Accessibility links

logo-print

''ვაგონი რუსეთში მიქრის''


აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა მოშლილია, თუმცა არარსებული რკინიგზის დაცვას ჩვენში მაინც ცდილობენ.

ამჯერად ქართველ კომუნისტებსა და სოციალისტებს შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები შეუერთდნენ – გიორგი გაჩეჩილაძე, იგივე “უცნობი”, მუშაობს რუსულ ვერსიაზე თავისი პოპულარული კლიპისა “ვაგონი მიქრის”.

“ეს ქართველებისა და რუსებისგან შემდგარი კლიპი იქნება, რომელიც მათ დიდი ხნის მეგობრობას ასახავს,” – უთხრა ნიღაბჩამოხსნილმა “უცნობმა”, გიორგი გაჩეჩილაძემ, გაზეთ “რეზონანსის” კორესპონდენტს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ რუსულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მისი პოპულარული კლიპის - “ვაგონი მიქრის”- ახალი ვერსიის გადაღებაზე. ისიც გაირკვა, რომ ქართველებისა და რუსების “დიდი ხნის მეგობრობა” უნდა “ასახონ” არა მარტო გადაღებებში მოწვეულმა რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმა, ალა პუგაჩოვამ და ელდარ რიაზანოვმა, არამედ პოლიტიკოსებმაც, მათ შორის - იური ლუჟკოვმა და ვლადიმირ ჟირინოვსკიმ.

დღეს არავის უკვირს, რომ რუსეთისადმი კეთილგანწყობილ ქართულ-საბჭოთა ინტელიგენციას ახალგაზრდა მსახიობებიც შეუერთდნენ. რუსული ესტრადის პროპაგანდა საქართველოში კარგა ხანია მიმდინარეობს; ქართული ესტრადის ვარსკვლავების უმრავლესობა კი ისევ რუსეთს მიიჩნევს “უცხოეთად” – ქართველ მომღერლებს მოსკოვის რესტორნებში ისევ ვერ ელევიან. ამავე დროს, ჩვენი შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები განუწყვეტლივ აცხადებენ, რომ “პოლიტიკა არ აინტერესებთ” და პოლიტიკურ ინტრიგებში ვერ ერკვევიან. შეიძლება ითქვას, რომ “პოლიტიკის დრო”, ან, იმავე “უცნობის” სიმღერას თუ გავიხსენებთ, “ფიქრის დრო” არა აქვთ. [ჩართვა. მუსიკა “ვაგონი მიქრის”]

ამიტომ არავის უნდა გაუკვირდეს, რომ “უცნობი” ქართველი და რუსი ხალხის მეგობრობის ამსახველ კლიპში გადასაღებად ჟირინოვსკის იწვევს. არც იმის გამო უნდა გამოითქვას პრეტენზია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის “ვიდეო-მუსიკალური” იდეა დაიბადა სწორედ დღეს, როცა ამერიკელები პანკისში ანტიტერორისტულ ოპერაციას გეგმავენ. ქართველი არტისტები ამ ოპერაციას მოდელების ჩვენებით გამოეხმაურნენ – კვირის მთავარი კულტურული - და არა მარტო კულტურული - მოვლენით, რომლის შესახებ რამდენიმე დღეში “რადიო თავისუფლების” კულტურულ მიმოხილვაში გიამბობთ.
XS
SM
MD
LG