Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დათა თუთაშხიას" 30 წლისთავი


გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ ჭაბუა ამირეჯიბის დაბადების 80 წლისთავი იზეიმა.

საიუბილეო საღამოს, რომელიც ფილარმონიაში გაიმართა, მწერალი ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო. ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედების შესახებ აქ ბევრი რამ ითქვა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, გამომსვლელთა უმრავლესობა, ძირითადად, მწერლის საუკეთესო ნაწარმოების, “დათა თუთაშხიას”, შესახებ საუბრობდა. ამ დღეებში ზუსტად 30 წელი გავიდა “დათა თუთაშხიას” გამოქვეყნებიდან. იმხანად, როცა რომანი ჟურნალ “ცისკარში” დაიბეჭდა, თავად მწერალიც კი ვერ წარმოიდგენდა, ალბათ, რომ მეოცე საუკუნის ქართული პროზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოების ავტორი გახდა. რომანის იუბილეს ეძღვნება ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე”.

ორი წლის წინ ქართულ პრესაში გამოქვეყნებულმა სოციოლოგიურმა გამოკვლევამ “ყველა დროის საუკეთესო ქართული ფილმი” ძალიან გააკვირვა ჩვენი კინემატოგრაფისტები. გამოკითხულთა უმრავლესობამ - ჩვეულებრივმა მაყურებელმა და არა კინემატოგრაფისტებმა - დაასახელა გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას სატელევიზიო მრავალსერიანი ფილმი “დათა თუთაშხია”, რომელიც კინოსტუდია “ქართულ ფილმში” ცენტრალური ტელევიზიის დაკვეთით შეიქმნა მას შემდეგ, რაც ჭაბუა ამირეჯიბის რომანი რუსულად ითარგმნა. საბჭოთა კავშირში ჭაბუა ამირეჯიბი სწორედ ამ ფილმის პრემიერამ გახადა პოპულარული. საქართველოში ყველაფერი სხვაგვარად იყო. 1972 წელს ჟურნალი “ცისკარი”, რომელმაც “დათა თუთაშხია” პირველად დაბეჭდა, ხელიდან ხელში გადადიოდა. დღეს ქართული კინოს საიუბილეო სოციოლოგიური გამოკვლევით, ცოტა არ იყოს, განაწყენებული კინემატოგრაფისტები “დათა თუთაშხია”-ფილმის წარმატებას არა იმდენად კინოსურათის მხატვრული ღირსებებით, რამდენადაც ლიტერატურული პირველწყაროს პოპულარობით ხსნიან. იმასაც ამბობენ, ამ რომანს ვერც ერთი რეჟისორი ვერ გააფუჭებდაო. თუმცა მსოფლიო კინოს ისტორიას “დათა თუთაშხიაზე” უკეთესი რომანების “გაფუჭებაც” ახსოვს, თანაც, გიგა ლორთქიფანიძეზე უფრო ნიჭიერი რეჟისორების მიერ. პირველი ქართული მრავალსერიანი ფილმის წარმატების მიზეზი “დათა თუთაშხიას” ეკრანიზაციისთვის დამახასიათებელი უბრალოებაა, ყოველგვარი “კინემატოგრაფიული პრეტენზიის” გარეშე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გიგა ლორთქიფანიძე და გიზო გაბესკირია არც კი ცდილობენ მიაგნონ რომანის პოეტიკის შესაბამის კინოსახეებს, - მათი სურვილია, როგორც იტყვიან, “ხალხის თვალით” წაიკითხონ ჭაბუა ამირეჯიბის რომანი. ხალხს კი - უბრალო მკითხველს - “დათა თუთაშხიაში”, პირველ რიგში, თავგადასავალი, მერე კი, გმირები მოსწონს. “გმირი და თავგადასავალი” პირველი ქართული მრავალსერიანი ფილმის ძირითადი მოტივია... ანუ გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას ფილმში არის ყველაფერი ის, რის დეფიციტსაც განუწყვეტლივ განიცდიდა ქართული კინო, განსაკუთრებით, საბჭოთა პერიოდში და, მითუმეტეს, “უძრაობის ეპოქაში” – არის სიუჟეტი და არიან ცოცხალი ადამიანები, არის დადებითი გმირი, ოღონდ არა ხელოვნური, არა შეთითხნილი, რომელსაც იმ პერიოდის საბჭოთა ფილმებში უხვად ვხედავდით, არამედ რომანტიკული, ხალხური. ახლად დაწყებულ “უძრაობის ეპოქაში”, როცა ჭაბუა ამირეჯიბის რომანი გამოქვეყნდა, ჩვენი კულტურა ამგვარი გმირების ნაკლებობას განიცდიდა, ხოლო 1979 წელს, როცა ტელევიზიით “დათა თუთაშხიას” კინოვერსიის პრემიერა შედგა – კატასტროფულ ნაკლებობას. თანამედროვე ქართული კულტურა კი ისე ვითარდება, რომ დღეს დადებითი გმირის დეფიციტზე ლაპარაკიც კი შეუძლებელია. ასეთი მსჯელობა უკვე “ცუდ ტონად” ითვლება. მაგრამ ხალხი, ანუ უმრავლესობა, ტრადიციულად, არ იზიარებს კულტუროლოგთა ნააზრევს. ხალხი ისევ ნოსტალგიით ცხოვრობს, მითუმეტეს, ზნეობრივი და სხვა ყველანაირი კრიზისის ეპოქაში. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ეს ხალხი საუკეთესო ქართულ ფილმად ჭაბუა ამირეჯიბის რომანის ეკრანიზაციას მიიჩნევს. პოეტ ლია სტურუას აზრით, ამირეჯიბის ნაწარმოები, შესაძლებელია, დღეს კიდევ უფრო აქტუალურია, ვიდრე 30 წლის წინ. [ლია სტურუას ხმა] “დეჰეროიზაცია და დესაკრალიზაცია გარდატეხის ეპოქის თვისებაა - გათანაბრება, დამიწებისკენ ლტოლვა... და ჩვენ როგორმე უნდა დავძლიოთ იგი და როგორმე დავიმახსოვროთ, რომ ცხოვრების უაღრესი ხარისხი არის პოეზია, სხვა დანარჩენი ლიტერატურაა, როგორც ამბობდა პოლ ვერლენი...”

“დათა თუთაშხიას” ხალხი თავდავიწყებით კითხულობდა. ადამიანის არსებობაში კეთილ და ბოროტ საწყისთა ჭიდილი, ეს ის თემაა, რომლის მიმართ მკითხველი არასდროს ყოფილა გულგრილი. მაგრამ, როდესაც “კეთილი” და “ბოროტი” ისტორიული პროცესის დრამატურგიას განსაზღვრავს, როცა კეთილ და ბოროტ საწყისთა ჭიდილი ეპოქის შინაარსის გამომხატველი ხდება, ნაწარმოები, რომელიც ამ ორ საწყისს აშიშვლებს, მკითხველმა, შესაძლებელია, “ახალ სახარებად” აღიქვას. მითუმეტეს, როცა ამისთვის მას ნაწარმოების გმირი უბიძგებს, როცა სიკეთის კეთება გმირისთვის წამებად იქცევა, როცა გმირი მთელი სამყაროს ტკივილს ატარებს თავის თავში. ლია სტურუას თქმით, [ლია სტურუას ხმა] “ჭაბუა ამირეჯიბის დიდი რომანები პოეზიაა, თუმცა პროზითაა დაწერილი იმიტომ, რომ უფრო რაღაც ახლობელი და მისაღები გახდეს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის... ჩვენ ხომ ვიცით ყველამ, რომ დათა თუთაშხიას მსგავსი ადამიანები არ არსებობენ, მაგრამ ბრმად გვჯერა მწერლის, გვინდა, რომ დავუჯეროთ, ის კი არადა, ყველა უარყოფით გმირს იმდენი კარგი თვისება აქვს, რომ ჩვენს შავ-თეთრ ცხოვრებას ლამის მზისკენ ატრიალებენ, მაგრამ მზეც რომ კვდება ზოგჯერ უმწეოდ, მოკრძალებით და გახელილი თვალებით...”

1972 წელს ქართულ საზოგადოებას ასეთი გმირი სჭირდებოდა. საბჭოთა ინტელიგენცია ხვდებოდა, რომ “სამოციანელთა მზე” ნელ-ნელა, მართლაც, კვდებოდა. საბჭოთა კავშირში ლიბერალიზმის ხანა დასრულდა, საქართველოს კი მოევლინა ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც ჩვენი “სამოციანელების” აბსოლუტური ნდობა დაიმსახურა. კულტურა და ხელისუფლება ახლა უკვე “შეთანხმებულად” მოქმედებდნენ. ანუ 70-იან წლებში საქართველოში ის პროცესები დაიწყო, რომელიც მოსკოვში სწორედ ამ დროს დასრულდა. ნიშანდობლივია, რომ ჭაბუა ამირეჯიბის საიუბილეო საღამოზე “სამოციანელთა” თაობა პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა გაიხსენა, ანუ ადამიანმა, რომელიც, ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად, დღესაც ედუარდ შევარდნაძის ერთგულ ინტელიგენტად მოიაზრება. [ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა] “შენ არ გჯეროდა, რომ “დათა თუთაშხია” დაიბეჭდებოდა “ცისკარში” და მე მითხარი, სანამ ესენი იქნებიან, ეს რომანი არ დაიბეჭდებაო, ბოლოს დაგარწმუნე და შევთანხმდით, რომ “სამოციანელები”, ე. ი. “ცისკრელები” სხვა თაობაა და ეგრე ადვილად ვერავინ მოგვერევა. შევთანხმდით, ჩვენს თავზე ავიღეთ და დავბეჭდეთ...”

“დათა თუთაშხიას” დაბეჭდვის გამო მთავრობას “ცისკრელებთან” ბრძოლა არ დაუწყია. 1973 წელს რომანი უკვე ცალკე წიგნად გამოიცა, მოგვიანებით რუსულ ენაზე ითარგმნა. თუმცა რომანის პოპულარობამ, ცოტა არ იყოს, შეაშინა ხელისუფლება. “სუკის” ძალისხმევით, საქართველოში გავრცელდა ჭორი -“ეს წიგნი ამირეჯიბის დაწერილი არ არისო”. მრავალი ისტორია შეთხზეს, რას არ ამბობდნენ. მაგრამ ამ ჭორებმა კიდევ უფრო გაზარდა ჭაბუა ამირეჯიბის პოპულარობა. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ ყველაზე პოპულარული თანამედროვე ქართული რომანის ავტორი, ადამიანი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი საპყრობილეში გაატარა, ხელისუფლებასთან კონფრონტაციას ერიდება, რომ ჭაბუა ამირეჯიბი არ აპირებს გახდეს “ქართველი სოლჟენიცინი”, საქართველოს ხელისუფლებამ თავად შეუწყო ხელი “დათა თუთაშხიას” პოპულარიზაციას. გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას მრავალსერიანი ფილმი ამ პროცესის დაგვირგვინება იყო. იგავი კაცზე, რომელიც არასოდეს დაპირისპირებია ბოროტებას ბოროტებით, საზოგადოებას დესტრუქციულ ვნებებს არ უღვიძებდა. ლია სტურუას თქმით, [ლია სტურუას ხმა] “მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც “დათა თუთაშხიას” ბოლომდე წაიკითხავს და ეს საოცარი ფინალი არ დაარწმუნებს სიკეთისა და ლმობიერების უპირატესობაში შურისძიებაზე, ბოღმაზე, ინტრიგებზე...” მითუმეტეს, რომ “დათა თუთაშხია” არა თანამედროვეობას, არამედ ცარიზმის ეპოქას ასახავდა... უბრალო მკითხველს, შესაძლოა, ამ სამყაროს თანამონაწილედ არც ეგრძნო თავი. ანუ რომანი, რომელშიც პუბლიცისტური პათოსი პოეტური სახეებით, საინტერესო თავგადასავლითა და დადებითი გმირითაა "შერბილებული”, ვერ იქნებოდა “საშიში” ხელისუფლებისთვის.

მაგრამ ხალხი არც ისე გულუბრყვილო აღმოჩნდა, როგორც ხელისუფლებას ეგონა. “დათა თუთაშხია” არ არის დეტექტივი, რომელმაც მკითხველი შეიძლება მხოლოდ გაართოს. ეს ხალხი, შესაძლოა, ყურადღებას არ აქცევდეს რომანის სახიერებას, პოეტურ სამყაროს, მაგრამ ის კი კარგად ესმის, რას შეიძლება ნიშნავდეს დათას თუნდაც ეს სიტყვები: “რას შვებით, ხალხო, რას გავხართ, რა ჯიშის ხართ... რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა... ვერ ხედავთ ამას?”
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG