Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა იცოდეს თუ არა საქართველოს მოქალაქემ ქართული ენა


სოზარ სუბელიანი, თბილისი კარგა ხანია, რაც “სახელმწიფო ენის შესახებ” საქართველოს კანონი საზოგადოებაში მორიგი მწვავე დისკუსიის თემად იქცა. კამათის არსი პროექტის ერთ მცირე მუხლში იმალება,

რომლის თანახმადაც, “საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, ფლობდეს სახელმწიფო ენას”. შეიძლება ითქვას, რომ კამათი გასცდა კონკრეტული მუხლისა თუ კონკრეტული კანონპროექტის შესახებ დავას და ღირებულებათა ჭიდილში გადაიზარდა. კითხვები, რაც ამ დავაში იკვეთება, მრავალია: როგორ წარმოგვიდგენია საქართველოს მომავალი, რა ღირებულებებს უნდა დაეფუძნოს ახალი ქართული სახელმწიფო, ვინ შეიძლება იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე და სხვ.

ერთი შეხედვით, თითქოს, დისკუსიაც კი არ უნდა დაწყებულიყო, იმდენად უდავო ჭეშმარიტებაა ის მუხლი, რომელმაც დავა გამოიწვია: საზოგადოებაში მყარად ფეხმოკიდებული აზრის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, დიახაც რომ, უნდა იცოდეს ქართული ენა, ხოლო თუ ვინმეს სახელმწიფო ენის სწავლა არ სურს, კეთილი ინებოს და სადაც უნდა, იქ წავიდეს. მიუხედავად ამისა, დისკუსია მაინც დაიწყო და ამ დავაში გამოჩნდა კონფრონტაცია ღირებულებათა იმ სისტემებს შორის, რასაც, სინამდვილეში, დაპირისპირება მოჰყვა.

თუ რა ღირებულებებზეა საუბარი, ენათმეცნიერ ავთანდილ არაბულის წერილიდან გამოჩნდა, რომელიც გაზეთ “ახალი ვერსიიდან” გაეპასუხა პოლიტოლოგ გია ნოდიას. წერილში – “გია ნოდია ჩარჩო ხელშეკრულების ჩარჩოდან გველაპარაკება” – არაბული წერს: “ქართლში ისეთ კაცს, რომელსაც ვერ გაუგია, საით წავიდეს და უქმად ყოფნას ამჯობინებს, “არსაითს” ეძახიან.

აი, ეს არსაითობაა ჩვენი უბედურება!

ჩვენი დღევანდელობის გამოჩენილი იდეოლოგები დღემუდამ ჩაგვჩიჩინებენ: იმ სივრცეს, რომელიც მომავალ ევრაზიულ დერეფნად მოიაზრება, სახელმწიფო იდეოლოგია არ სჭირდებაო. ჰოდა, ასე ჩამოყალიბდა ჩვენი “მშობლიური” არსაითობის იდეოლოგია.

ამიტომაც არის, რომ დღემდე ვერ გაგვირკვევია, აღმოსავლეთით მივდივართ თუ დასავლეთით, კონსტიტუცია გვაქვს თუ არა გვაქვს, დამოუკიდებელი ეკონომიკა გვინდა თუ არ გვინდა, ჯარი უნდა გვყავდეს თუ არ უნდა გვყავდეს; ვერ დავადგინეთ ჩვენი მიმართება ისტორიულ სარწმუნოებასთან და სახელმწიფო ენასთან; ვერ მოვუნახეთ ადგილი საკუთარ მეცნიერებასა და განათლებას; ვერ დავადგინეთ ეროვნული მწერლობის როლი და მნიშვნელობა; ვერ გავარკვიეთ დროშის, გერბის, ჰიმნის საკითხი…”

არაბულის თქმით, კანონპროექტის ხსენებული ნორმა არ შეიძლება გავიგოთ როგორც ვინმეს უფლების შელახვა: “სახელმწიფო ენა ხომ იგივე მოქალაქეობის პასპორტია და მისი ტარების უფლებისა და მოვალეობის მინიჭება რატომ უნდა იყოს არაჰუმანური ნაბიჯი?”

კითხვები და, შეიძლება ითქვას, ბრალდებები საკმაოდ სერიოზულია, თუმცა ხსენებული მუხლი, ერთი შეხედვით, თითქოს ამის საფუძველს არ იძლევა: მასში მხოლოდ და მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა. მიუხედავად ამისა, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი კითხვა, პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება იმ მუხლს, რომელმაც ასეთი ცხოველი დისკუსია გამოიწვია.

ჯერ ერთი, კანონი არ არის ბელეტრისტიკის ადგილი, მისი ყოველი ნორმა მკაფიოდ უნდა იყოს დეტერმინებული და, შესაბამისად, მის ყოველ მოთხოვნას ზურგს შესაბამისი სანქციაც უნდა უმაგრებდეს. ამიტომ, როცა კანონი გვთავაზობს არაფრის მთქმელ ფორმულირებას, რომ “საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, ფლობდეს სახელმწიფო ენას”, ჩნდება კითხვა: და, თუ მაინც, საქართველოს რომელიმე მოქალაქე ვერ ფლობს ქართულ ენას, მაშინ? მშვიდად შევეგუოთ კანონის დარღვევას, თუ რაიმე სანქციაც შემოვიღოთ?

თუ სანქციის შემოღებას არ ვაპირებთ, მაშინ გაუგებარია, რატომ ვდებთ კანონში მკვდარ ნორმას და რატომ ვამძაფრებთ ჩვენში ისედაც მყარად არსებულ სამართლებრივ ნიჰილიზმს. ხოლო თუ კანონის ეს მოთხოვნა გარკვეული სანქციითაც უნდა გამყარდეს, მაშინ მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, რა ემუქრება ენის არმცოდნე მოქალაქეს: პატიმრობა, მოქალაქეობის ჩამორთმევა ქვეყნიდან გასახლებით ან მის გარეშე, დამატებითი გადასახადის გადახდა ენის არცოდნის გამო, უპენსიოდ დატოვება თუ რაიმე სხვა.

სანქციის შემოღების შესაძლებლობას კანონპროექტის შემდეგი მოთხოვნაც გვაფიქრებინებს: “არასახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება იქცეს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის საფუძვლად” (მუხლი11.2.). კანონის ასეთი ფორმულირება გარკვეული ეჭვის საფუძველს იძლევა: როცა ვწერთ, რომ არასახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება იქცეს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის საფუძვლად, უნდა ვიფიქროთ, რომ მსგავსი შეზღუდვის საფუძვლად შეიძლება სახელმწიფო ენის არცოდნა იქცეს.

თუ ეს არ იგულისხმება, მაშინ ხსენებული ფრაზა მორიგი მკვდარი ნორმაა და კანონში მისი ჩაწერა სრული უაზრობაა, ხოლო თუ ეს იგულიხმება, გამოდის, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც არ იცის ქართული ენა, გარკვეული კონსტიტუციური უფლებები უნდა შეეზღუდოს, მაგალითად, არ მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ან რაიმე სხვა. სწორედ ამ შემთხვევაში გამოჩნდება, როგორც ავთანდილ არაბული იტყოდა, რომ არჩევანს დამოუკიდებელ ეკონომიკაზე, ძლიერ ჯარზე, საკუთარ მეცნიერებასა და განათლებაზე, ისტორიულ სარწმუნოებასა და სახელმწიფო ენაზე ვაკეთებთ და არა რომელიღაც “ჩარჩო კონვენციაზე”.

პოლიტოლოგი გია ნოდია ასეთ მიდგომას ორი სიტყვით აფასებს: “თვითგამანადგურებელი ნაციონალიზმი”, ან მისივე სინონიმი – “ანტიეროვნული პატრიოტიზმი”. მისი თქმით, ქართულ საზოგადოებაში მყარადაა ფეხმოკიდებული მოარული წარმოდგენა, თითქოს “არსებობს რაღაც პრინციპული, სტრუქტურული წინააღმდეგობა დემოკრატიულ ღირებულებებსა და ეროვნულ ინტერესებს შორის. შესაბამისად, ერთ მხარეს დგანან დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები, ერთი მუჭა საეჭვო წარმოშობის პოლიტიკოსები და გრანტიყლაპია მედასავლეთე დემოკრატები, ხოლო მათ შემოტევებს იგერიებენ ეროვნულ ნიადაგზე მყოფი გმირი პატრიოტები, რომლებიც საქართველოს ეუთოს არ გააუთოვებინებენ.”

რეალურად, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ერთმანეთს უპირისპირდება ორი ღირებულება: სამშობლოს ინტერესი და ადამიანის უფლებები. “სახელმწიფო ენის კანონზე” ქართულ პრესაში მიმდინარე კამათის ცენტრალურ ფიგურად იქცა გია ნოდიას წერილის წარმოსახვითი გმირი, ვინმე “60 წლის ჰუსეინოვი”, რომელმაც ქართული ენა არ იცის. ბევრ ადამიანში თვით ქართული ენის არმცოდნე ვინმე ჰუსეინოვისა თუ ვინმე სარქისიანის ხსენებაც კი გაღიზიანებას იწვევს.

ლოგიკა ასეთია: თუ საქართველოში ცხოვრობს, კეთილი ინებოს და ქართულიც ისწავლოს, ხოლო თუ ამის სურვილი არა აქვს, სადაც უნდა, იქ წავიდეს, რადგან საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე 60 წლის ჰუსეინოვის ინტერესი.

მეორე მხრივ, ვინმე ჰუსეინოვი საქართველოს ისეთივე მოქალაქეა, როგორც, ვთქვათ, ვინმე მაინო სუბელიანი, რომელიც ჩემი გამზრდელი ბებია გახლდათ და რომელმაც ისევე არ იცოდა ქართული ენა, როგორც გია ნოდიას წარმოსახვითმა გმირმა. მთელი მისი “დანაშაული” ის იყო, რომ სვანეთში დაიბადა, სვანეთშივე გაიზარდა და ისე წავიდა ამ სოფლიდან, რომ, სვანურის გარდა, სხვა ენა არ უსწავლია. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ენების – მაშინ ორი სახელმწიფო ენა იყო – არცოდნას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ შვილებიც გაეზარდა, შვილიშვილებიც, მათთვის სწავლა-განათლებაც მიეცა და თავისი მოქალაქეობრივი ვალდებულებებიც შეესრულებინა, რაც, იმ დროს, კოლექტივში მუშაობასა და სახელმწიფო გეგმის პირნათლად შესრულებაში გამოიხატებოდა.

საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დღესაც არიან ადამიანები, ვინც ცუდად ან საერთოდ არ იცის ქართული და ამის გამო მათი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა, მე, პირადად, ცოტა ძნელად წარმომიდგენია. დავუშვათ, საუბარია არჩევნების უფლებაზე: თუკი სვანეთის ან სამეგრელოს რომელიმე სოფლის რომელიმე მაცხოვრებელმა არ იცის ქართული, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ მასზე უკეთ იცის, ვინ უკეთ გაუძღვება საქმეს ადგილობრივ თვითმმართველობასა თუ ცენტრალურ ხელისუფლებაში. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოს მოქალაქე სხვა ეთნოსის წარმომადგენლებზეც. ადამიანებისთვის სხვადასხვა ხარისხის კონსტიტუციური უფლებების მიცემა სერიოზული დისკრიმინაცია და ადამიანის უფლებების დარღვევაა. თანაც, ამგვარი დისკრიმინაცია თავად სახელმწიფოს სიმტკიცესაც უქმნის საფრთხეს. ადამიანი, რომელიც უფლებრივად მეორეხარისხოვანი მოქალაქის მდგომარეობაში აღმოჩნდება ჩაყენებული, ვერ იქნება იმ სახელმწიფოს ერთგული, რომელიც მას კონსტიტუციურ უფლებებს ართმევს.

მეორე მხრივ, სახელმწიფო ენის ცოდნა მოქალაქეებს უნდა აძლევდეს ისეთ უპირატესობებს, რაც მათ ბუნებრივად მოანდომებს ამ ენის დაუფლებას. ისევ გია ნოდიას ერთ-ერთი ინტერვიუს რომ დავესესხოთ, “ადამიანმა, ჰუსეინოვი იქნება თუ სარქისიანი, უნდა იცოდეს, რომ ამით რაღაცას მოიგებს, ეს რაღაცაში გამოადგება. ეს ყველაფერი გულისხმობს სახელმწიფო უწყებათა მიერ მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას, ოღონდ, ამით საქმე 2 ან 5 წელიწადში ვერ გამოსწორდება – ეს თაობების საქმეა და თანდათანობით უნდა განხორციელდეს.”

სახელმწიფოს პოლიტიკა ამ ეტაპზე ასეთია: სერიოზული პროგრამის შემუშავება და ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც სახელმწიფო ენის ცოდნის საჭიროებას ნებისმიერი მოქალაქე იგრძნობს, ძნელი და შრომატევადი საქმეა, ამიტომ, საქმის გაიოლების მიზნით, ისეთი კანონი იწერება, რომლის შესრულების არც ნება და არც შესაძლებლობა სახელმწიფოს არა აქვს.
XS
SM
MD
LG