Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაგონი რუსეთში მიქრის


აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა მოშლილია, თუმცა არარსებული რკინიგზის დაცვას ჩვენში მაინც ცდილობენ.

ამჯერად, ქართველ კომუნისტებს და სოციალისტებს შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები შეუერთდნენ - გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი", მუშაობს რუსულ ვერსიაზე თავისი პოპულარული კლიპისა "ვაგონი მიქრის". ჩვენი თბილისელი თანამშრომლის, გიორგი გვახარიას აზრით ეს პროექტი სრულად ასახავს ეროვნული ესტრადის დღევანდელ მდგომარეობას.

"ეს ქართველებისა და რუსებისგან შემდგარი კლიპი იქნება, რომელიც მათ დიდი ხნის მეგობრობას ასახავს" - უთხრა ნიღაბჩამოხსნილმა "უცნობმა", გიორგი გაჩეჩილაძემ გაზეთ "რეზონანსის" კორესპონდენტს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მისი პოპულარული კლიპის, "ვაგონი მიქრის" ახალი ვერსიის გადაღებაზე. ისიც გაირკვა, რომ ქართველებისა და რუსების "დიდი ხნის მეგობრობა" უნდა "ასახონ" არა მარტო გადაღებებში მოწვეულმა რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმა ალა პუგაჩოვამ, ელდარ რიაზანოვმა, არამედ პოლიტიკოსებმაც, მათ შორის იური ლუჟკოვმა და ვლადიმირ ჟირინოვსკიმ.

დღეს არავის უკვირს, რომ რუსეთისადმი კეთილგანწყობილ ქართულ-საბჭოთა ინტელიგენციას ახალგაზრდა მსახიობებიც შეუერთდნენ. რუსული ესტრადის პროპაგანდა საქართველოში კარგა ხანია მიმდინარეობს; ქართველი ესტრადის ვარსკვლავების უმრავლესობა კი ისევ რუსეთს მიიჩნევს "უცხოეთად" - ქართველ მომღერლებს მოსკოვის რესტორნებში ისევ ვერ ელევიან. ამავე დროს, ჩვენი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები განუწყვეტლივ აცხადებენ, რომ "პოლიტიკა არ აინტერესებთ" და პოლიტიკურ ინტრიგებში ვერ ერკვევიან. შეიძლება ითქვას, რომ "პოლიტიკის დრო", ან იგივე "უცნობის" სიმღერას თუ გავიხსენებთ "ფიქრის დრო არა აქვთ" [ჩართვა. მუსიკა "ვაგონი მიქრის"]

ამიტომ არავის უნდა გაუკვირდეს, რომ "უცნობი" ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობის ამსახველ კლიპში გადასაღებად ჟირინოვსკის იწვევს. არც იმის გამო უნდა გამოითქვას პრეტენზია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის "ვიდეო-მუსიკალური" იდეა დაიბადა სწორედ დღეს, როცა ამერიკელები პანკისში ანტიტერორისტულ ოპერაციას გეგმავენ. ქართველი არტისტები ამ ოპერაციას მოდელების ჩვენებით გამოეხმაურნენ - კვირის მთავარი კულტურული, და არა მარტო კულტურული მოვლენით, რომლის შესახებ რამდენიმე დღეში, "რადიო თავისუფლების" კულტურულ მიმოხილვაში გიამბობთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG