Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოქალაქეთა კავშირის ''ძველი გვარდია'' ჟვანიას წინააღმდეგ


მაისის თვეში დაგეგმილ ყრილობამდე ყოფილი მმართველი პარტიის, "მოქალაქეთა კავშირის," რიგებში განხეთქილება დღითიდღე იზრდება.

ქვემო ქართლის გუბერნატორ ლევან მამალაძის ჯგუფის გარდა, ჟვანიას მომხრეებს მოქალაქეთა კავშირის ეგრეთ წოდებული "ძველი გვარდიაც" დაუპირისპირდა. როგორც 13 მარტს ჟურნალისტთა სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, პარტიის შექმნის სათავეებთან მდგარ საზოგადო მოღვაწეთა მნიშვნელოვანი ნაწილი პარტიის სახელწოდების შეცვლასა და ოპოზიციაში გადასვლას დაუშვებლად მიიჩნევს და ახალ საინიციატივო ჯგუფს აყალიბებს.

საინიციატივო ჯგუფში, ძირითადად, ის ადამიანები არიან წარმოდგენილნი, რომლებმაც მოქალაქეთა კავშირს საფუძველი 1993 წელს, ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების დროს, ჩაუყარეს და ამ გაერთიანებით თბილისში წესრიგის დამყარება განიზრახეს. როგორც მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი, პოლიციის ყოფილი გენერალი რობინზონ თუშურაშვილი იხსენებს, მათი პირველი საჯარო აქცია პურის რიგების პრობლემის გადაწყვეტას უკავშირდებოდა, რისთვისაც ხელისუფლება აიძულეს პურის წიგნაკები შემოეღო. თუმცა მალე საზოგადოებრივი გაერთიანება პარტია "მოქალაქეთა კავშირად" გადაკეთდა, პურის წიგნაკები კი პარტიულმა მანდატებმა შეცვალა.

ძლიერი სახელისუფლებო პარტიის მშენებლობის იდეა კი, როგორც ცნობილია, მოქალაქეთა კავშირის ყოფილ და ჯერჯერობით ერთადერთ თავმჯდომარეს, სახელმწიფოს მეთაურ ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნის. "ძველი გვარდიის" წარმომადგენლები ახლა უკვე სინანულით აღნიშნავენ, რომ სწორედ ედუარდ შევარდნაძისგან მოდიოდა მოქალაქეთა კავშირში მწვანეთა პარტიისა და მისი ლიდერის ზურაბ ჟვანიას გაერთიანების ინიციატივა. ჟვანია სულ მალე პარტიის გენერალური მდივანი გახდა, ხოლო პარტიის მმართველობა, ძირითადად, ყოფილი "მწვანეებით" დაკომპლექტდა.

ერთადერთი ადამიანი, ვინც პარტიულ კინკლაობას პირველი გაერიდა, მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი პოეტი რეზო ამაშუკელი გახლდათ.
[რეზო ამაშუკელის ხმა] "რადგან შემომიხტნენ მეზობლის კურდღლებივით, ესე იგი, ჯერ ეს ერთი, რომ წამოვედი, კაცის შვილმა არ მკითხა, რატომ მიდიხარო. ხომ შეიძლებოდა ეკითხათ, რომ რატომ მიდიხარ, იქნებ დარჩეთ ჩვენთანო. აი, ესე - ო, იეს, ასე ურტყამდნენ ხელს, როცა წამოვედი. წამოვედი იმიტომ, რომ პრობლემები არ შემექმნა, მეთქი ესენი მორიგდებიან, პოლიტიკოსები არიან, იქნებ საქვეყნო საქმეზე დადგნენ, მაგრამ მოხდა უკუღმა." [სტილი დაცულია]

"უკუღმართობად" საინიციატივო ჯგუფის წევრები მიიჩნევენ ზურაბ ჟვანიას მომხრეთა მცდელობას, შეიცვალოს მოქალაქეთა კავშირის სახელი, ხოლო ერთ დროს პრეზიდენტის მხარდამჭერი პოლიტიკური ძალა შევარდნაძის ოპოზიციად გადაიქცეს. თუმცა პრესკონფერენციაზე აშკარად გამოჩნდა მცდელობა, ამ განხეთქილების ინიციატორად წარმოედგინათ მიხეილ სააკაშვილი და არა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, რომლის ბოლომდე გულიდან ამორეცხვას მოქალაქეთა კავშირის ე.წ. '"ძველი გვარდია" ჯერჯერობით ვერ წყვეტს.
[რეზო ამაშუკელის ხმა] "მე კიდევ ვიმეორებ, რომ ყველაზე დიდი ტკივილი ჩემი არის ეს, იმიტომ, რომ მე ზურიკო მიყვარს. ათი თავით მაღლა დგას, სხვათა შორის, დღეს ვინც არის, იმ ახალგაზრდებში, მაგრამ რა ვუყო. მე, სადაც სააკაშვილია, იქ თუ ჩამომკიდებენ ფეხით, თორემ იქ არ გავჩერდები. ეგენი კი ერთად არიან."

გარდა ამისა, მოსალოდნელი დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის წევრები გამოდიან ინიციატივით, რათა პარტიის შიგნით არსებულმა დაპირისპირებულმა ჯგუფებმა ყრილობამდე ერთგვარი მორატორიუმი გამოაცხადონ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG