Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუდენტური მოძრაობის ახალი ტალღა


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 11 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა განცხადება გააკეთა სტუდენტური ფორუმის მოწვევის შესახებ.

ფორუმს, სავარაუდოდ, მარტის ბოლოს შეკრებენ. უნივერსიტეტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე კი, გარკვეულწილად, გაუგებარი დარჩა, რა უნდათ იმ სტუდენტებს, რომელთაც ფორუმის გამართვა სურთ.

ფორუმის საორგანიზაციო ჯგუფის სახელით, უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი სიგუა ლაპარაკობდა. მიუხედავად იმისა, რომ სიგუამ თითქმის ნახევარი საათი ილაპარაკა, ფორუმის მოწვევის მიზანი ვერ გამოიკვეთა [სიგუას ხმა]: “ჩვენ დავგეგმეთ უახლოეს მომავალში ჩავატაროთ სრულიად საქართველოს ახალგაზრდობის ფორუმი, სრულიად საქართველოს ახალგაზრდობის შეკრება სადმე დიდ დარბაზში, დიდ აუდიტორიაში, სადაც წარმოდგენილი იქნება სრულიად საქართველოს ახალგაზრდობა – არა მარტო ერთი ინსტიტუტი, ერთი უნივერსიტეტი, ან თუნდაც არა მარტო თბილისი, არამედ ბათუმის, ქუთაისის, გორის, ზუგდიდის, თელავის, გურჯაანის და ა.შ. ახალგაზრდობა. მოვიყვანოთ იქ თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენლები, თუნდაც ოპოზიციის წარმომადგენლები, თუ ჩვენ მათთვის რაიმე გვაქვს სათქმელი. სათქმელი კი უამრავია, უამრავი პრობლემა მართლა დაგროვდა. ეს პრობლემები ასე ცალ-ცალკე დგომით, ცალ-ცალკე პრეს-კონფერენციებისა და აქციების მოწყობით, ცალ-ცალკე აქტივობით ნამდვილად არ გადაიჭრება”.

შედარებით მოზრდილი მსმენელისათვის ტკივილამდე ნაცნობი ეს შემართება, ჩანს, არც ჩვენს ახალ თაობას ეუცხოება. კონსოლიდირება, დიალოგი, პრობლემათა დასახვა და გადაჭრა, ერთდროულად - ლოიალობა და პრეტენზიები ხელისუფლებისადმი, ახალგაზრდობის ძალა – არც ისე შორეული წარსულიდან გამოყოლილი კლიშეებია, რომელთა მიღმა რეალური შინაარსის ამოკითხვა ჭირს ხოლმე. გიორგი სიგუას მე დავუსვი კონკრეტული კითხვა: საიდან იშოვის ფულს, რომელიც “სრულიად საქართველოს ახალგაზრდობის” თბილისში ჩამოყვანას და ფორუმისთვის დარბაზის დაქირავებას დასჭირდება. აი, მისი პასუხი [სიგუას ხმა]: “თუ ჩვენ სერიოზულად დავგეგმავთ და მოვინდომებთ ამის გაკეთებას, არც იმ სპორტის სასახლის დირექცია და არც იმ ფილარმონიიის დირექცია არ გვეტყვის უარს თუნდაც ერთი დღით არენდაზე. უარს არ გვეტყვიან არც ის ორგანიზაციები, რომელთა ჩართვა ჩვენს მოსამზადებელ სამუშაოებში დაგვჭირდება; იმიტომ, რომ ჩაატარო ერთი დიდი შეკრება, რომელსაც, დამერწმუნეთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება საქვეყნო საქმისათვის – მე მგონი, არავის ექნება უფლება, უარი გვითხრას ამაზე”. [სტილი დაცულია[

ამას წინათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ რამდენიმე ფაკულტეტის სტუდენტთა შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომლის დროსაც სტუდენტებს უნდა ეპასუხათ, მიაჩნიათ თუ არა კონკრეტული ლექტორები კორუმპირებულებად, იღებენ თუ არა ქრთამსა და საჩუქრებს, რამდენად აიძულებენ სტუდენტებს თავიანთი წიგნების შეძენასა და კერძოდ მომზადებას, წერენ თუ არა ნიშნებს ჩაწყობა-ნაცნობობით, როგორ ფლობენ საგანს, რამდენად იცნობენ თანამედროვე ვითარებას მეცნიერებაში და უახლეს ლიტერატურას, აგვიანებენ თუ არა ლექციებზე და ა.შ. გამოკითხვის შედეგთა შეჯამების შემდეგ სტუდენტურ თვითმმართველობას ექნება ცხადად ჩამოყალიბებული სურვილები და პრეტენზიები ადმინისტრაციის მისამართით. თვითმმართველობა აქამდეც წამოჭრიდა პრობლემას, მისაწვდომი გამხდარიყო ინფორმაცია, მაგალითად, უნივერსიტეტის სპეცსახსრების ხარჯვის შესახებ. გიორგი სიგუას ჯერაც გაუფორმებელი ინიციატივა ამ კონტექსტში ერთგვარი მეხამრიდის ფუნქციას ასრულებს, რომლის ამოქმედებითაც სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ურთიერთობათა პრობლემები უნდა დაჩრდილოს თავად სტუდენტებს შორის წარმოქმნილმა პრობლემებმა. რამდენიმე თვის წინ სიგუამ თანამოაზრეებითურთ ამავე ფუნქციას კარგად გაართვა თავი.
XS
SM
MD
LG