Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტიკორუფციული საბჭოს ყველაზე აგრესიული პროექტი


საქართველოს ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი მირიან გოგიაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელ ექსპერტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის თანაშემწე აპირებს, გააცნოს მათ დასახულ ანტიკორუფციულ ღონისძიებათა კონკრეტული გეგმა და, პირველ ყოვლისა, აღმასრულებელ სტრუქტურათა ერთიანი რეორგანიზების ის პროექტი, რომელიც საქართველოში სახელმწიფო მართვის სისტემის რადიკალურ ცვლილებას ისახავს მიზნად. ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული პროექტი ანტიკორუფციული საბჭოს მიერ მომზადებული ყველაზე აგრესიული დოკუმენტი გახლავთ და მის განხორციელებას ნომეკლატურის მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა ელოდება.

ბიუროკრატიული აპარატის შენახვა საქართველოს მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწვება. ყველა ბოლოდროინდელი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სამინისტროთა უმრავლესობა, მათი რაოდენობა კი საქართველოში თვრამეტს აღწევს, დარგის განვითარების ნაცვლად, სახელმწიფო სახსრების მითვისებითა და სამეწარმეო სუბიექტებთან კორუფციული გარიგებებითაა დაკავებული. სახელმწიფო კანცელარიის ინფორმაციით, მხოლოდ 2000 წელს ქვეყანაში, ქრთამის სახით, 70 მილიონი ლარია გადახდილი, ხოლო კორუფციული გარიგებებისა და "შავი ბუღალტერიის" წყალობით, სახელმწიფოს ბოლო სამ წელიწადში 700 მილიონი ლარის საგადასახადო შემოსავლები დააკლდა.

ქვეყანაში არსებული "ოფიციალური რეკეტის" თანაფარდობის საილუსტრაციოდ, ძალიან საყურადღებო სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტმა 9 თებერვალს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე.
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "გამოკითხულ ბიზნესმენთა 38%-მა აღნიშნა, რომ, კორუფციული მიზნებით, მათ, ძირითადად, აკითხავენ საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლები, 21%-მა აღნიშნა რაიონული პოლიციის წარმომადგენლები, 8%-მა - კრიმინალები და ა.შ. სურათი ნათელია".

ნიშანდობლივია, რომ ამ გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს მაგიდაზე ედო საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს ექსპერტების მიერ მომზადებული პროექტი, რომელიც, სახელმწიფო მართვის სისტემის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას, მათ შორის, აღმასრულებელ სტრუქტურათა რეორგანიზაციას, სამინისტროებისა და სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობის შემცირებას, სახელმწიფო კონტროლის გამჭვირვალობასა და სამეწარმეო გარემოს ლიბერალიზებას ითვალისწინებს.

ანტიკორუფციონელთა რეკომენდაციის თანახმად, 2002 წლის 1 ივლისამდე უნდა მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი და, რეორგანიზაციის შედეგად, უნდა ჩამოყალიბდეს 10-12 სამინისტრო, ნაცვლად თვრამეტისა.

წინასწარი მონახაზით, აღმასრულებელ ვერტიკალში ჩამოყალიბდება სამი - ძალოვანი სტრუქტურების, სოციალური და ეკონომიკური ბლოკი, რომელშიც გაერთიანდებიან დღევანდელ სამინისტროებსა და დამოუკიდებელ სახელმწიფო დეპარტამენტებში თავმოყრილი სტრუქტურული ერთეულები. უფრო კონკრეტულად კი, ერთ სამინისტროდ გაერთიანების პერსპექტივა ელოდება ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების, განსაკუთრებულ საქმეთა და ლტოლვილთა განსახლების, ეკონომიკისა და სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროებს. აღმასრულებელი ხელისუფლების ახალ მოდელში გათვალისწინებულია შეიქმნას გამოძიების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც შესაბამის ფუნქციებს შსს-დან, უშიშროებიდან და პროკურატურიდან შეითვისებს.

გარდა ამისა, დარგების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, პარალელურად დაიწყება არანაკლებ მტკივნეული პროცესი - სახელმწიფო მოხელეთა შემცირება, სულ ცოტა, ერთი მეოთხედით. ხოლო იმისთვის, რომ სახელმწიფო მოხელეთა სტატუსი ამაღლდეს, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ საჯარო სამსახურში მინიმალური ხელფასის განაკვეთი ოფიციალურად დაფიქსირებულ საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდეს.

ცხადია, ამ ცვლილებებს წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი პროგრამა და მოსალოდნელი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ეფექტების დეტალური გაანგარიშება, რაც საქართველოს ხელისუფლების და, პირადად, პრეზიდენტის ამოცანაა. ასევე, პრეზიდენტმა უნდა შეძლოს ზეგავლენის მოხდენა იმ მინისტრებზეც, რომლებიც, ყბადაღებული სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეეცდებიან, ხელი შეუშალონ ამ ჩანაფიქრის განხორციელებას. მით უფრო, რომ პროექტისადმი კრიტიკული დამოკიდებულება უკვე შეიმჩნევა ზოგიერთი უწყების ხელმძღვანელის - მათ შორის, საგადასახადო შემოსავლების მინისტრის - შეფასებებში.
[ლევან ძნელაძის ხმა] "მე ვფიქრობ, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაზე უფრო ფრთხილად და ყველაზე უფრო მტკივნეულად რეორგანიზაციის თემა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში აღიქმება. მე ვფიქრობ, რომ აქ სათუთი მოპყრობა ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს ის სამსახურია, რომელიც უზრუნველყოფს გადასახადების მობილიზებას."

აღმასრულებელი სტრუქტურების სისტემური რეფორმა და კორუფციის ხელშემწყობი გარემოს აღმოფხვრა, ფრთხილი დამოკიდებულების გარდა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესაბამის დახმარებასაც საჭიროებს, რადგან საქმე ეხება ანტიკორუფციული საბჭოს მიერ მომზადებულ ყველაზე აგრესიულ პროექტს, რომელმაც არა უბრალოდ უწყებების, არამედ მასში დასაქმებული უამრავი ადამიანის ბედი უნდა განსაზღვროს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG