Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თათარსტანის სტატუსი კონსტიტუციაში ცვლილებასთან დაკავშირებით


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა თათარსტანის სახელმწიფო საბჭომ გასულ კვირაში პირველი წაკითხვით დაუჭირა მხარი რესპუბლიკის კონსტიტუციის ცვლილებებს.

მაგრამ კრიტიკოსები თვლიან, რომ ახალი ვერსია , რომელიც თათარსტანს, როგორც რუსეთის ფედერაციის სუბიექტს მოიხსენიებს, კიდევ უფრო ამცირებს თავისუფლებებს, რომლებიც რესპუბლიკამ 1990-იან წლებში მოიპოვა.

მინტიმერ შაიმიევმა, თათარსტანის პრეზიდენტმა 1991 წლიდან, უთხრა დეპუტატებს, რომ მისი რესპუბლიკა კვლავაც იქნება, მისი ტერმინოლოგიით, "სუვერენული სახელმწიფო". მას დარჩა კონტროლი საკუთარ ბუნებრივ რესურსებზე;. თათრულ ენას ექნება რუსულთან თანაბარი სტატუსი. გარდა ამისა, ძალაში დარჩება პრინციპი, რომ ცნება "თათარსტანის მოქალაქეობა" იარსებებს რუსეთის მოქალაქეობასთან ერთად.

შაიმიევმა თქვა, რომ ცვლილებები 1992 წლის კონსტიტუციაში დრომ მოიტანა. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციასთან ძალაუფლების განაწილების 1994 წლის ხელშეკრულება რჩება მთავარ დოკუმენტად, რომლის თანახმად, თათარსტანს ფედერაციაში განსაკუთრებული სტატუსი აქვს. მას ეძლევა მეტი უფლება, ვიდრე ფედერაციის რომელიმე სხვა სუბიექტს, რაც ხაზს უსვამს რესპუბლიკის მნიშვნელობას - მას აქვთ ნავთობის, გაზისა და ნახშირის საბადოები; მის ტერიტორიაზე გადის ნავთობისა და გაზის მილსადენები.

თათარსტანი რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცა მე-16-ე საუკუნეში, მეფე ივან მრისხანის მიერ ყაზანის
აღების შემდეგ. დღეს რესპუბლიკის 3,8 მილიონი მოსახლეობის თითქმის ნახევარი სუნიტი მუსლიმანები არიან. თათრები რუსეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობაა. ბევრი მათგანი თათარსტანის გარეთ ცხოვრობს.

მე-20 საუკუნეში თათრებმა რამდენჯერმე სცადეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, 1917 წლის ბოლშევიკურ რევოლუციამდეც. ბოლო დროის მცდელობა კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაკეთდა. გადამწყვეტი მომენტი დადგა, როცა რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა, აშკარად მისი მეტოქის საბჭოთა ლიდერის მიხაილ გორბაჩოვის შესუსტების მიზნით, წამოაყენა ლოზუნგი, რომ რუსეთის ავტონომიურ რესპუბლიკებს "იმდენი ავტონომიის აღება შეუძლიათ, რამდენსაც ზიდავენ."

თათარსტანმა ელცინი სიტყვაზე დაიჭირა და თავი საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა, და ამგვარად, თავი თვით რუსეთსა და სხვა რესპუბლიკებს გაუტოლა. კრემლი თითქმის უკვე მზად იყო მიეღო ყაზანის მოთხოვნა, მაგრამ საქმეში 1991 წლის პუტჩი ჩაერია. საბჭოთა კავშირის დღეები დათვლილი იყო. როცა მოკავშირე რესპუბლიკები ერთი მეორის მიყოლებით ჩამოშორდნენ იმპერიას, თათარმა ნაციონალისტმა პოლიტიკოსებმაც მოითხოვეს დამოუკიდებლობა და მოსკოვთან ურთიერთობები დაიძაბა.

მაგრამ რესპუბლიკაში 1992 წლის მარტში ჩატარებული რეფერენდუმის შეკითხვა საკმაოდ ზომიერად ჟღერდა: თანახმა ხართ თუ არა, რომ თათარსტანი იყოს სუვერენული სახელმწიფო და საერთაშორისო კანონის სუბიექტი, რომელიც რუსეთთან და სხვა რესპუბლიკებთან და სახელმწიფოებთან თანასწორობის ხელშეკრულებათა საფუძველზე იურთიერთებს. უმრავლესობამ დადებითად უპასუხა.

შაიმიევმა მაშინ განაცხადა, რომ თათარსტანს რუსეთისგან გამოყოფა კი არ სურს, არამედ მოსკოვთან ორმხრივი ხელშეკრულების დადება უნდა. ორი წლის შემდეგ, 1994 წლის თებერვალში რუსეთსა და თათარსტანს შორის დაიდო "ხელისუფლების განაწილებისა და ძალაუფლების ურთიერთდელეგირების" ხელშეკრულება. მის მიხედვით 15 სფეროში კონტროლი ჰქონდა თათარსტანს, 17-ს აკონტროლებდა რუსეთი, 22 ერთობლივ გამგებლობაში იყო. საგარეო, თავდაცვის და საფინანსო პოლიტიკა მოსკოვის პასუხისმგებლობაში დარჩა. მაგრამ თათარსტანმა მიიღო სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების დამყარების უფლება, თუ ეს რუსეთის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგებოდა. რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა, აგრეთვე, მინერალური და სხვა რესურსები, რომლებიც ფედერალურ საკუთრებაში არ შედიოდა.

ამგვარად, თათარსტანის ავტონომიის ხარისხი რუსეთის ნებისმიერი სხვა ავტონმიური რესპუბლიკის ავტონომიის ხარისხს აღემატებოდა.

1994 წლის ხელშეკრულების ეშმაკურად ფორმულირებულმა ტექსტმა ზომიერებიც და ნაციონალისტებიც დააკმაყოფილა. მაგრამ ის ორაზროვნებას შეიცავს. მაგალითად, ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ თათარსტანი რუსეთის ფედერაციაში შედის რუსეთისა და თათარსტანის კონსტიტუციებისა და თვით ამ ხელშეკრულების საფუძველზე. მაგრამ რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თათარსტანი სუვერენული სახელმწიფოა.
გასულ კვირაში შეტანილი ცვლილებები ამ ორაზრონებას გამორიცხავს. მაგალითად, პირველ მუხლში ახლა ვკითხულობთ, რომ თათარსტანი, არის რუსეთის ფედერაციის სრული სუბიექტი".

ლონდონელი ექსპერტის ჯეიმს ჰიუზის თქმით, ეს შეესაბამება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მცდელობებს, ქვეყანა ცეტრალური კონტროლის ქვეშ მოაქციოს. თუმცა ექსპერტი ფიქრობს, რომ პუტინის რიტორიკა მის უფრო შემრიგებლურ პრაქტიკას არ შეესაბამება და რომ სინამდვილეში ძალაუფლების განაწილებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა.

დამირ ისხაკოვი ყაზანის ისტორიის ინსიტიუტიდან თვლის, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანია.
[ისხაკოვის ხმა]"პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და შეიცვალა თათარსტანის პოზიციაც რუსეთის ფედერაციაში. ამიტომ თათარსტანს მოუხდა ახალი კონსტიტუციის შექმნა. მართალია, მას ახალ ვერსიას უწოდებენ, ის, ფაქტობრივად, ახალი კონსტიტუციაა".
ისხაკოვი ამბობს, რომ 1990-იან წლებში მოპოვებულ უფლებათაგან ბევრმა ეროზია განიცადა, ვინაიდან თათარსტანის საგადასახადო სისტემა ფედერალურ საგადასახადო სისტემაში აღმოჩნდა ინტეგრირებული. უწინ რესპუბლიკა გადასახადების 70 პროცენტს თავისთვის იტოვებდა და 30-ს ცენტრს უგზავნიდა, ახლა კი პირიქით.
ისხაკოვს მიაჩნია, რომ გადასახადების მექანიზმის შეცვლამ ნამდვილი ადგილი მიუჩინა თათარსტანს. ძველი კონსტიტუციით ის სრული კი არა, ნახევარი სახელმწიფო იყო. ახლა კი გადაიქცა ჭეშმარიტ ავტონომიურ რესპუბლიკადო, ამბობს ის.

თათარსტანის ეროვნულმა მოძრაობამ, რომელიც არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს, წამოიწყო კაპანია ლოზუნგით: "ხელები შორს ჩვენი კონსტიტუციისგან." მოძრაობა ირწმუნება, რომ ახალი კონსტიტუცია აუქმებს 1992 წლის რეფერენდუმის შედეგებს.
XS
SM
MD
LG