეცვლა.ქართული მხარე თავიდან არ აპირებდა აბსურდულ პრეტენზიებზე პასუხის გაცემას".

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, კერძოდ, ნათქვამია: "რუსეთის კანონმდებელთა მტკიცებას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ანტიტერორისტული თანამშრომლობიდან გამომდინარე, თითქოსდა შექმნილი საშიშროების შესახებ არა მხოლოდ რუსეთის, არამედ "აფხაზეთის" და "სამხრეთ ოსეთის" თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აბსურდულს უწოდებს".

8-11 მარტის გაზეთ "ახალი ეპოქის" თქმით, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მუქარა ვერ შეასრულა.მისი დეპუტატები, სოხუმისა და ცხინვალის მთავრობების დამოუკიდებლობის აღიარების ნაცვლად, საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვენ, რუსეთს მონაწილეობა მიაღებინონ პანკისის ხეობაში დაგეგმილ ანტიტერორისტულ ოპერაციაში.
როგორია გაზეთის პოზიცია აღნიშნული დადგენილების მიმართ? "ახალი ეპოქა" წერს:

"საქართველო სისხლხორცეულად არის დაინტერესებული რუსეთში რეალური დემოკრატიული გარდაქმნებით, მაგრამ, საეჭვოა, ქვეყანაში, სადაც ცოცხალი პრეზიდენტის ბიუსტებს დგამენ და ურჩ რესპუბლიკაში "საფილტრაციო ბანაკებს" აშენებენ, ამ თვალსაზრისით ყველაფერი კარგად იყოს. საქართველო იძულებულია, მოკავშირეები ევროპაში და ოკეანის გაღმა ეძებოს, თორემ, რა სჯობს იმას, რომ ჩვენი მეზობელი სტაბილური დემოკრატიული სახელმწიფო იყოს.

დღეს მედიაში ხშირად გაისმის ხმები შევარდნაძე-პუტინის, შევარდნაძე-ბუშისა თუ ბუშ-პუტინის საიდუმლო გარიგებების შესახებ. რაც უნდა დიდი იყოს მოსკოვის ზემოქმედება, საქართველოს ხელისუფლებამ წამითაც არ უნდა დაუშვას, რომ რუსეთს პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული მონაწილის სტატუსი მიენიჭოს. დენთის კასრის ჩასაქრობად ცეცხლმოკიდებულს არავინ უხმობს. თუ რუსეთი დაინტერესებულია პანკისში წესრიგის დამყარებით, შეუძლია საქართველოს ინფორმაციულ-ტექნიკური დახმარება გაუწიოს, როგორც ეს ავღანეთში გააკეთა შეერთებული შტატებისათვის.

9 მარტის "რეზონანსი" წერს, რომ "საქართველოში მესამე ანტიტერორისტული ფრონტის გახსნის შემდეგ უცხოელი და ქართველი ექსპერტები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის არარსებობას სერიოზულ ნაკლად მიიჩნევენ. დოკუმენტი, რომელზეც მუშაობა ვერა და ვერ დასრულდა, უახლოეს ხანებში საქართველოს პარლამენტში შევა განსახილველად.

წინასწარი პროგნოზით, ამერიკელების სამხედრო დახმარება მის პროექტზეც მოახდენს გარკვეულ გავლენას. საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული საგარეო პრიორიტეტის აღიარება მოუწევს".

"ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციამ საბოლოოდ უნდა განსაზღვროს, განვითარების როგორ გზას ირჩევს ისეთი მრავალეროვანი და გეოგრაფიული მდებარეობით გამორჩეული სახელმწიფო, როგორიც საქართველოა".

"რეზონანსის" ცნობით, "უცხოელი ექსპერტები საქართველოს ურჩევენ, მტერ-მოყვარე განსაზღვროს და ზუსტად ჩამოაყალიბოს, რა არის მისთვის საფრთხე. ამასთან, მათი აზრით, დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი დოკუმენტის შემუშავებას, რომელშიც ნათლად იქნება ჩამოყალიბებული საქართველოს ეროვნული მიზნები და ის როლი, რომლის შესრულებაც სურს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე".
XS
SM
MD
LG