Accessibility links

logo-print

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე პანკისის ხეობაში კოსოვოს ვარიანტის გათამაშების საშიშროებაზე საუბრობს


ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ირინა სარიშვილი-ჭანტურია აცხადებს, რომ ფლობს დაზუსტებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით,

რუსეთს პანკისის ხეობაში კოსოვოს ვარიანტის გათამაშება აქვს დაგეგმილი. ამ გეგმით, აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების გამოყენება უნდა აღიკვეთოს. ირინა სარიშვილი-ჭანტურია ხელისუფლებას ურჩევს, დიპლომატიური მუშაობა რუსეთის ჩანაფიქრის გაუვნებელყოფისკენ მიმართოს.

ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, პუტინი გასაოცრად თავშეკავებული აღმოჩნდა, მაგრამ ეს არანაირად არ მოასწავებდა, რომ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებას რუსეთის სამხედრო წრეები ასევე თავშეკავებულად შეხვდებოდნენ. 11 მარტს, საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებს, გამორიცხული არაა, პროვოკაციები მოჰყვეს. მოსალოდნელ პროვოკაციებში მან, შესაძლოა, პანკისის ხეობაში კოსოვოს ვარიანტის განხორციელების რუსული გეგმაც იგულისხმა. როგორც 12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ ირინა სარიშვილ- ჭანტურიამ აღნიშნა, ხსენებულ გეგმას სათანადო ბრძანებაც ახლავს და ყველაფერი ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის ცნობილია.

[ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ხმა] “ არსებობს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში, უშიშროებაში, პარლამენტში. ეს ინფორმაცია აქვს პრეზიდენტს.
რამდენიმე დღე ველოდებოდით ამ თემის წინ წამოწევას, მაგრამ, ამის ნაცვლად, ხდებოდა აქცენტების შიდა დაპირისპირებებზე გადატანა აბსოლუტურად შეგნებულად.”

ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ინფორმაციით, კოსოვოს ვარიანტის განხორციელება საქართველოში შეიძლება ზუსტად ერთ კვირაში დაიწყოს. ეს რუსეთში შემუშავებული გეგმით მოხდება და საქართველოს ანტიტერორისტული ბრძოლის ისეთ პოლიგონად გადაქცევისკენ იქნება მიმართული, სადაც რუსეთის ინტერესები ჩაიდება.” ამ შემთხვევაში ყურადღება გამახვილდება პანკისის ხეობაზე, თანაც მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს, და ყველა ღონე იქნება გამოყენებული, რათა აფხაზეთის პრობლემის მოსაგვარებლად ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დახმარების გამოყენება აღიკვეთოს”, - ამბობს ირინა სარიშვილი-ჭანტურია.

[ირინა სარიშვილი-ჭანტურიას ხმა] “ბუშის გუშინდელი განცხადება წინააღმდეგობაში არ მოდის საქართველოს ინტერესებთან, თუ ჩვენ ამას შევუხამებთ ჩვენს ინტერესებს. მაგრამ, თუ თავად შევუწყობთ ხელს იმას, რომ პანკისით მოხდეს ამ თემის ჩაკეტვა, მაშინ საქართველოს ამ გეგმის ყველაზე ცუდი ნაწილი შერჩება.”

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ხელისუფლებას ურჩევს, საჯაროდ და სასწრაფოდ მოახდინოს აფხაზეთში არსებული მდგომარეობის დეკლარირება, რათა შეერთებულმა შტატებმა აფხაზეთში ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელება გადაწყვიტოს. სხვათა შორის, დაახლოებით ასეთი მიზანი დაისახა უშიშროების მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში გამგზავრების წინ, როცა თქვა, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შეეცდება, ბრიტანელი და ამერიკელი კოლეგების ყურადღება აფხაზეთის პრობლემატიკისკენ მიმართოს.
XS
SM
MD
LG