Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობაზე ადგილობრივ მუშახელს დაასაქმებენ


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი დიდი ნავთობსადენის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტის ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობა წელს ოქტომბრიდან დაიწყება.

ამ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ”საუკუნის პროექტის” გარდა, გასულ წელს საქართველო კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სატრანზიტო გარიგებაში ჩაერთო – წლის ბოლოს საკანონმდებლო ხელისუფლებამ ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის თაობაზე ხელშეკრულებას რატიფიცირება გაუკეთა, რითაც საქართველომ გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში ჩართვისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

თავად გაზსადენის მშენებლობა ოქტომბრის თვიდან არის ნავარაუდევი. აზერბაიჯანული გაზის თურქეთში ტრანზიტის განსახორციელებლად და ამ მარშრუტზე სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად უახლოეს პერიოდში ტენდერი გამოცხადდება. საგულისხმოა, რომ კონკურსის ერთ-ერთ პირობად ქართული მხარე ადგილობრივი მუშახელის დასაქმებას აყენებს, რაც, ხელისუფლების აზრით, უმუშევრობის მაღალ დონეს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა დროებით, მაგრამ მაინც საგრძნობლად შეამცირებს. ადგილობრივი კადრებით სამშენებლო პროცესების წარმართვა, დასაქმების პრობლემის გარდა, საერთაშორისო პროექტებში თანამონაწილეობის გამოცდილების დაგროვებისა და მაღალ ანაზღაურებადი პერსონალის არსებობის წინაპირობაა.

წინასწარი მონაცემებით, გაზსადენის მშენებლობაზე 70 ათასი ადამიანი დასაქმდება, რაც საქართველოში დარეგისტრირებულ უმუშევართა რაოდენობის, დაახლოებით, 29 პროცენტია.

გაზსადენის მშენებლობისას მიწის ნაკვეთის მფლობელებისათვის, კომპენსაციის სახით, 130 მილიონი ამერიკული დოლარია გათვალისწინებული. ნავთობის საერთაშორისო კორპორაციაში აცხადებენ, რომ ყველა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჩამოყალიბდეს მიწის მფლობელებსა და კომპანიას შორის გარკვეული საქმიანობის შესრულებისა თუ სხვა რაიმე სამუშაოებისათვის, კომპანია მას-მედიის საშუალებით აცნობებს მოსახლეობას. ანუ გამჭვირვალობის გარანტიას ქართველი პარტნიორები იძლევიან.

ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის ამუშავების შემდეგ, წინასწარი გათვლებით, საქართველოს შემოსავალი პირველი 40 წლის განმავლობაში, სულ ცოტა, 4,2-4,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწევს. ამასთან, შემდგომში ნავარაუდევია პროექტის გაგრძელებაც, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ქვეყანას.
საქართველო ტრანსპორტირებული გაზის 5 პროცენტს ყოველწლიურად უფასოდ მიიღებს, რაც 40 კუბურ მეტრს შეადგენს. თავად პროექტის საერთო ღირებულება 3 მილიარდ 700 მილიონი ამერიკული დოლარია.

გაზსადენის პარალელურად მუშაობა დაიწყება ნავთობსადენზე. ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მშენებლობა 2004 წლისათვის არის ნავარაუდევი.

ამ პროექტებზე საუბრისას ექსპერტები, წმინდა მატერიალური სარგებლის გარდა, რაც არცთუ უმნიშვნელოა, ხაზს უსვამენ მათ დიდ პოლიტიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობას, რაც არანაკლები სარგებლის მომტანია. გლობალურ საერთაშორისო პროექტებში თანამონაწილეობით საქართველო დასავლეთის მეტად სერიოზული ინტერესების სფეროში ექცევა. ამასთან, საქართველოს იმ ”რთულ” რეგიონებში, რომლებზეც გაზსადენმა და ნავთობსადენმა უნდა გაიაროს, იქმნება სტაბილიზაციისა და პროვოკაციული ექსცესების მინიმიზების საკმაოდ საიმედო გარანტია. გარდა ამისა, პროექტის წარმატებით რეალიზება სიგნალია უცხოური ინვესტიციებისათვის, რომელთა ქრონიკული დეფიციტი ბოლო წლებში ასე საგრძნობი გახდა.
XS
SM
MD
LG