Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძის ულტიმატუმი


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ამბავი, რომელსაც გასულ კვირას დიდი ხმაური და ვნებათაღელვა მოჰყვა,

კრიმინალის სფეროს უფრო განეკუთვნება, მაგრამ სპორტთანაც უშუალო კავშირი აქვს. კახა კალაძემ საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა : “თუ პირველ მაისამდე ჩემი ძმა ნაპოვნი არ იქნება, ან სამართალდამცავები ჩემს ოჯახს არ წარუდგენენ ძიების ეფექტურად მიმდინარეობის დამადასტურებელ მასალებს, იძულებული ვიქნები უკრაინის მოქალაქეობა მივიღო და, საქართველოს ეროვნული მაისურის ნაცვლად, უკრაინისა ჩავიცვა. კარგად ვიცი, რომ ფიფას წესდება კრძალავს ერთ ნაკრებში ნათამაშევი ფეხბურთელის მეორეში გადასვლას და ამიტომაც ვთხოვ ფიფას დაუშვას გამონაკლისი” ინტერნეტით გავრცელებულ ამ განცხადებას, ბუნებრივია, მრავალი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის - ფეხბურთის გულშემატკივრები, თავად ფეხბურთელები, პოლიტიკოსები, ინტელიგენციის წარმომადგენლები. ამ ხალხის უმეტესობა ერთ აზრზე დამდგარა: “ეს არის ძმის ბედით დამწუხრებული და ჩვენი ცხოვრების რეალობით შეძრწუნებული ახალგაზრდა კაცის გულისძახილი; კალაძეს სხვა არაფერი დარჩენია, გარდა რადიკალური პროტესტისა; ის პასპორტს ხალხს კი არ უბრუნებს, არამედ ხელისუფლებას, რომელმაც ათი თვის მანძილზე არათუ დანაშაულის გახსნა, იმედის მომცემიც კი ვერაფერი მოახერხა”. მაგალითად, ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ, ბოლს და ბოლოს, ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და საგანგებო ზომებს მიმართოს. შოთა არველაძის აზრით, ასეთი განუკითხაობის პირობებში დაზღვეული არავინაა, რომ იგივე ან უარესი არ დაემართოს. მეგობარს და თანაგუნდელს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებენ: გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან კობიაშვილი და საქართველოს ნაკრების სხვა ფეხბურთელები.

კახა კალაძის საჯარო განცხადებამ, როგორც ხედავთ, დეტონატორის როლი ითამაშა და ჩვენი საზოგადოება, მათ შორის პოლიტიკოსები, ხმამაღლა აალაპარაკა. პოლიტიკურმა გაერთიანება “ერთობამ” ამ ამბავს საგანგებო პრესკონფერენცია მიუძღვნა, ფრაქცია “ტრადიციონალისტის” ლიდერმა აკაკი ასათიანმა კი საქმის გაჭიანურებას ამგვარი ახსნა მოუძებნა: “ეტყობა, ამ საქმეში მართლაც ურევია ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი და, უბრალოდ, ვერ ამჟღავნებენ ამას”. შემთხვევითი არც ის არის, რომ კახა კალაძის მამამ, კარლო კალაძემ, უკვე მერამდენედ ითხოვა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა, ჟურნალისტებს კი განუცხადა, მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. გვაიმედებენ, გვპირდებიან, მაგრამ ამ ათი თვის მანძილზე ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთებიათო. თვითონ კახა კალაძეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ტელეფონით უსაუბრია და დამაიმედებელი პასუხი მიუღია. საერთო ძალისხმევამ იქნებ შედეგი გამოიღოს და ეს სამწუხარო ისტორია კეთილად დასრულდეს: ლევან კალაძე ოჯახს დაუბრუნდეს, კახა კალაძე კი – საქართველოს ნაკრებს.

საქართველოში შარშან დაბრუნებული ბადრი პატარკაციშვილი, როგორც წინა გადაცემაში ვივარაუდეთ, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, მართლაც, ეწვია და მასპინძლებთან ერთად ოლიმპიური ფონდის დაფუძნების პერსპექტივა განიხილეს. ჯერ დეტალებზე ვერ შეთანხმებულან და საჯარო განცხადებებს ორივე მხარე ერიდება, მაგრამ, როგორც ირკვევა, თანამშრომლობის გზაზე კიდევ ერთი ნაბიჯი გადაუდგამთ. ოლიმპიური კომიტეტის უფროსობა იმედოვნებს, რომ უკვე მარტის ბოლოს ყველა დეტალი გაირკვევა და ფონდის დაარსებას წინ ვერაფერი დაუდგება.

ამასობაში, სოლიდური პარტნიორი გამოუჩნდა საქართველოს ბილიარდის ეროვნულ ფედერაციას, რომელსაც დავით ალექსიძე ხელმძღვანელობს. ამ ფედერაციისა და ბილიარდის საერთაშორისო პროფესიული ლიგის მონდომებით, თბილისში, სასტუმრო “ივერიის” პირველ სართულზე, გაიხსნა ბილიარდის აკადემია – 14 მაგიდით და ყველა აუცილებელი აღჭურვილობით. აკადემიას 500-მდე კვადრატული მეტრი ფართობი უკავია, უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და ნებისმიერი რანგის შეჯიბრებას უმასპინძლებს. პრეზენტაციაზე სხვადასხვა თაობის ბილიარდის ცნობილი ოსტატები და მოყვარულნი შეიკრიბნენ. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ საერთაშორისო პროფესიული ლიგის პრეზიდენტი სერგეი ლოკტევი და მსოფლიო ჩემპიონი იური სოსნინი, რომელმაც ყმაწვილ სპორტსმენებთან რამდენიმე საჩვენებელი შეხვედრა გამართა.

ქართული ბილიარდის თავკაცმა დავით ალექსიძემ განაცხადა, რომ აკადემიაში ბავშვთა უფასო პროფესიული ჯგუფები გაიხსნება და მწვრთნელებად გამოცდილ სპეციალისტებს მოიწვევენ. ასევე, აკადემია გაიღებს ტურნირების ორგანიზაციულ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე მივლინების ხარჯებს. ალექსიძეს ეჭვი არ ეპარება, რომ ახლო მომავალში ბილიარდი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შევა და თადარიგს აქედანვე იჭერს.

[დავით ალექსიძის ხმა] “ბილიარდი, ფაქტობრივად, უკვე მივიდა იმ ზღვარამდე, რომ გახდეს ოლიმპიური სახეობა. ოლიმპიური სახეობა იქნება ამერიკული პული, ინგლისური სნოკერი, ფრანგებმა მოინდომეს ძალიან კარამბოლი – ეს ფრანგული თამაში გაიტანონ და რუსეთი ერთ-ერთი უძლიერესია და ამიტომ რუსული ბილიარდი, სახეობა ამერიკანკა, მას დაარქვეს პირამიდა”. [სტილი დაცულია]

ყოფილ საბჭოთა სივრცეში თბილისის ბილიარდის აკადემია ჯერჯერობით პირველი და ერთადერთია. ამას ერთი “უბრალო” მიზეზი აქვს:ბილიარდის საერთაშორისო პროფესიულ ლიგაში პირველ ვიცე-პრეზიდენტად ჩვენი თანამემამულე, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი თემურ ფეიქრიშვილი მუშაობს. ბატონი თემური ამ საქმის ინიციატორი და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია.

[თემურ ფეიქრიშვილის ხმა] “ეს ინვესტიცია გაკეთებულია სპორტში და, მე მგონი, ჩვენ სპორტი მოგვიტანს ძალიან ბევრს. ბილიარდი ერთ-ერთი სპორტი არის, როგორიც ბოულინგია, რომელსაც შეუძლია თვითდაფინანსება, თავისი თავის შენახვა, მაგრამ ყველაფერი არ არის ბიზნესი. აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ სპორტზე”.
XS
SM
MD
LG