Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღელვარება სტუდენტებს შორის


დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენი რადიოს ორშაბათის გადაცემაში გაუწყებდით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩაატარეს გამოკითხვა თავიანთი ლექტორების ავ-კარგის დასადგენად:

არიან თუ არა კორუმპირებულები, რამდენად ფლობენ საგანს და უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას და ა.შ. გამოკითხვის შედეგთაგან სტუდენტებმა საზოგადოებას ამცნეს, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე ყველაზე კორუმპირებულ ლექტორებად მიიჩნიეს შალვა ჩიკვაშვილი და ვალერიან მეტრეველი. უნივერსიტეტის ლექტორებმა ასეთი შეფასება ღირსების შელახვად მიიჩნიეს და სტუდენტ ვახტანგ გოძიაშვილს სასამართლოში უჩივლეს. ხუთშაბათს, 14 მარტს, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე, რამდენიმე ათეული სტუდენტი შეიკრიბა თავიანთი კოლეგების მხარდასაჭერად.

სტუდენტთა შეკრების წინ ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ თემურ კაჭარავამ განმიცხადა, რომ აქ თავს იყრიან სტუდენტები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან გამოკითხვის ობიექტურობაში. შალვა ჩიკვაშვილისა და ვალერიან მეტრეველის სასამართლოში ჩივილი მაინცდამაინც ვახტანგ გოძიაშვილის წინააღმდეგ გაუმართლებელია, რადგან გოძიაშვილმა მხოლოდ წარმოადგინა სტუდენტთა საერთო აზრი. ამასთან, კაჭარავას აზრით, გამოკითხვას არანაირი ფარული მიზნები არ ჰქონია; იმავე ბიოლოგიის ფაკულტეტზე სტუდენტებს თავიანთი ლექტორების შესახებ გაცილებით უკეთესი წარმოდგენა აქვთ (გნებავთ, პროფესიონალიზმის, გნებავთ, პატიოსნების თვალსაზრისით), ვიდრე იურიდიულ ფაკულტეტზე. თემურ კაჭარავა მეოთხეკურსელია. “სწავლის გაგრძელებას ვაპირებ მაგისტრატურაში და ისიც ვიცი, რომ ამის გამო არავინ თანხას არ მომთხოვს,” – განმიცხადა მან.

სტუდენტთა შეკრებაზე სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის სტუდკავშირის თავმჯდომარე დათო მესხიშვილი. მან შეახსენა აუდიტორიას, რომ შეურაცხყოფილი ლექტორები მექრთამეებად მათი გამოცხადებისათვის ვახო გოძიაშვილისგან მორალური ზარალის საკომპენსაციოდ, სასამართლოს გზით, თანხას მოითხოვენ. [მესხიშვილის ხმა]: “ჩემთვის, პირადად, სასაცილოა, როცა სტუდენტები ლექტორს ედავებიან თანხის აღებაზე და ის კი მათგან თანხას ითხოვს. ბატონმა ვალიკო მეტრეველმა კი, საერთოდ, განაცხადა, რომ ასეთი სახის გამოკვლევები თბილისის უნივერსიტეტში არ უნდა ტარდებოდეს. ესეც, ცოტა არ იყოს, უცნაურია. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სტუდენტებმა შეძლეს ხმა ამოეღოთ ამ, მართლაც, არასასიამოვნო ფაქტის წინააღმდეგ, რაც ჩვენ ბოლო პერიოდში უნივერსიტეტში შევამჩნიეთ; ან შეიძლება ყოველთვის იყო – ეს მთლიანად საქართველოს სენია. კარგია, როცა ამაზე ხმამაღლა ვლაპარაკობთ”.

დათო მესხიშვილის შემდეგ სიტყვა აიღო სტუდენტმა, რომლის სახელი შემდგომ ატეხილი აურზაურის გამო ვეღარ შევიტყე; თქმით კი აი, ეს თქვა [უცნობი სტუდენტის ხმა]: “ჩვენ თვითონ, სტუდენტებმა, ჩვენს თავში უნდა ვეძებოთ დანაშაული. იქნებ თავად ვართ კორუფციაში დამნაშავე? მაგალითად (მიმართავს დათო მესხიშვილს), დათო, მე ვიცი, რომ არსებობს სარევიზიო კომისიის დასკვნა, რის მიხედვითაც, შენ უნივერსიტეტის სტუდკავშირიდან გარკვეული თანხის გაფლანგვაში გედება ბრალი. მე მინდა, ახლა აუხსნა ამ აუდიტორიას, რა თანხებზეა ლაპარაკი, რატომ გედება ეს ბრალი (ისმის მესხიშვილის ხმა): ჯერ ერთი, შენ არავინ გეკითხება, იმიტომ, რომ სარევიზიო კომისიის წევრი არა ხარ”...

ამ შელაპარაკებას, რაღა თქმა უნდა, კინკლაობა და აყალ-მაყალი მოჰყვა, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა.
XS
SM
MD
LG