Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე წლის იანვრის თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტი, წინა წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ შემცირდა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2002 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 621 მილიონ 42 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

აქედან, ექსპორტი 171 მილიონ 50 ათასი აშშ დოლარით, ხოლო იმპორტი 449 მილიონ 92 ათასი აშშ დოლარით განისაზღვრა.
სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო 278 მილიონ 42 ათასის დონეზე დაფიქსირდა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტის მოცულობამ 170 მილიონ 25 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტისამ - 48 მილიონ 504 ათასი. სულ, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 655 მილიონ 29 ათასი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, ხოლო სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო - 314 მილიონ 79 ათასი დოლარით. ანუ უარყოფითი სავაჭრო სალდო, გასულ წელთან შედარებით, წელს უმნიშვნელოდ შემცირდა.
მიმდინარე წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის, გასულ წელთან შედარებით, რუსეთი ლიდერობს, რაც, ძირითადად, ამ ქვეყნიდან ენერგოშემცველების ექსპორტით არის გამოწვეული. თავად სავაჭრო პარტნიორების ათეული, ტრადიციულად, წარმოდგენილი იყო შემდეგი ქვეყნებით:
რუსეთი (საგარეო სავაჭრო ბრუნვა საანალიზო პერიოდში შეადგენდა 120 მილიონ 29 ათას აშშ დოლარს, საიდანაც ექსპორტის წილად მოდის 2 მილიონ 866 ათასი აშშ დოლარი, იმპორტის - 91 მილიონ 62.8 ათასი აშშ დოლარი, სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო 30 მილიონ აშშ დოლარის ტოლია);
სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორეა თურქეთი, რომელთანაც საგარეო სავაჭრო ბრუნვა შეადგენს 10 მილიონ 957 ათას აშშ დოლარს, აქედან, ექსპორტი - 42 მილიონ 76 ათას აშშ დოლარს, იმპორტი - 68 მილიონ, სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო - 24მილიონ აშშ დოლარს.
საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის იანვარში იყო: აზერბაიჯანი, გერმანია, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი და თურქმენეთი.
ძირითადი პარტნიორი ქვეყნებიდან საქართველოს მხოლოდ აშშ-თან, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიასთან აქვს დადებითი სავაჭრო ბალანსი. დანარჩენ შვიდ სახელმწიფოსთან სავაჭრო ბალანსი უარყოფითია. ანუ ქვეყანას უფრო მეტი შემოაქვს, ვიდრე გააქვს, რაც, საბოლოოდ, უარყოფითად აისახება მთლიან ეკონომიკურ პროცესებზე.
სასაქონლო ჯგუფებიდან საქართველოს უმთავრეს საექსპორტო პროდუქციას წარმოადგენს: საფრენი აპარატები, შავი ლითონის ჯართი, ღვინო, ალუმინის ნარჩენები, ფეროშენადნობები, ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები, ნედლი ნავთობი, სპილენძის მადანი და კონცენტრატები. ამ შემთხვევაშიც, ტექნოლოგიატევად და, შესაბამისად, ძვირადღირებული პროდუქტების ნაცვლად, სახელმწიფო, ძირითადად, ნედლეულისა და ჯართის ექსპორტს ეწევა.
უმსხვილეს საიმპორტო სასაქონლო ჯგუფში კი, ძირითადად, ნავთობი, ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი, სამკურნალო საშუალებები, ფქვილი, ელექტროენერგია, სიგარები და სიგარეტები, შაქარი, რადიო, სატელევიზიო აპარატურა და მსუბუქი ავტომობილები ფიგურირებს. "საიმპორტო კალათა" ტრადიციულია ამ პერიოდისათვის, როდესაც ქვეყანა ენერგოშემცველების მწვავე დეფიციტს განიცდის და იძულებულია ენერგია საზღვარგარეთ შეიძინოს.
XS
SM
MD
LG