Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს კოსოვოს სცენარის განმეორება საქართველოში


თუ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ირინა სარიშვილი-ჭანტურიას პროგნოზს დავუჯერებთ, რუსეთის მიერ საქართველოში კოსოვოს ვარიანტის განხორციელებამდე სულ რამდენიმე დღეღა რჩება.

მიუხედავად იმისა, რომ პირქუში წინასწარმეტყველებით საქართველოში დღეს ვერავის გააკვირვებ, არასაპარლამენტო პარტიის ლიდერის ინფორმაცია მაინც უმალ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და, როგორც იტყვიან, საღერღელი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც აუშალა. თუმცა რატომღაც არავის გაუჩნდა სურვილი დაესვა ძალიან მარტივი შეკითხვა, რას ნიშნავს "კოსოვოს სცენარი" და რამდენად არის შესაძლებელი მისი განმეორება საქართველოში.

1999 წლის მარტში, როდესაც ნატოსა და მოკავშირე ქვეყნების გაერთიანებული ძალები კოსოვოში სამშვიდობო-ჰუმანიტარული ოპერაციის სახმელეთო ფაზას იწყებდნენ, მსოფლიო რუს მშვიდობისმყოფლებთან დაკავშირებულ ინციდენტზე ალაპარაკდა. როგორც ცნობილია, სანამ გაერთიანებული ძალების ხელმძღვანელობა ისტორიული მომენტის დასაფიქსირებლად სი-ენ-ენ-ის გადამღებ ჯგუფს ელოდებოდა, რუსმა მედესანტეებმა პაუზით ისარგებლეს და ერთ-ერთი სამხედრო აეროდრომი შტურმით დაიკავეს.

იმის გამო, რომ სახმელეთო ოპერაციის ყველა დეტალი შეთანხმებული იყო მის ყველა მონაწილე მხარესთან, გაერთიანებული ძალების სარდლობა გაკვირვებას ვერ მალავდა, თუ რისთვის დასჭირდათ რუსებს ძალის ფუჭი დემონსტრირება. მაგრამ გაკვირვება სულ მალე ირონიულმა დამოკიდებულებამ შეცვალა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ საკუთარ უზრუნველყოფის ნაწილებს მოწყვეტილი და ამაყ სიმარტოვეში მყოფი რუსი მედესანტეები თავად აღმოჩნდნენ ჰუმანიტარული კატასტროფის საშიშროების წინაშე.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ჯონი ფირცხალაიშვილი ვარაუდობს, რომ კოსოვოს ვარიანტის განმეორების შესახებ წამოწყებული საუბრების ავტორებს მხედველობაში სწორედ ეს ისტორია უნდა ჰქონდეთ.
[ჯონი ფირცხალაიშვილის ხმა] "რას ნიშნავს და, კოსოვოში, ხომ იცით, რაც მოხდა? ე.ი. გაუფრთხილებლად შევიდა რუსის ჯარი. მეტი არაფერი არ მოხდა(სიცილი). და ამის თაობაზე მიდის საუბარი ზუსტად - რომ არ მოხდეს ჩვენთან ეს."
მიუხედავად იმისა, რომ ირონიას ვერ მალავს, გენერალი ფირცხალაიშვილი იძულებულია ანგარიში გაუწიოს საერთო ტენდენციას და, თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძის მსგავსად, "ირიბად" დაადასტუროს ეს ინფორმაცია.

მაგრამ იბადება შეკითხვა, თუ რატომ ადასტურებენ, თუნდაც არაპირდაპირ, ამ, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ დამაჯერებელ ინფორმაციას უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები? ან თავად ირინა სარიშვილი-ჭანტურია "პაბლიქ რილეიშენში" საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლის კარგად ცნობილ "ირიბ მეთოდს" ხომ არ მიმართავს იმისთვის, რომ უკეთ ტრანსლირებადი და დამაჯერებელი გახადოს იმავე ხელმძღვანელების პოზიცია, რომლებიც ამ ინფორმაციის კომენტატორებად ლამის ერთხმად მოგვევლინნენ?

სხვადასხვა პოლიტიკოსების შესრულებით, ამგვარი "ირიბი მეთოდის" გამოყენების ფაქტებს საქართველოში არაერთხელ ჰქონია ადგილი და ირინა სარიშვილი-ჭანტურია, ამ თვალსაზრისით, გამონაკლისად ნამდვილად ვერ ჩაითვლება.
უფრო ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ "კოსოვოს ვარიანტის" ხსენება ერთგვარი გამტარის როლს ასრულებდა, რათა სარიშვილ-ჭანტურიას გაეხმიანებინა ხელისუფლების მთავარი "მესიჯი". კერძოდ, კოსოვოს ვარიანტის თავიდან აცილების მიზნით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის თქმით,საჭიროა საჯაროდ მოხდეს დეკლარირება აფხაზეთში შექმნილი ვითარებისა, რათა ამერიკულმა მხარემ დაუყოვნებლივ დაიწყოს ანტიტერორისტული კამპანია აფხაზეთში.

ქართული სპეცსამსახურების მიერ ოთხი ავღანელის დაკავების ფაქტი და საუბარი "ალ-ყაიდას" მებრძოლების აფხაზეთში გამოჩენის თაობაზე, ამ საჯარო დეკლარირების მხოლოდ დასაწყისია და სავარაუდოა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხით პროპაგანდისტულ მუშაობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG