Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეშეკ ბალცეროვიჩის მოსაზრებები განათლების სისტემის შესახებ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი “სახელმწიფო გარდამავალ პერიდში”. ასე ჰქვია ცნობილი პოლონელი ეკონომისტის ლეშეკ ბალცეროვიჩის წიგნს, რომელიც ქართულ ენაზე თარგმნა ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატმა ამბროსი გრიშიკაშვილმა.

ნაშრომის ერთი თავი განათლების სისტემის პრობლემებს ეძღვნება. ეს თემა მოიცავს რამდენიმე საკითხს, მათ შორის, სამ ძირითად მოთხოვნას, რომელსაც განათლების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს.

რას გულისხმობს პირველი მოთხოვნა, რომელსაც თანამედროვე განათლების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს? ლეშეკ ბალცეროვიჩის მიხედვით, უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა უნდა მიეცეს შესაბამისი უნარისა და მონდომების მქონე ნებისმიერ ახალგაზრდას, მისი მშობლების მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად. ავტორის თქმით,”ეს მოთხოვნა მომავალი თაობის შანსების გათანაბრების აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ამ მოთხოვნის რეალიზაცია აუცილებელია როგორც საზოგადოებრივი სამართლიანობის მისაღწევად, ისე ქვეყნის საერთო განვითარებისათვის”.

“ადამიანის ტალანტი ხომ ნებისმიერი საზოგადოებისათვის დამახასიათებელ უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ სიმდიდრეს წარმოადგენს”, - აღნიშნავს ბალცეროვიჩი.

მეორე მოთხოვნა, რომელსაც განათლების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს, არის ის, რომ სკოლებში, მინიმალური დანახარჯების შედეგად, უნდა მომზადდეს სათანადო აღზრდა-განათლების მქონე მოზარდი თაობა. ბალცეროვიჩი წერს, რომ მეორე მოთხოვნა ეფექტურობის ზოგად კრიტერიუმს წარმოადგენს. მისი განმარტებით, “ასეთი კრიტერიუმი არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ სურსათის თუ სამრეწველო საქონლის წარმოების სფეროთი და არ შეეხოს განათლების ან ჯანმრთელობის დაცვის მუშაკთა შრომას. მატერიალური წარმოების მსგავსი კრიტერიუმებით შეიძლება შეფასდეს ყოველი საქმიანობა, რომლის შედეგებიც სასარგებლოა მომხმარებლისათვის და ამართლებს მასზე გაწეულ ხარჯებს. ამ თვალსაზრისით, განათლების სფერო შეიძლება განვიხილოთ როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წარმოების სფერო.” ავტორის თქმით, “ამდენად, არ არსებობს არავითარი აუცილებლობა, რომ ვიხელმძღვანელოთ მარქსისტული მიდგომით, რომლის მიხედვით, წარმოების სფეროს განეკუთვნება მხოლოდ ის დარგები, სადაც მატერიალურ საგნებს აწარმოებენ.” “განათლების სისტემის საქმიანობის ეფექტურობა დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ, წარმოების სხვა სფეროების მსგავსად, განათლების სისტემის სუბიექტების – პედაგოგ-მასწავლებლების - დაფინანსება ხდება გადამხდელთა ფინანსური სახსრებიდან და ამ შეთხვევაში სახელმწიფო, როგორც წესი, მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებს.”

ლეშეკ ბალცეროვიჩის მესამე მოთხოვნის მიხედვით, განათლების სისტემამ უნდა აღზარდოს ისეთი მოზარდი თაობა, რომელსაც ექნება უნარი, თანამედროვე საზოგადოებისათვის დამახასიათებელ ცვლილებებზე შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ავტორის თქმით, “ამიტომ საჭიროა, რომ განათლების სისტემამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს მოზარდებისათვის ზოგადი ცოდნის გადაცემას და უარი თქვას ზედმეტ სპეციალიზაციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში განათლების სისტემა ხელს შეუწყობს უმუშევრობის ზრდას. მაგალითად, პოლონეთის განათლების სისტემაში 300-მდე ვიწრო სპეციალიზაცია ისწავლებოდა, მაშინ როცა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ეს მაჩვენებელი 16-ს არ აღემატებოდა. პოლონეთში არსებობს მაღალი დონის უმუშევრობის რეგიონები, სადაც შეუძლებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მუშაკის მოძებნა.”

ავტორი აღნიშნავს, რომ მოყვანილი მაგალითი ხაზს უსვამს განათლების სისტემის სრულყოფის აუცილებლობას, უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტის თვალსაზრისით. ლეშეკ ბალცეროვიჩის თქმით, “შრომის ბაზარზე არსებობს მოთხოვნა ისეთ მუშაკზე, რომელსაც, გარკვეულ კვალიფიკაციასთან ერთად, შეძენილი აქვს ცვალებად გარემოსთან და საბაზრო ეკონომიკის დინამიკურ პირობებთან შეგუების უნარი.”
XS
SM
MD
LG