Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთდღიანი ბოიკოტი პარლამენტში


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 13 მარტს პარლამენტში მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად,

პარლამენტართა სოლიდურმა ნაწილმა ფრაქცია “ახალი მემარჯვენეებისთვის” სოლიდარობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო და პარლამენტის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის კითხვა, რატომ გახდა ასე აქტუალური “ახლების” მხარდაჭერა ახლა – უპასუხოდ დარჩა.

როგორც გახსოვთ, ამ ოთხი თვის წინათ ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრებმა პარლამენტის სხდომების ბოიკოტირება პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლის გენერალური პროკურორის მოადგილედ დანიშვნის საპასუხოდ წამოიწყეს. მას შემდეგ სხვადასხვა ფრაქციის წევრები პერიოდულად პარლამენტის თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს, მოუწოდებენ, მემარჯვენეებთან კონსულტაციებით, ეს პრობლემა მოაგვაროს, თუმცა მემარჯვენეებმა ამჯერად ქართველი პოლიტიკოსებისთვის არადამახასიათებელი პრინციპულობა გამოიჩინეს და უარი განაცხადეს მათი მოთხოვნის შესრულებამდე პარლამენტის სხდომებში მონაწილეობაზე.
13 მარტს დილის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარისთვის სიურპრიზით დაიწყო. ფრაქცია სოციალისტების ლიდერმა ვახტანგ რჩეულიშვილმა განაცხადა, რომ ფრაქციათა ერთი ჯგუფი შეშფოთებულია ფრაქცია “მემარჯვენეების” მიმართ პარლამენტის ხელმძღვანელობის მიერ გამოჩენილი უყურადღებობით და, კოლეგებთან სოლიდარობის მიზნით, ერთდღიანი ბოიკოტი გამოაცხადა.
[ვახტანგ რჩეულიშვილის ხმა] “ არაფერი არ შეიცვალა ჩვენს პარლამენტში. კი, ბატონო, წავიდა ჟვანია, მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, მაგრამ რეალურად ისევ ძველი პარლამენტი გვაქვს, ძველი დაპირისპირებები, გაურკვევლობა...აღარც უმრავლესობაა, აღარც უმცირესობა. ვინ ვართ... და შესაბამისად, ავტორიტეტი ჩვენი კლებულობს ხალხშიც და მთავრობაშიც...გადაწყვეტილების მიმღები ორგანო აღარ ვართ. ამიტომ, ჩვენ თუ ჩვენს კოლეგებს არ ვეცით პატივი, მაშინ რატომ ველოდებით, რომ ვინმე ჩვენ გვცემს პატივს.”
სოციალისტების ინიციატივას მხარი დაუჭირა ფრაქცია “აღორძინებამ” და “ალიანსმა საქართველოსთვის”. ირაკლი გოგავას აზრით:
“ ის მოთხოვნა, რომელიც დააყენეს ფრაქცია “ახლებმა”, არის სამართლიანი. შეიძლება ეს არ იყოს კანონის დარღვევა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური მორალის ჩარჩოებს, გარკვეულწილად, სცდება.”
საბოლოოდ, ბოიკოტისტების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებამ სხდომის ჩაშლა გამოიწვია. 14 მარტს, როცა პარლამენტი აფხაზეთის საკითხს განიხილავს, საკითხის მნიშველობიდან გამომდინარე, სესიას ყველა ფრაქცია - მათ შორის მემარჯვენეებიც -დაესწრებიან. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარეს, უდაოდ, მოუწევს გარჯა სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადების მსურველთა რაოდენობის შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტის მუშაობა შეუძლებელი გახდება.
XS
SM
MD
LG