Accessibility links

logo-print

შეერთებულმა შტატებმა 11 სექტემბრის ტერაქტების 6 თვის თავი აღნიშნა


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს 11 მარტს, შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების ექვსი თვისთავი აღინიშნა. მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონიები გაიმართა ნიუ იორკში,

იმ ადგილას სადაც ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ტყუპი კოშკები იდგა, და ვაშინგტონში, პენტაგონსა და თეთრ სახლში.

იმ ადგილს, სადაც უწინ ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის შენობები იდგა, ამერიკელები “გრაუნდ ზიროს” ანუ “ნულოვან მიწას” უწოდებენ. ადგილობრივი დროით 8 საათსა და 46 წუთზე ცერემონია დუმილის წუთით გახსნა ნიუ იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა. გასული წლის 11 სექტემბერს ზუსტად ამ დროს დაეტაკა ჩრდილოეთის კოშკს ავიაკომპანია “ამერიკან ეირლაინის” გატაცებული თვითმფრინავი. დუმილის კიდევ ერთი წუთი დადგა 9:03 საათზე, როცა მეორე გატაცებული თვითმფრინავი სამხრეთის კოშკს შეასკდა.

მესამე თვითმფრინავი დაეცა ვაშინგტონში შეერთებული შტატების სამხედრო უწყების შტაბ-ბინას – პენტაგონს. მეოთხე ჩამოვარდა უკაცრიელ ადგილას პენსილვანიის შტატში. მან, როგორც ჩანს, ვერ მიაღწია დანიშნულ ადგილს, შესაძლოა თეთრ სახლს.

თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა: ტერორისტებმა, რომლებმაც ნიუ იორკსა და ვაშინგტონს დაარტყეს, მორიგ სამიზნედ, შესაძლოა, ცივილიზაციის ნებისმიერი სხვა ცენტრი ამოირჩიონ. ასეთი მტრის წინაშე ვერავინ იქნება დაცული და არც არავინ უნდა დარჩეს მის მიმართ ნეიტრალურიო.

პრეზიდენტის სიტყვით, ტერორისტებს იმედი აქვთ, რომ ხელში ჩაიგდებენ ზოგიერთი ქვეყნების მიერ შემუშავებულ მასობრივი განადგურების იარაღს. ამჯერად ბუშს არ დაუსახელებია ეს ქვეყნები. ადრე მას ნათქვამი აქვს, რომ ე.წ. “ბოროტების ღერძის” ქვეყნებს შორის არიან ერაყი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა.

ბუშმა მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, არ შეასუსტონ ანტიტერორისტული კამპანიის მხარდაჭერა და სერიოზულად მოეკიდონ ტერორის საშიშროებას, იმ შემთხვევაში, თუ ბირთვული იარაღი ბოროტ ხელში აღმოჩნდება.

ავღანეთში მიმდინარე ომის შესახებ ბუშმა თქვა, რომ ახლა, როცა თალიბანის რეჟიმი დამარცხებულია და “ალ ყაიდას” უკვე აღარ აქვს ავღანეთში თავისი ბაზების განთავსების შესაძლებლობა, ომი ტერორიზმის წინააღმდეგ ახალ ფაზაში შევიდა. “ჩვენ არ უნდა მივცეთ თავშესაფრის პოვნის საშუალება ტერორისტებს, რომლებიც შეიძლება დაემუქრონ ჩვენს მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან”, თქვა მან. ამერიკის პრეზიდენტის ვარაუდით, ერთ-ერთი ასეთი თავშესაფარი შეიძლება პანკისის ხეობა იყოს.

[ჯორჯ ბუშის ხმა] “საქართველოს რესპუბლიკაში ტერორისტები, რომლებიც მჭიდროდ თანამშროლობენ “ალ-ყაიდასთან”, მოქმედებენ პანკისის ხეობაში, რუსეთის საზღვრის მახლობლად. პრეზიდენტ შევარდნაძის თხოვნით, შეერთებული შტატები აპირებს, გაგზავნოს 150-მდე სამხედრო ინსტრუქტორი, რომლებიც გაწვრთნიან ქართველ ჯარისკაცებს, რათა მათ შეძლონ ამ უმართავ რეგიონზე კონტროლის აღდგენა. ეს დროებითი დახმარება ჩვენი ორივე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.”

ბუშმა მიმართა კონგრესის წევრებს, ადმინისტრაციის მაღალი რანგის პირებს და დაახლოებით 300 მსხვერპლის ახლობლებს, რომლებიც მიწვეული იყვნენ თეთრ სახლში. ცერემონიას ესწრებოდა 100-ზე მეტი ელჩი, რომელთაგანაც ზოგიერთმა კიდევ ერთხელ საჯაროდ გამოუხატა ამერიკას სროლიდარობა ანტიტერორისტულ კამპანიაში.

გამოსვლა პრეზიდენტმა დაამთავრა არა ტრადიციულად – “ღმერთი ფარავდეს ამერიკასო” არამედ სიტყვებით: “ღმერთი ფარავდეს ჩვენს კოალიციასო”.

პენტაგონში გამართულ მემორიალურ ცერემონიაზე თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, აგრეთვე, თქვა, რომ ამერიკა არ შეწყვეტს ბრძოლას, სანამ არ დაამარცხებს ყველა ტერორისტულ ორგანიზაციას.

ნიუ იორკში, მანჰეტენის თავზე, სინათლის ორი სვეტი აღიმართა – ტერორისტების მიერ დანგრეული ვაჭრობის მსოფლიო ცენტრის ტყუპი კოშკების სიმბოლო. 11 სექტემბრის ტერაქტების 3000-მდე მსხვერპლის ამ დროებითი მემორიალის ხილვა ნიუიორკელებსა და ქალაქის სტუმრებს ერთი თვის მანძილზე შეეძლებათ. სინათლის მონუმენტების სიმაღლე 1500 მეტრია და ისინი 30 კმ-ის სიშორიდან მოჩანს.
XS
SM
MD
LG