Accessibility links

logo-print

საქართველოს საპყრობილეებში ტუბერკულიოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამა ამოქმედდება


საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავინდებურად საგანგაშო რჩება. ოფიციალური ინფორმაციით,

ციხე-კოლონიებში განსაკუთრებით გავრცელებულია ტუბერკულოზით დაავადება, რითაც შარშან რამდენიმე პატიმარი დაიღუპა. პენიტენციურ სისტემაში ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, 12 მარტს იუსტიციის სამინისტროში ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. დოკუმენტში, კერძოდ, ნათქვამია, რომ პროგრამა, რომელიც წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობით 1998 წლიდან ხორციელდება, შემდგომში კიდევ უფრო გაფართოვდება.

ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას, რომელსაც მიზანმიმართულად კონტროლირებადი მკურნალობის მოკლე კურსი(DOTS) ეწოდება, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში 1998 წლიდან ახორციელებს. ამ პერიოდის განმავლობაში მკურნალობის პროგრამა 1800 პატიმარს ჩაუტარდა. საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის ფრანსუა ბელონის თქმით, ხელმოწერილი ხელშეკრულების მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ იუსტიციისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებთან ერთად ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო კონსოლიდირებული გახდეს.
[ფრანსუა ბელონის ხმა] " უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, რაც ეს პროგრამა ხორციელდება, დაახლოებით, 1800 პატიმარი ჩაერთო მკურნალობის კურსში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსჯავრდებულ პაციენტთა, დაახლოებით, 70% განიკურნა. მნიშვნელოვანწილად - 20%-ით – შემცირდა, აგრეთვე, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ფორმით დაავადებულთა რაოდენობა. ასე რომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ტუბერკულოზის კონტროლის პროგრამა, გარკვეულწილად, სამაგალითოა მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის."

უფრო კონკრეტულად კი, პროგრამა DOTS -ი, რომელიც დღემდე ქსნის ტუბერკულოზით დაავადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებასა და თბილისის პირველ საპყრობილეში მოქმედებდა, გაფართოვდება და მალე თბილისის მეხუთე საპყრობილეს და ავჭალის მეექვსე დაწესებულებასაც მოიცავს.

როგორც იუსტიციის მინისტრი როლანდ გილიგაშვილი აცხადებს, სიახლეა ისიც, რომ ყველა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გაიხსნება სპეციალური სამედიცინო პუნქტები და, დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, სპეციალურ ტესტირებას ყველა პატიმარი გაივლის.
[როლანდ გილიგაშვილის ხმა] "რომ არა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ვთვლი, რომ ჩვენ სავალალო მდგომარეობა გვექნებოდა. ამის შემდეგ კიდევ სხვა პროგრამის განხორციელებას აპირებენ 2003 წლიდან, თუ, რა თქმა უნდა, საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებშიც, შესაბამისად, შეიქმნება პირობები, რომ მსჯავრდებულები ადგილზე არ დაავადდნენ. ახლა ჩვენთან მარტო ვმკურნალობთ დაავადებას, მაგრამ არ ვებრძვით მიზეზებს."

დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზი კი ამორტიზებულ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობები და პატიმართა დაბალკალორიული კვებაა, რაც ორგანიზმს უკარგავს იმუნიტეტს ტუბერკულოზის თუ ნებისმიერი სხვა ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. იუსტიციის მინისტრის თქმით, მის მიერ უშიშროების საბჭოზე გატანილი წინადადებების პაკეტი, პირველ ყოვლისა, პატიმრის კვებაზე ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხის, თვეში 25 ლარის, გაზრდასა და საპატიმროებში საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. გილიგაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ წინადადების საფუძველზე მომზადებულ ბრძანებულებას მალე საქართველოს პრეზიდენტი მოაწერს ხელს და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში შექმნილი ვითარების გამოსწორება კომპლექსური სამთავრობო გეგმით განხორციელდება.
XS
SM
MD
LG