Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აფასებენ რუსეთის ექსპერტები და პოლიტიკოსები აშშ-ის გააქტიურებას საქართველოში.


გიორგი კაკაკბაძე, თბილისი როგორ აფასებენ რუსეთის ექსპერტები და პოლიტიკოსები აშშ-ის გააქტიურებას საქართველოში.

ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გამოითქვა წინა კვირის რუსეთის პრესაში.

გაზეთ “ტრიბუნას” 6 მარტის ნომერში ფონდ “პოლიტიკის” პრეზიდენტი ვიაჩესლავ ნიკონოვი ამბობს, რომ თუ ამერიკელები ტერორისტებისაგან პანკისის ხეობის გაწმენდაში დაეხმარებიან ქართულ მხარეს, მაშინ რუსეთს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის საქართველოსთვის. ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ: მაგალითად, ამერიკელებმა დაამარცხეს თალიბები, რაც რუსეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკისთვის. ამასთან ერთად, ნიკონოვი ერთგვარად შეშფოთებულია, რადგან, მისი თქმით,

“საქართველო ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ამერიკასთან და იმის უფლებას აძლევს მას, რაც რუსეთისათვის აკრძალულია. ეს კი არ წაადგება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. გარდა ამისა, აშშ-ის სამხედრო ყოფნის გაძლიერება კავკასიაში საშუალებას მისცემს ამერიკელებს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ კასპიის ნავთობის ტრანსპორტირების საკითხებში, რის გამოც, შესაძლოა, რუსეთის ინტერესები შეილახოს. დაბოლოს, საქართველო შეიძლება გამოიყენონ როგორც პლაცდარმი მომავალ სამხედრო მოქმედებებში ერაყის წინააღმდეგ. არ შეიძლება, რომ ამან რუსეთის ხელმძღვანელობა არ დააფიქროს.”

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ნიკოლაი ლეონოვი მიიჩნევს, რომ “სურათი სავსებით ნათელია. მისი თქმით, ისრაელი ასეთ შემთხვევებში ძალიან მარტივად იქცევა: საკუთარი ძალებით, საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის გარეშე, ურტყამს იმ ადგილებს, საიდანაც შეიძლება საფრთხე ემუქრებოდეს. რუსეთი კი რატომღაც ელოდება, რომ მის საკუთარ ტერორისტებს გარეშე ძალა მოუვლის.”

“საქართველოს კურსი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სატელიტი გახდეს, უკვე დიდი ხანია შეიმჩნეოდა და, დღესდღეობით, ფაქტობრივად, რეალიზდება კიდეც”, - აცხადებს 4 მარტის “ნეზავისიმაია გაზეტას” ფურცელებზე პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი სერგეი მარკოვი. მისი თქმით, “ასევე დიდი ხანია, რაც ქართული სპეცსამსახურები ამერიკული სპეცსამხახურების გავლენის ქვეშ არიან. თუმცა ეს კონტროლი შეძლებისდაგვარად ხორციელდება, რადგან ქართული სპეცსამსახურების კორუმპირებულობის დონე იმდენად მაღალია, რომ ამერიკელებს ბევრ რამეზე ზემოქმედების მოხდენა არ შეუძლიათ. ასე რომ, ეს არის არა იმდენად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუარესება, რამდენადაც რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობის გარკვევა კონკრეტულ მაგალითზე – რეგიონში, სადაც რუსეთის ინტერესები მკვეთრადაა გამოხატული.”

ეფექტური პოლიტიკის ფონდის ექსპერტი გლებ პავლოვსკი ამბობს, რომ უკვე ათი წელია, რაც არსებობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კრიზისი, რომელიც უკანასკნელ წლებში, ფაქტობრივად, პანკისის ხეობაში ტერორისტების ყოფნამ განაპირობა. ამ გარემოებამ ჯერ კიდევ ჩეჩნეთთან მეორე ომის დასაწყისში აიძულა რუსეთი, რომ საქართველოსთან საზღვარი დაეკეტა. ექსპერტის აზრით,

“საქართველოში ამერიკელების გამოჩენა ზურგს უმაგრებს რუსეთს ჩეჩნეთში, ზრდის ქვეყნის უსაფრთხოებას და, ამავე დროს, მკვეთრად ზღუდავს მანევრის შესაძლებლობას საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შიდაპოლიტიკური თამაშებისთვის იყენებდა. ამიტომ, რეალურად, უსაფრთხოების დონე კავკასიაში იზრდება, ვინაიდან ამერიკელები არ არიან ჩვენი მოწინააღმდეგეები, რა სახითაც არ უნდა იმყოფებოდეენ ისინი იქ. მოწინააღმდეგეები, სამწუხაროდ, სეპარატისტები, ტერორისტები და მათი მოკავშირენი არიან. საფრთხე მხოლოდ ის არის, რომ, შესაძლოა, თბილისმა გააგრძელოს თამაში გამწვავებაზე. სწორედ ასეთმა თამაშმა წარმოშვა ჩეჩნური მუქარა თბილისის მხრიდან, ანუ მოცემულ შემთხვევაში სავსებით მოსალოდნელია, რომ თბილისი ისევ მოინდომებს ტერორისტების გადასროლას პანკისიდან კოდორის ხეობის მიმართულებით, აფხაზეთისაკენ.”

თუმცა გლებ პავლოვსკი ფიქრობს, რომ ამერიკელებს შეუძლიათ ამის გაკონტროლება და არდაშვება. ექსპერტის აზრით, რუსეთისათვის სავსებით რეალურია ოპერატიული და პოლიტიკური ურთიერთქმედების გაშლა თავის პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ანტიტერორისტული კოალიციის მიზნების მისაღწევად.
“ასეთ შემთხვევაში საქართველო ამ ურთიერთქმედების ერთგვარ სარბიელად გვევლინება და ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველოს მთავრობა ლოიალობას გამოიჩენს ანტიტერორისტული კოალიციის მიზნების მიმართ და თავად ჩაერთვება ამ პროცესში”, - უთხრა “ნეზავისიმაია გაზეტას” გლებ პავლოვსკიმ.
XS
SM
MD
LG