Accessibility links

logo-print

დიკ ჩეინის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში


ანდრო ეული, პრაღა შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი სინას ნახევარკუნძულზე მდებარე ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხში ჩაფრინდა ოთხშაბათს იორდანიიდან,

სადაც წინა დღით, ამ ქვეყნის მეფეს, აბდულა მეორეს ეთათბირა.

როცა დიკ ჩეინისთან შეხვედრისას საუბარი ერაყის პრობლემას შეეხო, ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა ახლო აღმოსავლეთში მისთვის ჩვეული შუამავლის როლი იკისრა და მოუწოდა ვაშინგტონს – მიმდინარე ანტიტერორისტული კამპანიის ჩარჩოებში თავი შეიკავოს რომელიმე არაბულ სახელმწიფოზე თავდასხმისაგან, ხოლო ერაყი დაარწმუნოს იმაში, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტებთან თანამშრომლობა – აუცილებელია.

ჰოსნი მუბარაკი ახლახან დაბრუნდა ვაშინგტონიდან, სადაც მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების თაოსნობით მიმდინარე ანტიტერორისტულ კამპანიას და მადლობაც დაიმსახურა იმ დახმარებისთვის, ეგვიპტის სადაზვერვო უწყების თანამშრომლებმა რომ გაუწიეს ამ საქმეში თავიანთ ამერიკელ კოლეგებს. ამასობაში, ქაიროში გამომავალმა გაზეთმა ”ალ-ახბარმა” 13 მარტის ნომერში გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ ”საყოველთაოდაა ცნობილი, რომ დიკ ჩეინი ერთგულია ისრაელისა, და ამიტომაც დაემუქრა თეთრი სახლის ადმინისტრაცია ატომური და ბირთვული იარაღის გამოყენებით ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც ისრაელზე განახორციელებს თავდასხმას”-ციტატის დასასრული. გაზეთი დასძენს ამასთანავე, რომ ჩეინის მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში იმისთვისაა გამიზნული, რომ ”ვაშინგტონმა მხარდაჭერა მიიღოს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ავანტიურის განსახორციელებლად, რასაც პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის დამხობა უნდა მოჰყვეს შედეგად.”

დიკ ჩეინის, რომელიც ხუთშაბათს დატოვებს ეგვიპტეს, დაგეგმილი აქვს ასევე ისრაელში, საუდის არაბეთში, კუვეიტში, იემენში, ომანში, ქატარში, ბაჰრეინში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბოლოს თურქეთში ჩასვლა, საიდანაც სამშობლოში გაემგზავრება. გასულ იანვარს, სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულთა წინაშე გამოსვლისას, ჰოსნი მუბარაკმა მოუწოდა ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს – განუხრელად შეასრულოს გაეროს რეზოლუციები, რაც ავალდებულებს ბაღდადს – მოახდინოს მასობრივი განადგურების იარაღის სრული ლიკვიდაცია.

ამდენად, ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი, ისევე, როგორც იორდანიის მეფე აბდულა, წინააღმდეგი გამოვიდა იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ოპერაცია განახორციელოს ერაყის წინააღმდეგ. ვაშინგტონი თავის მხრივ მიიჩნევს, რომ ერაყს – მასობრივი განადგურების იარაღი გააჩნია, რითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ სტაბილურობას.






სამშაბათს, ამანში, დიკ ჩეინი შეხვდა იორდანიის მეფე აბდულას, რომელმაც განაცხადა, რომ მოსალოდნელი თავდასხმა ერაყზე, შეერთებული შტატების მხრიდან, ვითარების სერიოზულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
”აქ, და ჩემი შემდგომი სტუმრობისას ამჟამინდელი მოგზაურობის დროს, გულწრფელ დისკუსიებს მოველი ამ რეგიონისა და მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე მდგომი გადაუდებელი პრობლემების თაობაზე”-განაცხადა ამანში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა.

დიკ ჩეინიმ შეახსენა მეფე აბდულას, რომ აუცილებელია გაეროს განიარაღების ექსპერტთა დაბრუნება ერაყში, რათა მათ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეამოწმონ ამ ქვეყანაში სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებული ყველა ობიექტი და მიუკერძოებლად დაასკვნან, ხდება თუ არა ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება. მეფე აბდულა და დიკ ჩეინი შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ ”მაქსიმალური ძალისხმევაა” საჭირო იმისთვის, რათა ისრაელსა და პალესტინელებს შორის განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG