Accessibility links

რატომ გვეზარება თევზაობა?


“კავკასიური ცარცის წრის” სახე საქართველოში ისევ აქტუალური ხდება.

ხალხი ისევ არჩევანზე ფიქრობს და ყოვლისმცოდნე მსაჯულების გადაწყვეტილებას ელოდება. ისევ გააქტიურდნენ სოციოლოგიური ჯგუფები, ისევ მოეწყო გამოკითხვა: ვიღაცას ამერიკელების იმედი აქვს, ვიღაც ისევ რუსეთს და რუსულ გაზს მისტირის, გამოკითხულთა ერთ დიდ ჯგუფს უჭირს არჩევანის გაკეთება... ცხადია, კულტურულ ცხოვრებაში დამთხვევები ხშირად ხდება: ამ დღეებში რობერტ სტურუას “კავკასიური ცარცის წრის” აღდგენა რუსთაველის თეატრში მხოლოდ და მხოლოდ დაემთხვა ჩვენს ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას და რამაზ ჩხიკვაძის დაბრუნება სცენაზე, რა თქმა უნდა, არ უკავშირდება ამერიკელთა სამხედრო ოპერაციას პანკისის ხეობაში. მაგრამ თეატრი ხომ “გარდერობიდან იწყება”, უფრო სწორად – პირდაპირ ქუჩიდან... თეატრს ცხოვრებისგან აღარავინ მიჯნავს და პუბლიკა ისევ სპექტაკლის თანამონაწილედ მოიაზრება.

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მომხდარი გადატრიალებით შთაგონებულმა პუბლიკამ კი არ დაინანა 20 ლარი “კავკასიური ცარცის წრის” ხელახლა სანახავად. ასეთ აჟიოტაჟს, წარმოდგენის დასრულების შემდეგ კი ასეთ ოვაციებს, შესაძლოა, თვით რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციაც არ მოელოდა. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში მომხდარმა ამბებმა, იმის პერსპექტივამ, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება მართლაც ეშველოს, თბილისის საზოგადოებას დღესასწაულზე – ამ შემთხვევაში, თეატრალურ დღესასწაულზე – დასწრების სურვილი გაუღვიძა. ერთმა შუახნის ქალბატონმა, რომელმაც რადიო “თავისუფლებას” განუცხადა, რომ ათი წელია, რაც უმუშევარია, წარმოდგენის დასრულების შემდეგ გვითხრა: “ბილეთზე ფული არ დამენანა. მინდოდა გამეხსენებინა ის დრო, როცა ქართული კულტურა საბჭოთა კავშირში ყველაზე ძლიერი იყო და როცა რუსები შურით უყურებდნენ სტურუას ამ სპექტაკლსო”.

რუსები დღესაც შურით გვიცქერენ; თანაც, “კლასიკური შურით,” იმ გრძნობით, რომელიც “ანტინომიურია”: ერთდროულად მოიცავს სიყვარულსა და სიძულვილს, აღფრთოვანებასა და ზიზღს. “კლასიკური შურის” ნიშნები რუსეთის მედიაში განსაკუთრებით ამ დღეებში წარმოჩნდა. რუსი ჟურნალისტები, ერთი მხრივ, ქართული კულტურის კატასტროფულ მდგომარეობაზე საუბრობდნენ, ტელეკომპანია “რენ-ტივის” ერთ-ერთ გადაცემაში კი ქართულ საზოგადოებას “დაავადებული” უწოდეს, თანაც, მიიწვიეს ფსიქოლოგი, რომელმაც განმარტა: “საბჭოთა ეპოქაში ყველაზე მდიდარი და ყველაზე განვითარებული ქვეყანა დღეს კულტურულ-ეკონომიკურ კოლაფსს განიცდისო”... ეს, ერთი მხრივ. მეორე მხრივ კი, მოსკოველები ვერაფრით მალავენ თანამედროვე ქართული კულტურით აღფრთოვანებას.

სამშაბათს მოსკოვიდან ჩამოვიდა ოთარ მეღვინეთუხუცესი, ამჯერად ახალი რუსული პრემიით, “კუმირით” ხელში. მოსკოვის საქმიანი წრეების მიერ დაწესებული თეატრალური პრემია, რომელიც მეღვინეთუხუცესს გადასცეს, ძალზე საინტერესო, მრავალმნიშვნელოვან სახელს ატარებს: “შორეული ახლობელი”. აი, კიდევ ერთი ანტინომი: “შორეული ხდები, მაგრამ მე მინდა, რომ ისევ ახლობელი იყო”.

რუსეთი თავის უკანასკნელ დასაყრდენს ყოფილი საბჭოთა კულტურის ქართველ წარმომადგენლებში რომ ხედავს – ამას უკვე ყველა კარგად გრძნობს, მაგრამ ბოლო დროს არც ახალგაზრდა ქართველი მხატვრების მიმართ რჩება გულგრილი. ამ დღეებში რუსულ ინტერნეტგვერდებზე გამოქვეყნდა შვეიცარიულ გაზეთ “le temps”-ის სტატიის რუსული თარგმანი. სტატიის სახელწოდებაა “საქართველოში ცივი ომის სურნელი იგრძნობა”. წერილის ავტორი ლორან ნიკოლეტი ამტკიცებს, რომ: “თბილისის ინტელიგენცია პანკისის ხეობაში ამერიკელი მედესანტეების შეჭრის აპოკალიფსურ სურათებს ხატავს. თუმცა გულის სიღრმეში ქართველები ყველაფრისგან დაიღალნენ. მსოფლიო ჩემპიონები სადღეგრძელოების წარმოთქმაში, ბოლო დროს ასეთ სადღეგრძელოს სვამენ: “დაე, აღარ იყოს პოლიტიკა ჩვენი საუბრის მთავარი თემა”... “მათ გაუმარჯოთ!” – ასე ამთავრებს სტატიას შვეიცარიელი ჟურნალისტი.

თუმცა, ნიკოლეტის სტატიაში თბილისის ინტელიგენცია მხოლოდ და მხოლოდ “სადღეგრძელოების ჩემპიონებად” არ მოიაზრება. შვეიცარიული გაზეთი გვიამბობს ქართველი მხატვარ-კონცეპტუალისტის, კოტე ჯინჭარაძის, აქციაზე, სახელწოდებით “დუმილი თანხმობის ნიშანია”. მხატვარი ქერელის ბაგირით ცდილობს, გააერთიანოს წყლისა და მიწის სამყარო და იძლევა სიტყვას, რომ არასდროს დაიჭერს თევზს ანკესით. იგი მიკროფონს უშვებს მტკვარში და მოთმინებით ელის თევზების პასუხს. მხატვარ-კონცეპტუალისტს სურს გაგვახსენოს, რომ დიალოგი ყოველთვის შესაძლებელია. თუმცა, შვეიცარიელი ჟურნალისტი ამ აქციას სხვაგვარად ხსნის. იგი ამტკიცებს, რომ ჯინჭარაძის აქცია კარგად ასახავს საქართველოში მიმდინარე დიპლომატიურ ომს, “ყრუ-მუნჯთა დიალოგს პანკისის ხეობასთან დაკავშირებით”.

სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. კოტე ჯინჭარაძე, მართალია, მხატვარი-კონცეპტუალისტია, მაგრამ სწორედ მხატვარია და არა პოლიტიკოსი ან პუბლიცისტი. იგი კარგა ხანია, დაინტერესდა “წყლის თემით”. შარშან თბილისში მან კიდევ ერთი გამოფენა-აქცია მოაწყო. იქ ზღვა, წყალი, თევზი იქცა მხატვრულ სახედ, რომელსაც მაყურებელი, შეიძლება ითქვას, “დავიწყებულ სივრცეში” უნდა შეეყვანა – იქ, სადაც არ არის საზღვრები, სადაც არ არის “ჩემი” და “თქვენი” და რომელიც ერთია ყველასთვის. აქციის დასრულების შემდეგ კოტე ჯინჭარაძემ გვითხრა [კოტე ჯინჭარაძის ხმა]: “ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიღაცას ვეკამათოთ, ზღვა კი არის მეზობელი, რომელსაც ვერ შეეკამათები... იქიდან პასუხი არ იქნება”.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქცია, რომელსაც გამოეხმაურა შვეიცარიული გაზეთი, არ არის “აღმზრდელობითი ხასიათის” და არ უკავშირდება პანკისის ამბებს. კონცეპტუალისტები სოციალისტური რეალიზმის მეთოდებით არ მუშაობენ, მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ პუბლიკის “ახალ” თუ “ზერეალურ” სივრცეში მიპატიჟებაა. სხვა საქმეა, რომ კონკრეტული ასოციაციები თავად პუბლიკას უჩნდება ხოლმე, იმისდა მიხედვით, თუ თავად რა აწუხებს. როგორც კოტე ჯინჭარაძე აღნიშნავს [კოტე ჯინჭარაძის ხმა]: “ყოველ პროექტში ვცდილობ, რომ ორი მხარე იყოს: ერთი - ტექსტუალური და მეორე - ვიზუალური მხარე, რომელიც კონტექსტში იქნება... დინამიკური, მონტაჟური, მაყურებლისთვის მისაღები, რადგან მაყურებელი ცდილობს, რომ აბსტრაქტულიდან კონკრეტული “მომენტები” გამოიტანოს, სიუჟეტი აინტერესებთ, განვითარება აინტერესებთ, ამიტომ ყოველი პროექტი ცალკეულ ისტორიას ეხება”.

ქართული კულტურის ვიწრო სივრციდან გამოყვანის სურვილი კი ამ კვირაში კულტურის ჩინოვნიკებსაც გაუჩნდათ. ოთხშაბათს, მთავრობის სხდომაზე, კულტურის მინისტრმა სესილი გოგიბერიძემ განაცხადა, რომ საქართველოში შეიქმნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამეცნიერო-მეთოდოლოგიური საბჭო, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმები უნდა შეიმუშაოს. მინისტრმა აღნიშნა, რომ საბჭოში ავტორიტეტიან სპეციალისტებს მოიწვევენ. [სესილი გოგიბერიძის ხმა]: “ვფიქრობ, ეს ის შემადგენლობაა და ის გუნდია, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გამოუცხადებს ნდობას და ნებისმიერ საკითხზე, რომელიც არის კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული და იწვევს ვნებათაღელვას საზოგადოებაში, საბჭო შეძლებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი ქვეყნისათვის და რომელიც, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას შეუწყობს ხელს”.

ასე რომ, უახლოეს ხანში, შესაძლოა, არა მარტო თანამედროვე ქართულ ხელოვნებას, არამედ კულტურულ მემკვიდრეობასაც ეშველოს. შესაძლოა, ბოლო მოეღოს ნგრევას ძველ თბილისში, ბოლო მოეღოს უკანონო მშენებლობებს. და, რაც მთავარია, შესაძლოა, კულტურას ჩამოშორდნენ რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც აქტიურად ეწინააღმდეგებიან უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ეროვნული კულტურის გადარჩენის პროცესებში. დასავლური ფასეულობების მიმართ მათი ნეგატიური დამოკიდებულება საზოგადოებას ეჭვს უჩენს, რომ ისინი რუსეთიდან იმართებიან. მაგრამ თავად საზოგადოებაც ხომ ჭრელია. საქართველოში ეწყობა სოციოლოგიური გამოკითხვები, რომელიც გვიჩვენებს: უამრავ ადამიანს ისევ რუსეთის იმედი აქვს, უამრავი ადამიანი იმეორებს: “რად მინდა ამერიკელი ჯარისკაცი, თუ გაზი და სინათლე არ მექნა”, უამრავი ადამიანი ნოსტალგიით იხსენებს ქართულ საბჭოთა კულტურას და ძალიან ეზარება თევზაობა.
XS
SM
MD
LG