Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების გეგმა ბირთვული იარაღის გამოყენების თაობაზე


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პენტაგონს განკარგულება გასცა მოულოდნელი შემთხვევებისთვის ბირთვული იარაღის გამოყენების გეგმა შეიმუშაოს.

საიდუმლო გეგმაში, რომელიც 8 იანვარს გადაეცა კონგრესს, ნათქვამია, რომ ამერიკა უნდა იყოს მზად გამოიყენოს ბირთვული იარაღი შვიდი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენია: ჩინეთი, რუსეთი, ერაყი, ჩრდილოეთი კორეა, ირანი, ლიბია და სირია.

გეგმაში ახსნიალია, რომ მისი ამოქმედება შეიძლება სამი ტიპის სიტუაციაში: იმ ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც უძლებს კონვენციულ იარაღს; ბირთვული, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღით თავდასხმის საპასუხოდ და ბოლოს, როგორც ნათქვამია გეგმაში, ”სამხედრო მოვლენების მოულოდნელი განვითარების შემთხვევაში”.

ზოგიერთი მიმომხილველი ამბობს, რომ ამ გეგმის გამხელა მწვავე რეაქციას გამოიწვევს. მასში ჩამოთვლილი ქვეყნების მხრიდან. იარაღზე კონტროლის მომხრეების თქმით, ბუშის ადმინისტრაცია უგულებელყოფს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე დიდი ხნის ტაბუს, რომ მისი გამოყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი. ექსპერტების აზრით, ეს სახიფათო დესტაბილიზაციას შეიტანს მსოფლიოში, წააქეზებს სხვა ქვეყნებს, რომ მათაც მართებთ ბირთვული იარაღის განვითარებაზე ზრუნვა.

მაგრამ ზოგიერთი კონსერვატორი ექპერტი თვლის, რომ პენტაგონი მზად უნდა იყოს ნებისმიერი მოულოდნელობისთვის, განსაკუთრებით ახლა, როცა ათეული ქვეყანა და ტერორისტული ჯგუფები საიდუმლოდ ცდილობენ ბირთვული იარაღის პროგრამების განხორციელებას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ პენტაგონი უნდა მზად იყოს გამოიყენოს ბირთვული იარაღი კონფლიქტში არაბებსა და ისრაელს შორის, ომში ტაივანსა და ჩინეთს შორის, ანდა თუ ჩრდილოეთი კორეა სამხრეთ კორეას დაესხმება თავს. ანგარიშში ნათქვამია აგრეთვე, რომ თუმცა რუსეთი აღარ ითვლება ოფიციალურად “მტრად”, მისი უზარმაზარი ბირთული არსენალი კვლავაც შეშფოთების წყაროა.

სიაში ნახსენებ ორი ბირთვულ ქვეყანას – რუსეთსა და ჩინეთს – არ გაუკეთებიათ ოფიციალური განცხადებები, მაგრამ არაოფიცალური გამონათქვამი საკმაოდ გესლიანი იყო.

“ბუშის ადმინიტრაცია, როგორც ჩანს, ცივ ომს უბრუნდებაო”, თქვა იან ქსეტონგმა, ჩინეთის სინხუას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორმა.

რუსეთის ერთ-ერმა კანონმდებელმა კი თქვა: “11 სექტემბრის შემდეგ ამერიკამ დაკარგა შეხება იმ რეალობასთან, რომელშიც ის ცხოვრობსო”.

კვირას სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი და შეიარაღებული ძალების შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ მაერსი სატელევიზიო გამოსვლებში შეეცადნენ გაექარწყლებინათ გეგმის გამოქვეყნებით შექმნილი შთაბეჭდილება.

“ არ უნდა გეგონოთ, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას”, თქვა პაუელმა. მის სიტყვით, ეს არის მხოლოდ კონცეპტუალური მოსაზრებები.

მაიერსმაც აღნიშნა, რომ ეს არ არის გეგმა. ის მხოლოდ აჩვენებს პრეზიდენტს ყველა შესაძლებლობას, რომელიც იქნება მის ხელთ, თუ ჩვენ ან ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს დაესხმიან თავს მასობრივი განადგურების იარაღითო.
XS
SM
MD
LG