Accessibility links

logo-print

როგორ სრულდება მიმდინარე წლის ბიუჯეტი


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახაზინო სამსახურში გამართული ყოველკვირეული ბრიფინგებით ცდილობს, საზოგადოებასა და მთავრობის მეთაურებს აჩვენოს, რომ სამინისტრო აქტიურად მუშაობს და ბიუჯეტს ასრულებს კიდეც.

ბიუჯეტი თითქოს, მართლაც, სრულდება, მას თვის ბოლოს მხოლოდ 2-4 პროცენტი აკლდება ხოლმე, მაგრამ რა გეგმისა და რა კანონზომიერების მიხედვით ხდება აკრეფილი თანხების ხარჯვა, არავინ უწყის. ერთი ასეთი შეუსაბამობა 11 მარტს ხაზინაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოჩნდა.

თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას, მიუხედავად „თბილგაზის“ დაპირებისა, ჯერ კიდევ არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. მართალია, გაზაფხულის სითბო უბრალო მოქალაქეებს სიცივით გაყინვისაგან იცავს, მაგრამ ეს სულაც არაა გამოსავალი სათბობ-ენერგეტიკის სფეროში შექმნილი კრიზისიდან. ამ თემასთან ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტითაა დაკავშირებული. 2002 წლის ბიუჯეტის კანონში ხომ ენერგეტიკის სფეროს 13 მილიონი ლარით სუბსიდირებაა დაგეგმილი. თბილისისათვის ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზად კი ფინანსთა სამინისტროს მიერ გაზის განმანაწილებელი კომპანია „თბილგაზისთვის“ დაგვიანებული სუბსიდირება დასახელდა.

11 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსმა დავით რამიშვილმა განაცხადა, რომ ბიუჯეტში ენერგეტიკისათვის გათვალისწინებული 13 მილიონიდან 10 მილიონი ლარი უკვე დახარჯულია. როგორც ჩანს, მთავრობა დარჩენილი 3 მილიონის ისევ „თბილგაზის“ სუბსიდირებისათვის დახარჯვას ერიდება, რადგან წლის ბოლომდე ენერგეტიკის სფერო არაერთხელ მოითხოვს ფინანსურ დახმარებას. მითუმეტეს, 3 მილიონი ლარი თბილისის გაზმომარაგების ერთი თვის დასაფინანსებლადაც არაა საკმარისი. დავით რამიშვილის განცხადებით:

[დავით რამიშვილის ხმა] „ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება, რომ „თბილგაზს“ თანხები კიდევ მიეცეს ცენტრალური ბიუჯეტიდან, ჩემთვის ჯერჯერობით არ არის ცნობილი. შესაბამისად, არანაირი ნორმატიული დოკუმენტი ამაზე არ არსებობს. როგორც გადაწყდება, ისე იქნება, შესაბამისად, ქმედებაც. ძირითადი თანხა წავიდა თბილგაზზე; ზამთარში იხარჯება, ძირითადად, ეს თანხა. ჩვენ იმაზე მეტს ვერ მივცემთ, რაც არის ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული.“

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტში სუბსიდირების მოცულობა გარკვევითაა აღნიშნული, მას თან არ ახლავს ხარჯვის პერიოდის ამსახველი გრაფიკი. ამიტომაა, რომ სუბსიდირების გაწევა სტიქიურად ხდებოდა და დარჩენილი 10 თვის მანძილზე ენერგეტიკა სარეზერვო თანხების გარეშე რჩება.

ბიუჯეტი რომ დაუგეგმავია, ამაზე ხაზინის მიერ გავრცელებული პრესრელიზიც მეტყველებს. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ამსახველ ცხრილში მარტის თვის საპროგნოზო მაჩვენებლის გრაფა ცარიელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ გეგმა ჯერაც არაა განსაზღვრული.

რამიშვილის თქმით, ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების გეგმა მზადაა და უახლოეს დღეებში, ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრთა ხელმოწერის შემდეგ, შევა ძალაში. როგორც ჩანს, 8 იანვრისა და თებერვლის საბიუჯეტო პრიორიტეტები ცალ-ცალკე განისაზღვრებოდა, რამაც განაპირობა ამ თვეების ბიუჯეტის შესრულების მაღალი მაჩვენებელი და სახსრების არაპროპორციული ხარჯვაც.

როგორც შემოსავლების, ასევე გასავალი ნაწილის დაუგეგმავი განკარგვა, ეკონომიკის ექსპერტთა აზრით, წლის ბოლოსთვის საბიუჯეტო კრიზისს კვლავ გამოიწვევს. პოლიტიკური დივიდენდებისათვის დარაზმულ მინისტრებს კი ამის გაგონებაც არ სურთ და ჯიუტად ამტკიცებენ, რომ ბიუჯეტი სრულდება.

მთავარი საფინანსო კანონის დაგეგმვასთნ ერთად, გადაუჭრელ პრობლემად რჩება აჭარის საკითხი. ბათუმიდან ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ადგილზე დატოვების პრაქტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ბიუჯეტს კვლავ მხოლოდ ქაღალდზე შესრულება ელის. ბათუმსა და თბილისს შორის ამ საკითხზე დაწყებულ კონსულტაციებს ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია. აჭარა ხაზინის ფილიალის გახსნას მოითხოვს, ხოლო თბილისში ანგარიშსწორების აღდგენის პირობას აყენებენ. დავით რამიშვილმა ჩემთან საუბარში განაცხადა, რომ აჭარაში ხაზინის ფილიალის გახსნისთვის მზად არის, თუ ბათუმიდან გადარიცხვები აღდგება.

ამ მოუწესრიგებელი საქმიანობის ლამაზად შეფუთვა კი მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებს თვალს არ ჭრის და სწორედ ამიტომაც იყო, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველოს რეიტინგი ფინანსური დახმარების გაგრძელებისთვის არადამაკმაყოფილებლად გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG