Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელისუფლებო კრიზისის ახალი ფაზა იწყება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო ორი დღის განმავლობაში, როცა საქართველოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ვაშინგტონიდან მოსული ახალი ამბები იყო, ბევრს, შესაძლოა,

მხედველობიდან გამორჩა თავად საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში განვითარებული მოვლენები, რაც პოლიტიკური კონფრონტაციის პროცესის გაგრძელებას ადასტურებს.

როგორც ჩანს, საგარეო პოლიტიკის უდავო წარმატება, რაც აშშ-ის მიერ საქართველოს, ცალსახად, თავისი ინტერესების სფეროდ გამოცხადებაში გამოიხატა, პრეზიდენტ შევარდნაძეს ქვეყნის შიგნით მდგომარეობის თავის სასარგებლოდ შეცვლაში ნაკლებად დაეხმარება. ჯერ იყო და, მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთმა ლიდერმა, ყოფილმა სპიკერმა ზურაბ ჟვანიამ, განაცხადა, რომ არ მიაჩნია შესაძლებლად პრეზიდენტის თანაპარტიელობა, შემდეგ კი ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ისევ განაგრძო თავისი საყვარელი თემა, პრეზიდენტ შევარდნაძის კლანის კორუმპირებულობის თაობაზე.
12 მარტს პარლამენტის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა გააპროტესტა წინა დღეს გამართულ პარლამენტის ბიუროზე მიღებული გადაწყვეტილება, დღის წესრიგიდან მოხსნილიყო “თანამდებობის პირთა მიერ მითვისებული ქონების ხალხისთვის დაბრუნების შესახებ” კანონ-პროექტის განხილვა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] “ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვითხოვთ, ეს საკითხი დადგეს კენჭისყრაზე. მინდა ვთქვა, რომ გუშინ ბიუროს ის წევრები, ვინც გამოვიდნენ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ, არიან ხელშემწყობნი კორუფციისა საქართველოში. ისინი არიან მონაწილენი კორუფციისა საქართველოში. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, რადგან ხვალ და ზეგ საქართველოს პრეზიდენტი შევარდნაძე აღარ იქნება, მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ვინმე მოიხსნის პასუხისმგებლობას და იტყვის, შევარდნაძის ბრალი იყო ყველაფერი, რაც ხდებოდა. შევარდნაძის ბრალი იყო განიავება სახალხო ქონების, შევარდნაძის ბრალი იყო მთელი უმსგავსოება, რაც ხდებოდა მთავრობაში. ეს არის სიცრუე, რადგან მარტო პრეზიდენტი შევარდნაძე ვერაფერს გააწყობდა, რომ არ ყოფილიყო ძალიან დიდი ჯგუფის ძალიან დიდი ხელშეწყობა. და ეს ჯგუფი აკეთებდა ყველაზე მეტად ფულს კორუფციით და არა შევარდნაძე.”
ამჯერადაც, მიხეილ სააკაშვილმა დააკონკრეტა იმ პარლამენტარების სახელები, ვინც დაინტერესებულნი არიან ამ კანონ-პროექტის განხილვის გადადებით – ვახტანგ რჩეულიშვილი, ვიტალი ხაზარაძე და ქვემო ქართლის გუბერნატორის ლევან მამალაძის მხარდამჭერი პარლამენტარები. უდავოდ, საინტერესოა ამ ჩამონათვალში ვიტალი ხაზარაძის მოხსენიება, რომელიც აქამდე ზურაბ ჟვანიას თავგადაკლულ მომხრედ ითვლებოდა. ყოველ შემთხვევაში, ბევრ თქვენგანს ემახსოვრება ჟურნალისტის სახლში რა სამარცხვინო სცენა მოუწყო ვიტალი ხაზარაძემ რუს პოლიტოლოგ ვახტანგ ჭკუასელს, რომელმაც ზურაბ ჟვანიას დასავლური ორიენტაცია ეჭვქვეშ დააყენა.
როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში მოქალაქეთა კავშირის ყოფილ და ამჟამინდელ წევრებს შორის საჯარო ურთიერთობების გარჩევა აპოთეოზს მიაღწევს. ოთხშაბათს ლოკალური ხასიათის ბრძოლაში, ასე ვთქვათ, მძიმე არტილერია ჩაერთვება, მოქალაქეთა კავშირის დამფუძნებლების – რეზო ამაშუკელისა და რობინზონ თუშურაშვილის სახით. სხვათა შორის, ამ ჯგუფმა ოთხი თვის წინათ მოქალაქეთა კავშირიდან რეფორმატორების გარიცხვის საკითხი დააყენეს დღის წესრიგში.
XS
SM
MD
LG