Accessibility links

ოფიციალური თბილისი პანკისის ხეობაში კოსოვოს ვარიანტის განხორციელებას გამორიცხავს


ხელისუფლების წარმომადგენლები არარეალურად მიიჩნევენ პანკისის ხეობაში კოსოვოს ვარიანტის განხორციელებას. ისინი არ ფიქრობენ, რომ რუსეთის ძალისხმევით საქართველო თავის საუკეთესო შანსს დაკარგავს.

ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე წესრიგის დამყარების გარანტი იქნება.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის გაძლიერება რეალობაა - რეალობა, რომელიც, პრეზიდენტ შევარდნაძის თქმით, ჩვენს ქვეყანაში წესრიგის დამყარების გარანტი გახდება.
ოთხშაბათს მთავრობის სხდომა სწორედ საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობის გააქტიურებაზე საუბრით დაიწყო. ედუარდ შევარდნაძემ გამოხატა მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ.

“ჯორჯ ბუშმა დიდი ტაქტით ჩამოაყალიბა პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. საუბარია ტერორიზმის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებაზე და, თუ ამ ბრძოლაში საჭირო იქნება ჩვენი ფიზიკური მონაწილეობა, არც ამაზე დავიხევთ უკანო,”- აღნიშნა მან. ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის წევრებს, განსაკუთრებით რწმუნებულებს, დაავალა გააძლიერონ მოსახლეობასთან მუშაობა, რათა ხალხმა კარგად გაითვითცნობიეროს ის, რაც საქართველოში და მის გარშემო ხდება.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “საჭიროა ინტენსიური განმარტებითი მუშაობა, რათა საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს, რა მოხდა. მოხდა ძალიან სერიოზული რამ და საჭიროა ჩვენმა მოსახლეობამ იგრძნოს, რომ ის მარტო აღარ არის, რომ საქართველომ ისეთი უძლიერესი და ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანა დაიმეგობრა, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.”

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა არც ერთი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ იქნება მიმართული, რომ, ამ მხრივ, რუსეთს ეჭვიანობის საბაბი არ უნდა ჰქოდეს. რუსეთში კი ანტიქართული ისტერია აქამდე არნახულ მასშტაბებს იძენს. ასეთ ფონზე საქართველოს წინააღმდეგ მორიგი პროვოკაციის აგორება გამორიცხული რომ არ არის, ამას ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები არ უარყოფენ. თუმცა პანკისის ხეობაში კოსოვოს ვარიანტის განხორციელების საშიშროებაზე საუბარს ისინი გაზვიადებულს უწოდებენ.”ასეთი რამ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ღია აგრესია იქნება და მას თანამედროვე მსოფლიო უპასუხოდ არ დატოვებსო,”- თქვა ოთხშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა. პანკისის ხეობაში გასატარებელ ღონისძიებებში რუსეთის შესაძლო მონაწილეობა მან კატეგორიულად გამორიცხა. ანალოგიური შინაარსის განცხადება გააკეთა თავდაცვის მინისტრმაც, თუმცა ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ, ყველა შესაძლო საშიშროების თავიდან აცილების მიზნით, საგარეო საქმეთა მინისტრთან კონსულტაციებს გამართავს.

ასე რომ, ირინა სარიშვილ-ჭანტურიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პანკისის ხეობაში კოსოვოს ვარიანტის განხორციელებაა ჩაფიქრებული, მინისტრები არ უარყოფენ, მაგრამ ამ ჩანაფიქრის რეალიზებას გამორიცხავენ.
ამერიკელი სამხედრო ექსპერტები საქართველოში მარტის მიწურულს ჩამოვლენ. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში იარაღის გადმოცემაც არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG