Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელ გადაცემაში შეხვდებით ადამიანებს, ვინც თავისი საქმიანობა მუსიკას დაუკავშირა.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა დღევანდელ გადაცემაში შეხვდებით ადამიანებს, ვინც თავისი საქმიანობა მუსიკას დაუკავშირა.

10 და 11 მარტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება ანსამბლ "რუსთავის" კონცერტი. გადაცემის პირველ ნაწილში დავით პაიჭაძე წარმოგიდგენთ დავით ყიფიანს, "რუსთავის" სოლისტს, ბანსა და ხალხურ საკრავებზე შემსრულებელს. მეორე ნაწილში კი ვესაუბრებით კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" მენეჯერს, მიხეილ გიორგაძეს. ამ კომპანიას თბილისში მხოლოდ უმაღლესი კლასის შემსრულებლები ჩამოჰყავს.

[ისმის “მგზავრული”]

დავით პაიჭაძე:
ამ კომპოზიციას, “მგზავრულს”, ჩემი დღევანდელი თანამოასუბრე დავით ყიფიანი ასრულებს. ყველა ინსტრუმენტზე თავად უკრავს, ოღონდ, ცხადია, არა ერთდროულად. ამ პატარა ნაწყვეტის შესრულებაში მონაწილეობს სალამური, ფანდური, ბანის ფანდური, ჩონგური და კონტრაბასიც კი. ჩემს კითხვას, თუ რამდენ ინსტრუმენტს ფლობს, დავით ყიფიანი ასე პასუხობს [ყიფიანის ხმა]: “ძალიან მიჭირს თქმა, რამდენ ინსტრუმენტს ვფლობ: შეიძლება რამდენიმეს, შეიძლება – არცერთს. რასაც ფლობა ჰქვია, ძალიან კრიტიკული ვარ ჩემს თავთან მიმართებით. ამიტომ, მოდი, ასე ვთქვათ: რამდენიმე ხალხურ საკრავზე ვუკრავ”.

ხალხური საკრავებით დათო შედარებით გვიან, 14 წლის ასაკში დაინტერესდა. სამაგიეროდ, პროფესიულად მალე გაიზარდა და 18 წლისა უკვე ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში უკრავდა, რომელიც დღეს “ერისიონის” სახელით არის ცნობილი. მე ვთხოვე, მოეთხრო თავის მასწავლებლებზე [ყიფიანის ხმა]: “პირველ ნაბიჯებს რომ ვდგამდი, იყვნენ შემსრულებლები, რომელთაც ვუსმენდი და ვსწავლობდი ისე, რომ თავადაც არ იცოდნენ. თვითეულ მათგანს ჩემს მასწავლებლად მივიჩნევ: ბატონ ომარ კელაპტრიშვილს, ბატონ ნიკო ნადირაშვილს, ბატონ იურა გოგოლაურს... კიდევ ბევრს, ვინც ჩემზე მაღლა იყო შესრულების ოსტატობით. მათგან მე ბევრი მისწავლია და ვთვლი, რომ ისინი არიან ჩემი მასწავლებლები, მაგრამ კონკრეტული მასწავლებელი არ მყოლია. ერთი შემიძლია ვთქვა, რომ ხალხური საკრავების შესახებ ბევრს მესაუბრებოდა ბატონი კირილე ვაშაკიძე. ეს არის ადამიანი, ვინც საქართველოში პირველად ჩამოაყალიბა ხალხურ საკრავთა ორკესტრი და თეორიული ნაწილი ორკესტრის შესახებ, როგორ უნდა გაკეთდეს გაორკესტრება და კიდევ ძალიან ბევრი რამ ბატონმა კირილემ მასწავლა”.

ვინც ქართულ პოპულარულ მუსიკას უსმენს, ან, თუნდ მხოლოდ მოესმის იგი, შეამჩნევდა, რომ გახშირდა ხალხური მუსიკის მოტივებზე შექმნილი კომპოზიციები. ამ მოვლენის აღწერისას სრული ცნებითი დომხალია: ვინ მოდერნიზებას უწოდებს, ვინ სტილიზაციას, ვინ კიდევ – სულაც რემიქსს. დავით ყიფიანი ამბობს, რომ ხალხური მუსიკის სტილიზაციას ის მიესალმება და საჭიროდაც მიიჩნევს, [ყიფიანის ხმა]: “მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გემოვნებით და საინტერესოდ კეთდება ეს. ქართული პოლიფონია იმდენად მდიდარი და სათუთად მოსაპყრობია, არ შეიძლება, მე ვიფიქრო, რომ, მოდი, რახან მსოფლიოში წამოვიდა მოდა ეთნომიმართულებებზე მუსიკაში, მოვკიდო ხელი ხალხურ სიმღერას და გადავაკეთო ისე, როგორც მე მინდა: ან დისკოს რიტმი დავადო, ან ბას-გიტარა, ვითომ დინამიკა შევიტანო, მაგრამ... სინამდვილეში, რისთვის კეთდება ეს – გაუგებარია.”

დავით ყიფიანი პირიქითაც მოქცეულა: მას ქართულ ხალხურ საკრავებზე დატანილი აქვს როგორც კლასიკური, ისე პოპულარული მუსიკის რამდენიმე კომპოზიცია [ყიფიანის ხმა]: “მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რაღაც დოგმებში ჯდება იმ მოსაზრებით, რომ ჩვენს წინაპრებს ასე უკეთებიათ და ამიტომ ასე უნდა იყოს. მთავარია, შემოქმედებითი პროცესი არ გაჩერდეს და შეიქმნას რაღაც ახალი – გნებავთ მუსიკალური, გნებავთ საშემსრულებლო თვალსაზრისით და შემდეგ უკვე დრო ზოგს სანაგვე ყუთში მოისვრის და ზოგიც დარჩება”.

დღეს დათო თავად ჰყავს მოწაფეები. ხელმძღვანელობს ხალხურ საკრავთა ტრიოს. მღერის ანსამბლ “რუსთავში”. ჩემს კითხვას, აქვს თუ არა მის საქმეს მომავალი, ეყოლება თუ არა მსმენელი და მაყურებელი საქართველოს გარეთ, ერთგვარი სკეპტიციზმით პასუხობს [ყიფიანის ხმა]: “იმას, რასაც წმინდა ფოლკლორი ჰქვია – და რა სახითაც ახლა ჩვენ კონცერტებს ვმართავთ – შესაძლებელია, რომ მომავალი არ ჰქონდეს. უცხოეთშიც რომ გავდივართ გასტროლზე, ჩვენი მსმენელი არის საშუალო ასაკს გადაცილებული, დაახლოებით 50 წლის და ზევით... დღესდღეობით უკვე მუზეუმია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს არის სამუზეუმო ხელოვნება”.

ჩვენი საუბრის დასასრულს მე ვთხოვე დათოს, მცირე მუსიკალური ფრაზა დაეტოვებინა სტუდიაში.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

მარიამ ჭიაურელი:
მასალა, რომელსაც ახალგაზრდული პროგრამის მეორე ნაწილში შემოგთავაზებთ, თანამედროვე მუსიკის, განსაკუთრებით კი, ჯაზის მოყვარულებს დააინტერესებთ. ის საქართველოში მოქმედი იმ კომპანიის საქმიანობას ეხება, რომელიც თბილისელებისთვის ნამდვილი მუსიკალური დღესასწაულების მოწყობით არის დაკავებული. კომპანია “ისტერნ პრომოუშენის” ორგანიზებული კონცერტები და ჯაზ-ფესტივალები მუსიკის ქართველ მოყვარულთ, ალბათ, არასდროს დაავიწყდებათ. ეს იყო ლეგენდარული რეი ჩარლზის, მასეო პარკერის, “მანჰეტენ ტრანსფერის”, ჯეიმს ბრაუნის, ჯო ზავინულის და სხვა ვარსკვლავების თუ სახელგანთქმული ჯგუფების გამოსვლები. კიდევ რას უნდა ველოდეთ “ისტერნ პრომოუშენისგან”? ამას თავად ამ კომპანიის წარმომადგენლის - მიხეილ გიორგაძისგან შეიტყობთ. მას ეკა წამალაშვილი ესაუბრა.

ეკა წამალაშვილი:
ისეთი საქმიანობის იდეა, როგორსაც კომპანია “ისტერნ პრომოუშენი” ეწევა, 1989 წელს გაჩნდა და გაიოზ კანდელაკის ორგანიზებით თბილისში შემდგარ გრანდიოზულ ჯაზ-ფესტივალს დაუკავშირდა. დღევანდელი “ისტერნ პრომოუშენის” წარმომადგენლები და მაშინდელი წყალბურთელები ბატონ გაიოზს ფესტივალის ორგანიზებაში ეხმარებოდნენ და, როცა ჯაზ-ფესტივალმა თბილისელები აღფრთოვანებულები დატოვა, გაიოზ კანდელაკმა ახალგაზრდა წყალბურთელებს უთხრა: “მოვა დრო, როცა საქართველოში ასეთი ბიზნესი შესაძლებელი იქნებაო.” ნათქვამმა ახალგაზრდები დააფიქრა, თუმცა ისინი - მიხეილ გიორგაძე, კახა კანდელაკი, გიორგი კერესელიძე და სხვები - გაიფანტნენ და მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით შეუდგნენ. შემდეგ მოხდა ისე, რომ ერთ მშვენიერ დღეს, ერთად შეკრებილებმა, გაიოზ კანდელაკის ნათქვამი გაიხსენეს და ძველი ოცნების ხორცშესხმა გადაწყვიტეს. პირველი გამოცდა მასეო პარკერის კონცერტის ორგანიზებით გაიარეს. “ეს კონცერტი თბილისში 1998 წლის 11 ივნისს შედგა და ნამდვილი ხუთიანიც დავიმსახურეთო”, - იხსენებს მიხეილ გიორგაძე. კომპანია “ისტერნ პრომოუშენი” იურიდიულ სუბიექტადაც 98-ში გაფორმდა, თუმცა თბილისელებს, ალბათ, არასდროს დაავიწყდებათ ლეგენდარული რეი ჩარლზის კონცერტი.

1996 წელს თბილისის ფილარმონიაში შემდგარი ეს კონცერტიც, ჯერ კიდევ იურიდიულად გაუფორმებელი, “ისტერნ პრომოუშენის” მონდომებისა და მუშაობის შედეგი იყო. რეი ჩარლზის თბილისში ჩამოსვლა, გადაჭარბების გარეშე, ნამდვილი მოვლენა იყო. მიხეილ გიორგაძემ მასთან პირველი შეხვედრა ასე გაიხსენა:

[მიხეილ გიორგაძის ხმა] “ხელის ჩამორთმევა არ დამავიწყდება არასდროს. რაღაცნაირად გართმევს ხელს, თითქოს უნდა, შენი ხელის ყველა დეტალი შეისწავლოს და ხელის ჩამორთმევით წარმოიდგინოს, როგორი ხარ.”

რეი ჩარლზის კონცერტს, როგორც უკვე ვთქვით, მასეო პარკერის ჩამოყვანა მოჰყვა. შემდეგ იყო “მანჰეტენ ტრანსფერის” გრანდიოზული კონცერტი, უფრო მოგვიანებით - ჯეიმს ბრაუნის კონცერტი,”ბონი ემი” თბილისში, ბრაზილიელი მუსიკოსების საახალწო შოუები და კიდევ 2000 და 2001 წლებში ჩატარებული “ჯეოსელის” ჯაზ-ფესტივალები, ჯო ზავინულის, ბილ ევანსისა და სხვა ვარსკვლავების გამოსვლები.

ყველაფერ ამას წელს, 2-5 ივლისს, თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი დაემატება. ამ ღონისძიებისთვის ისეთი მუსიკოსების ჩამოყვანა იგეგმება, როგორებიც არიან: ნიუ-იორკის ბიგ-ბენდის ხელმძღვანელი ბობ მინცერი (ეს უკანასკნელი თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად დაუკრავს), ერთ-ერთი საუკეთესო საქსაფონისტი პი ვი ელისი, ლონდონის შარშანდელი ჯაზ-ფესტივალის აღმოჩენა - დენის როლინსი და სხვები. “ისტერნ პრომოუშენის” სამომავლო გეგმები ამით, რა თქმა უნდა, არ ამოიწურება.

[მიხეილ გიორგაძის ხმა] “ უბრალოდ, მეშინია ამის თქმა, იმიტომ რომ ტყუილი არ გამოგვივიდეს. ჩამოგვყავს ალ ჯარო. სასპონსორო წინადადებები უკვე დარიგებული გვაქვს და ველოდებით პასუხს. თუ სასპონსორო თანხები მოგროვდება, მაშინ ბილეთებზე მეტ-ნაკლებად რეალური ფასები დაწესდება” - ამბობს მიხეილ გიორგაძე.

აქვე შევნიშნავ, რომ ალ ჯაროს ჩამოყვანაც ზაფხულისთვის არის დაგეგმილი. სხვათა შორის, არც მაიკლ ფრენსის ჩამოყვანაზე თქმულა საბოლოო უარი.

საქართველოში არსებული რთული მდგომარეობის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოში სახელგანთქმულმა მუსიკოსებმა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის არსებობის შესახებაც კი არაფერი იციან და კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავების ჩამოყვანა ძალიან ძვირი ჯდება და ქართული პრომოუშენ კომპანიის ბიზნესი, მთელი რიგი მიზეზების გამო, მომგებიანი ჯერ არაა, “ისტერნ პრომოუშენის” წარმომადგენლები 1989 წელს ჩაფიქრებულ საქმეს ძველებურად მონდომებით ეკიდებიან. “დაგროვილი ვალების გასტუმრება შარშან დავასრულეთო” - მითხრა მიხეილ გიორგაძემ და დასძინა: "მთავარი მაინც ის არის, რომ ჩვენ გვაღიარეს, ჩვენ გვიცნობენ და ჩვენთან საქმიან ურთიერთობას არ გაურბიანო”.

[მიხეილ გიორგაძის ხმა] “გარდა ამისა, არსებობს პრომოუშენ კომპანიების მსოფლიო კატალოგი, რომელიც წარმოადგენს სამაგიდო წიგნს ნებისმიერი აგენტისა და მენეჯერისთვის, დიდი იქნება ის თუ პატარა. ამ კატალოგში შეტანილია მხოლოდ ის კომპანიები, რომლებმაც უკვე დაიმკვიდრეს ადგილი ამ ბიზნესში, რომლებსაც ენდობიან. ჩვენი კომპანია ამ კატალოგში შარშანწინ შეიტანეს.”

ცნობისათვის: “ისტერნ პრომოუშენის” გარდა, ყოფილი საბჭოთა სივრციდან ამ კატალოგში შეტანილია 2 რუსეთში მოქმედი, 2 უკრაინული და 2 თუ 3 ბალტიისპირა ქვეყნებში მოქმედი კომპანია.

ეკა წამალაშვილი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.
XS
SM
MD
LG