Accessibility links

შეიქმნება თუ არა საქართველოში ანტიამერიკული განწყობილება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოში, ტრადიციულად, ამერიკა და ამერიკელები უყვართ. თუმცა ახლა, როცა აშშ ისე დაუახლოვდა საქართველოს, როგორც აქამდე არასდროს, არსებობს იმის შესაძლებლობა,

რომ ყველაფერი ამერიკულით გულუბრყვილო აღფრთოვანება ანტიამერიკულმა განწყობილებამ შეცვალოს. მით უფრო, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, საჭირო ტექნოლოგიების სწავლება ნამდვილად არ სჭირდება. შეიქმნება თუ არა საქართველოში ანტიამერიკული განწყობილება?

ალბათ, რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა ქართველი სოციალისტების ლიდერის ვახტანგ რჩეულიშვილის მაგალითი რომ გაიმეოროს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყოს აშშ-თან მჭიდრო ურთიერთობების მხარდასაჭერად, ამ ინიციატივის მომხრეთა ოდენობა რუსეთთან ასეთივე თანამშრომლობის მომხრეთა რაოდენობაზე სოლიდური იქნება. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც საქართველო-ამერიკის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავიდა, ქართველ პოლიტიკოსთა მხრიდან მხოლოდ ოპტიმისტური განცხადებები ისმის ამ თანამშრომლობის შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

თუმცა, მეორე მხრივ, როგორც ირკვევა, საზოგადოების ერთი, მართალია, მცირე ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი ამერიკა-საქართველოს დაახლოების პერსპექტივებისადმი. 11-17 მარტის გაზეთი "ახალი ვერსია" აქვეყნებს სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევის სააგენტო "ნეა ინტერმედიას" გამოკითხვის შედეგებს. 500 ინტერვიუერს ერთი კითხვით მიმართეს - "რა შედეგს მოუტანს საქართველოს ამერიკასთან დაახლოება?"
გამოკითხულთა 17,3 პროცენტი დადებითად აფასებს ამერიკასთან აქტიურ თანამშრომლობას; 13, 6 პროცენტი არ უარყოფს ამ ურთიერთობის მნიშვნელობას, მაგრამ გადამწყვეტად არ მიიჩნევს; რესპოდენტთა 9,5 პროცენტის აზრით, ეს ხელს შეუწყობს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას;5,8, პირიქით - მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება. ასევე უარყოფითად აფასებს ამგვარ თანამშრომლობას გამოკითხულთა 2 პროცენტი. ისინი თავიანთ მოსაზრებას იმით ხსნიან, რომ საქართველოში ამორალურობა მისაღები ფაქტი გახდება. გამოკითხულთა უმრავლესობისთვის კი - ასეთი 27 პროცენტია - გაურკვეველია, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ერთი ქვეყნის ჩარევამ მეორე ქვეყნის საშინაო საქმეებში. შეგახსენებთ, ეს გახლდათ სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევის სააგენტო "ნეა ინტერმედიას"მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელსაც 11-17 მარტის გაზეთი "ახალი ვერსია" აქვეყნებს.

საქართველო -ამერიკის ბოლოდროინდელ ურთიერთობას თუ გავიხსენებთ, შეიძლება ითქვას, რომ ორი ქვეყნის ხელისუფლებას შორის უღრუბლო დამოკიდებულებას პერიოდულად ხინჯს აყენებდა ქართულ საზოგადოებაში შექმნილი ანტიამერიკული განწყობილებები. ყველაზე "შთამბეჭდავი," ამ მხრივ, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდის აშშ-ში გატანის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი გახლდათ, რომელიც, საბოლოოდ, ამ ძვირადღირებული პროექტის ჩაშლით დასრულდა. შედარებით ლოკალური იყო რუსთაველის პროსპექტზე, შოთა რუსთაველის ძეგლის შორიახლოს, "მაკდონალდსის" მშენებლობასთან დაკავშირებული ისტორია. მუდმივი დაძაბულობის მატარებელია ამერიკული კომპანიის "ეი-ი-ეს"-ის ირგვლივ შემნილი ატმოსფერო, რაც ნამდვილად გადაიზრდება ანტიამერიკულ ისტერიაში, თუ ეს კომპანია საქართველოს დატოვებს.

რაც შეეხება ახალი ანტიამერიკული განწყობილების შექმნის შესაძლო საბაბს, ეს საბაბი პირველივე დღეს გაახმოვანა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, როცა ქართველ ერს ამერიკელთა საქართველოში შემოსვლის "ნამდვილი" მიზეზი აუწყა - ამერიკა საქართველოდან ერაყს დაბომბავსო. სხვათა შორის, ეს მოსაზრება საქართველოში დამაჯერებელი აღმოჩნდა. სულ უფრო მეტი ადამიანი საქართველოში შეშფოთებით ელის, როდის დაბომბავს ერაყი საქართველოს ამერიკასთან თანამშრომლობის გამო.
XS
SM
MD
LG