Accessibility links

logo-print

რუსეთის დაპირისპირება ოპეკთან


სამშაბათს რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობკომპანია ”იუკოს” ხელმძღვანელმა მიხაილ ხოდოროვსკიმ ლონდონში გამომავალი ”ფაინენშლ ტაიმსის” ფურცლებზე გაილაშქრა

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაციის, ოპეკის პოლიტიკის წინააღმდეგ. ანალიტიკოსთა აზრით, ხოდოროვსკის პოზიცია ზოგიერთ საინტერესო ტენდენციაზე მიუთითებს.

ხოდოროვსკის სტატია ოპეკსა და რუსეთს შორის დაპირისპირების ახალ ეტაპზე მიანიშნებს. რუსეთის უდიდესმა ნავთობკომპანია ”ლუკოილმა” მხარი დაუჭირა პირველ კვარტალში ექსპორტის შემცირებას, რაც მთავრობამ გამოაცხადა. მთავრობა ამ კომპანიის 15,5%-ის მფლობელია. ამის საპირისპიროდ კერძო კომპანია ”იუკომ”, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე ”ლუკოილი”, უკვე გამოაცხადა, რომ მიმდინარე წელს 24%-ზე მეტით გაზრდის პროდუქციას. გასული წლის დეკემბერში გამოცხადებული ეს გეგმები უკვე იყო იმის ნიშანი, რომ რუსეთის მოწოდება, ნავთობის პროდუქცია შემცირებულიყო, დიდხანს ან საერთოდ არ იქნებოდა გაზიარებული.

სხვათა შორის, როგორც რეიტერის სააგენტო იტობინებოდა მიმდინარე კვირაში, რუსეთის ნავთობკომპანიებმა მთავრობის მოწოდებისთვის გვერდის ასავლელად გაზარდეს რკინიგზით და გემებით ნავთობის ექსპორტი, რაც არ უპირისპირდება მთავრობის მოთხოვნებს.

უკანასკნელი რამდენიმე დღის მანძილზე ოპეკის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მოუხშირეს მოსკოვში ვიზიტებს იმის იმედით, რომ მთავრობა განავრცობდა თავის დაპირებას ნავთობზე სტაბილური ფასების შენარჩუნების თაობაზე.

პარასკევს ვენაში გაიმართება კარტელის 11 წევრი ქვეყნის წარმომადგენელთა შეხვედრა, რომელზეც, როგორც ჩანს, მონაწილენი განაცხადებენ, რომ საკუთარი ინიციატივით პროდუქციის კიდევ უფრო შემცირებას ვეღარ შეძლებენ.

სამშაბათს ვენესუელის ენერგიის მინისტრი ალვარო სილვა კალდერონი მისმა რუსმა კოლეგამ იგორ იუსუფოვმა მიიღო, მაგრამ შეხვედრას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

რაც შეეხება ხოდოროვსკის, იგი აცხადებს, რომ ოპეკმა ძალზე შორს შეტოპა და რუსეთმა მას უბრალოდ ზურგი უნდა შეაქციოს. ”ჯერჯერობით რუსეთმა და ოპეკმა თავი აარიდეს ღია დაპირისპირებას, მაგრამ ეს ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება... არ შეიძლება ოპეკმა ისე იმოქმედოს, თითქოს ის იყოს მწარმოებელი, ექსპორტიორი და მსოფლიო მასშტაბის მარეგულირებელი ერთდროულადო”, წერს ხოდოროვსკი.

საქმე ისაა, რომ რუსეთის მენავთობეების აზრით, და ხოდოროვსკი მათ პოზიციას გამოხატავს, მსოფლიოში არასტაბილური ვითარების გამო რუსეთს საშუალება უნდა ჰქონდეს საკუთარ ტერიტორიაზე გაზარდოს ნავთობის წარმოება. უფრო მეტიც, მსოფლიო ბაზრებზე რუსეთმა უკან უნდა დაიბრუნოს საბჭოთა კავშირის წილი.
ხოდოროვსკი მომხრეა რეგულირებისა საშუალო ვადით, რაც უფრო მეტად დაიცავდა მწარმოებლებსაც და მომხმარებლებსაც. ანუ ეს ფილოსოფია ემყარება საინვესტიციო რისკის შემცირებას.

მაგრამ, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ არსებობს გარეშე ძალებისგან ბაზრების დაცვის მექანიზმი.
ასე რომ, განურჩევლად იმისგან, მოუვა თუ არა რუსეთს ოპეკთან კონფლიქტი, ერთი რამ ცხადია – რუსეთი ვერ გააკონტროლებს ბაზარს.
XS
SM
MD
LG