Accessibility links

პოლემიკა საქართველოს მოქალაქეთა კავშირის მომავალზე


მოქალაქეთა კავშირში ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები ღრმად ეწინააღმდეგება პოლიტიკურ ლოგიკას: საქართველოში ძლიერდება დასავლეთის გავლენა და, იმავდროულად,

სუსტდება დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური გუნდი. ორივე პროცესის ინიციატორი ედუარდ შევარდნაძეა.

გასული წლის სექტემბერში, მოქალაქეთა კავშირის ლიდერებთან მრავალთვიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძე პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. ეს ნაბიჯი სამართლიანად შეფასდა, როგორც პრეზიდენტის პასუხი ზურაბ ჟვანიასა და მისი თანამოაზრეების ულტიმატუმზე.

ულტიმატუმის შინაარსი მწყობრად იყო ჩამოყალიბებული პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილში პრეზიდენტის მიმართ და გულისხმობდა ხელისუფლებიდან მისი კორუმპირებული ნაწილის განდევნას, აგრეთვე, ინსტიტუციურ რეფორმას.

თავიდანვე შეიძლებოდა იმის განსაზღვრა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილი უკვე ოფიციალურად ადასტურებდა ზურაბ ჟვანიას დამარცხებას კორუფციის პარტიასთან. ეს იყო საპროტესტო აქცია, რომლის შემდეგ ჟვანიას ადგილი აღარ რჩებოდა პრეზიდენტის ბანაკში. წერილი მთავრდებოდა კიდეც ნიშანდობლივი ფრაზით: "თავს უფლება მივეცი, საჯაროდ გამომეტანა ის, რაზეც არაერთხელ გვიმსჯელია პირადად."

ფაქტია, ედუარდ შევარდნაძეს არ შეეძლო, ან არ სურდა იმ პირობების შესრულება, რასაც მისგან მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული ფრთა ითხოვდა ერთხანს პრივატულად, ბოლოს კი - საჯაროდ. ღია წერილი და შემდგომი მოვლენები იყო გაგრძელება იმ ერთიანი პროცესისა, რომელიც მიხეილ მაჭავარიანისა და მიხეილ სააკაშვილის გადადგომით დაიწყო.

ღია წერილის შემდეგ ჟვანიამ შევარდნაძის გადმოსაბირებლად კიდევ ერთ გზას მიმართა. მან განაცხადა, რომ ვეღარ შეინარჩუნებდა უმრავლესობას პარლამენტში, თუკი პრეზიდენტი ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამდა და ვითარებას არ განმუხტავდა. ჟვანიას ეს განცხადება ნიშნავდა ნახევრად ფარულ მუქარას, რომ თუ პრეზიდენტი შეინარჩუნებდა მთავრობას, ამ შემთხვევაში, დაკარგავდა უმრავლესობას.

დღეს უკვე აშკარაა, რომ ედუარდ შევარდნაძემ ულტიმატუმს საკუთარი არჩევანით უპასუხა: შეინარჩუნა მთავრობა და, შესაბამისად, დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობა. ამ მხრივ, ჟვანია მართალი აღმოჩნდა. მაგრამ ერთია უმრავლესობის დაკარგვა იმ პარლამენტში, რომელსაც პრეზიდენტი მრავალი ბერკეტით აკონტროლებს და სულ სხვაა ის, რაც დღეს ხდება, როგორც პროცესის გაგრძელება: მოქალაქეთა კავშირის ცხრაწევრიანი საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარტია ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურ პოლიტიკურ გაერთიანებად ცხადდება.

ერთი მხრივ, შევარდნაძე ჟვანიას ნაბიჯ-ნაბიჯ უბიძგებს რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებისკენ, რაკი მის მოთხოვნებს გაგებით კი არ ხვდება, არამედ გამოწვევებით უპასუხებს; მეორე მხრივ, ჟვანიაც, თავის გუნდთან ერთად, შევარდნაძეს ნაბიჯ-ნაბიჯ აიძულებს, თავი დაიცვას ახალგაზრდა კოლეგების შემოტევებისგან და მათ მიმართ წნეხი სულ უფრო მეტად დაამძიმოს. შედეგად, ჟვანია, რომელმაც შევარდნაძესთან დაპირისპირების პროცესში უკვე დაკარგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი, ახლა პარტიასაც კარგავს. ერთი მხრივ, ედუარდ შევარდნაძე მიზანმიმართულად ასუსტებს ზურაბ ჟვანიას, რომელსაც 1995 წლიდან თავად აძლიერებდა, როგორც დასავლური ორიენტაციის ლიდერს. მეორე მხრივ, ჟვანიაც გვარიანად არის "აჭრილი" იმის შემდეგ, რაც მოთმინებამ უმტყუნა და პრეზიდენტს დაუპირისპირდა.

ბოლო დღეებში ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მოქალაქეთა კავშირის ბედს რაიონული ორგანიზაციების პოზიცია გადაწყვეტს. სინამდვილეში, დაპირისპირების ხაზი გადის შევარდნაძესა და ჟვანიას შორის და მათი ურთიერთობის შემდგომი სცენარი დაიწერება ცენტრში და არამც და არამც - პერიფერიაში. დღეისათვის მთავარი პრობლემა ასე გამოიყურება: საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების როლის გაძლიერების კვალდაკვალ, სუსტდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან ორიოდე კვირის წინ დიდი იმედით და დაპირებებით დაბრუნებული ახალგაზრდული გუნდი. არადა, პრეზიდენტისა და დასავლური ორიენტაციის ლიდერების მკვეთრი ურთიერთგამიჯვნა არა მხოლოდ ალოგიკურად, შეუძლებლადაც კი გამოიყურება დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში: დასავლეთი ენდობა ედუარდ შევარდნაძეს და, იმავდროულად, საქართველოს მომავალ ლიდერებად ხედავს ჟვანიასა და სააკაშვილს; დასავლეთი ეხმარება პრეზიდენტს და, სამომავლოდ, დახმარებას ჰპირდება დემოკრატიულ ცენტრს. გამოდის, შევარდნაძე, ჟვანია და სააკაშვილი განწირულნი არიან ერთმანეთთან სტრატეგიული თანამშრომლობისთვის. დღეს ამის თქმა ადვილი არ არის, რადგან ორივე მხარე ჩიხშია მოქცეული: პრეზიდენტისთვის მეტისმეტად მიუღებელია მოქალაქეთა კავშირის გამოცხადება ოპოზიციურ პარტიად, ხოლო ჟვანია-სააკაშვილის ტანდემისთვის მიუღებელია სახელისუფლო პასუხისმგებლობის გაზიარება თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ. სად და როდის გადაიკვეთება შევარდნაძისა და ჟვანია-სააკაშვილის გზები ხელახლა, ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელია. მაგრამ, მეორე მხრივ, არც იმის წარმოდგენა შეიძლება, რომ დასავლეთის ინტერესებში ღრმად ჩანერგილ საქართველოს ედუარდ შევარდნაძე კორუფციის პარტიას დაუტოვებს პირადი სარგებლობისათვის.
XS
SM
MD
LG