Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” დღეს გიამბობთ სხდომაზე


გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” დღეს გიამბობთ სხდომაზე,

რომელიც გასულ კვირაში, 8 მარტს გაეროს შტაბბინაში გაიმართა და, როგორც თარიღი მიუთითებს, ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

გაეროს სხდომაზე განხილული თემებიდან ყველაზე მეტი დრო და ყურადღება ავღანელ ქალებს დაეთმო: ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ბოლო წლებში ავღანეთმა ყველა სხვა ქვეყანა ”დაჩრდილა” ქალთა უფლებების ხელყოფით. თალიბანის რეჟიმმა, იქნებოდა ეს გოგონების სკოლაში სიარულის, თუ ქუჩაში ქალების თავისუფლად გადაადგილების აკრძალვით, მსოფლიო თანამეგობრობას გენდერული უსამართლობის საზარელი მაგალითი აჩვენა და ხშირ შემთხვევაში ის ადამიანებიც კი აღაშფოთა, ვინც, ზოგადად, სკეპტიკურად არის განწყობილი ქალთა უფლებების დამცველთა მოთხოვნებისადმი.

როცა ლაპარაკი ავღანეთზეა, ამ მოთხოვნების უმეტესობა განათლების სფეროს უკავშირდება. ასე იყო 8 მარტსაც – გაეროს საგანგებო სხდომაზე, ფაქტობრივად, ყველა გამომსვლელმა, მათ შორის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, ლორა ბუშმა აღნიშნა, რომ ავღანეთში აღმშენებლობითი ძალისხმევის მთავარ ელემენტად განათლების სისტემის გამყარება უნდა იქცეს. ამასთან, ლორა ბუშის სიტყვებმა ცხადი გახადა, რომ ქალთა უფლებების დაცვა არა მარტო ქალების, არამედ მთელ საზოგადოების ინტერესების დაცვას ნიშნავს და აი, რატომ: [ლორა ბუშის ხმა] ”შეუძლებელია, მშვიდობას კეთილდღეობა მოჰყვეს, თუ ქვეყანას განათლებული ქალები და ბავშვები არ ეყოლება. ადამიანების განათლება საზოგადოების ყველა მნიშვნელოვან მაჩვენებელს აუმჯობესებს. ასე მაგალითად, რაც უფრო მაღალია ქალთა განათლების დონე, მით უფრო მცირდება ბავშვებში შიმშილობის პრობლემა. უმაღლესი განათლების მქონე ქალების შვილებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 36 პროცენტით უფრო ნაკლებია, ვიდრე ბავშვებში, რომელთა დედებს მხოლოდ დაწყებითი განათლება აქვთ მიღებული.”

ამ სიტყვებს ეხმიანებოდა გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის, სამხრეთკორეელი ჰან სეუნ-სუს მოწოდება ავღანეთის დონორი ქვეყნებისადმი, ყურადღება არ მოაკლონ განათლების სფეროში გოგონებისა და ბიჭების თანასწორუფლებიანობის საკითხს: [სეუნ-სუს ხმა] ”ავღანეთის დონორი ქვეყნებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა უნდა იყოს ქალებისა და გოგონების უფლებათა დაცვა. პირველ რიგში, საჭიროა გოგნების უზრუნველყოფა განათლების მიღების უფლებით”.

თუ ჰან სეუნ-სუს და ლორა ბუშის გამოსვლები მომავალზე იყო ორიენტირებული, გაეროს გენერალური მდივნის საგანგებო მრჩეველმა, ანჯელა კინგმა გასული თვეების კრიტიკა ითავა: მან აღნიშნა, რომ ავღანეთში თალიბანის დამხობის შემდეგაც არსებობს ძალები, ვინც არ არის დაინტერესებული ქალთა უფლებების გაზრდით. [ანჯელა კინგის ხმა] ”ავღანეთში დროებითი მთავრობის ამოქმედებიდან თითქმის ორი თვის მანძილზე, ქალთა საკითხების სამინისტროს ოფისიც კი არ ჰქონდა. მავანს და მავანს აშკარად სურდა ამ სამინისტროს მხოლოდ სიმბოლოდ გამოყენება. მაგრამ სიმბოლოები ავღანეთში ქალთა ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს.”

ბედის ირონიით, ავღანეთში არა ერთი ” სიმბოლური მაჩვენებელი” დასავლეთის ზოგ ქვეყანასაც კი შეშურდება: ასე მაგალითად, საარჩევნო უფლება ავღანელმა ქალებმა ჯერ კიდევ 1920 წელს, ანუ ფრანგ ქალებზე 24 წლით უფრო ადრე მოიპოვეს. გარდა ამისა, ავღანეთში ქალთა უფლებების დაცვა გარანტირებულია 1964 წლის კონსტიტუციით. მაგრამ ვაშინგტონში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია ”ლტოლვილ ქალთა განვითარების” პრეზიდენტი, ეროვნებით ავღანელი სიმა ვალი შიშობს, რომ ქალებს არც ახლა, ანუ თალიბანისაგან გათავისუფლების შემდეგ მიეცემათ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შანსი.
[სიმა ვალის ხმა] ”ვშიშობ, რომ ჩვენი, ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტის უფლებებს ისევ საფრთხე ემუქრება, რადგან ქვეყნის ასაღორძინებლად გრძელვადიანი ძალისხმევის მაგივრად პრობლემების ნახევრად მოგვარებას გვთავაზობენ. ”

გაეროს სხდომაზე გამოსვლისას სიმა ვალიმ ერთგვარ ”ტრადიციულ” პრობლემაზეც მიუთითა: [სიმა ვალის ხმა] ”ვშიშობ, რომ კულტურას მოიშველიებენ ავღანელი ქალების დაქვემდებარებულ მდგომარეობაში და უუფლებოდ დასატოვებლად. მე დღეს აქ ვარ, რათა გითხრათ, რომ ჩემი კულტურა არ ქადაგებს ძალადობას, წამებას, გაუპატიურებას, პროსტიტუციას ან ახალგაზრდა ქალებისა და ბავშვების ტრეფიკინიგს, მათ გაყიდვას. ჩვენი კულტურა არ აგდებს ქალებს სიღატაკისა და შიმშილობის მსხვერპლის როლში, მას არ ეუბნება უარს განათლებასა თუ სამედიცინო მომსახურებაზე. ჩემი რელიგიისათვის უცხოა ქალის დამონება, ქალის დეჰუმანიზაცია”.

ქალთა უფლებების შეზღუდვის რელიგიით თუ ტრადიციებით გამართლება მიუღებელია გაეროს მოსახლების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, თორაია აჰმედ ობაიდისთვისაც: [ობაიდის ხმა] ”გარდა იმისა, რომ ჩვენთვის შოკი, სამწუხარო და აღმაშფოთებელი ფაქტი იყო ავღანელი ქალებისათვვის უფლებების ართმევა, მრავალი მუსლიმანი ქალი, მათ შორის მეც, ძალიან გაგვაჯავრა ქალების ჩაგვრისა და ტერორის გასამართლებლად ისლამის მოშველიებამ”.

რელიგიისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება, იორდანიის მეფე ჰუსეინის ქვრივის, დედოფალ ნურის რწმენით, ისევ და ისევ განათლებაზეა დამოკიდებული: [დედოფალ ნურის ხმა] ”თუ ქალებს განათლებას მივცემთ, მათ თავიანთი უფლებები ეცოდინებათ. ისინი ყურანს ჩაუღრმავდებიან და შეიტყობენ, რომ ისლამი მათ უფლებებს ანიჭებს, მათ შორის განათლების ისეთივე უფლებას, როგორიც აქვთ მამაკაცებს.”

თუმცა ქალების უფლებების ხელყოფა, რასაკვირველია, არც მხოლოდ ავღანეთის, და არც მხოლოდ მუსლიმანური სამყაროს პრობლემაა – გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის სიტყვებით, რომლებიც მან 8 მარტს გაეროს საგანგებო სხდომაზე წარმოთქვა: [კოფი ანანის ხმა] ”სადაც უნდა იყოს ძალადობა და კონფლიქტი, მისი პირველი მსხვერპლი ხშირად ქალები და გოგონები ხდებიან. ქალთა წინააღმდეგ ძალადობას, განსაკუთრებით შინ ძალადობას, მსოფლიო ეპიდემიის მასშტაბი აქვს მიღებული, ხოლო ქალების და გოგონების ტრეფიკინგი ორგანიზებული დამნაშავეობის ყველაზე სწრაფად მზარდი სახეობაა. ქალების შრომას ჯერაც ან არასათანადოდ, ან საერთოდ არ ანაზღაურებენ. და თითქმის ყველა ქვეყანაში, ქალთა რიცხვი მეტისმეტად მცირეა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში”.
XS
SM
MD
LG