Accessibility links

logo-print

დიკ ჩეინის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში


ანდრო ეული, პრაღა გრძელდება შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში.

ხუთშაბათს იგი იემენს ეწვია და ამ ქვეყნის პრეზიდენტთან, ალი აბდულა სალესთან გამართა მოლაპარაკება.


სხვა საკითხებთან ერთად, იემენის პრეზიდენტთან მოლაპარაკებისას დიკ ჩეინიმ მოიხსენია ვაშინგტონის დაპირება, სამხედრო მრჩევლები გააგზავნოს იემენში, სადაც სადაზვერვო მონაცემების თანახმად, საუდის არაბეთის მოსაზღვრე რაიონებში ”ალ-ყაიდის” მებრძოლები აპირებენ ახალი ბაზის დაარსებას. დიკ ჩეინი იემენში ჩავიდა ეგვიპტიდან, სადაც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკთან შეხვედრისას, ოთხშაბათს ერაყის პრობლემას შეეხო.

”ჩვენ ზეწოლას მოვახდენთ სადამ ჰუსეინზე, რათა ერაყის პრეზიდენტმა დაუშვას ქვეყანაში გაეროს განიარაღების ექსპერტები. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი პრეზიდენტი ჰუსეინი თანახმაა ექსპერტების მიღებაზე”- განაცხადა დიკ ჩეინისთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჰოსნი მუბარაკმა.

გაეროს განიარაღების ექსპერტთა შესაძლო დაბრუნება ერაყში ხელს აძლევს ეგვიპტეს, იორდანიასა და სხვა ზომიერ არაბულ ქვეყნებს, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ თუ შეერთებული შტატები სამხედრო აქციას განახორციელებს ერაყის წინააღმდეგ, ამას მძაფრი რეაქცია მოჰყვება არაბული სამყაროს მხრიდან.

მას შემდეგ, რაც სამშაბათს ჩეინი არაბულ სამყაროს ეწვია, დაინახა, რომ ვიდრე ვაშინგტონის ძალისხმევით ახლო აღმოსავლეთში არ დამყარდება მშვიდობა, შეერთებულ შტატებს გაუჭირდება ერაყის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში ფართო მხარდაჭერის მოპოვება. თუმცა, მაშინაც კი, თუ გაეროს განიარაღების ექსპერტები ერაყში დაბრუნდებიან, მოსალოდნელ კონფრონტაციას ვაშინგტონსა და ბაღდადს შორის მაინც არ მოეღება ბოლო. ერაყელმა დიპლომატებმა არაპირდაპირ მიანიშნეს, რომ შეზღუდავენ თავიანთი სამხედრო ობიექტების შემოწმებას. ჩეინიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ თუ გაეროს ექსპერტები განაახლებენ ერაყში საქმიანობას, მათ უნდა მიეცეს მოქმედების სრული თავისუფლება, რათა დაუბრკოლებლად შეამოწმონ ნებისმიერი ობიექტი როცა კი მოესურვებათ.

ერაყის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარების ძალისხმევა დაიწყო მას შემდეგ, რაც არაბული ლიგის გენერალური მდივანი და ეგვიპტის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ამრ მუსა ბაღდადს ეწვია. გასულ კვირაში ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოლაპარაკება გამართა გაეროში, სადაც ერაყელებმა შეშფოთება გამოთქვეს იმის გამო, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტები ერაყში ჯაშუშური საქმიანობით იქნებიან დაკავებულები.

ერაყელ დიპლომატთა შემდგომი მოლაპარაკება გაეროში აპრილის პირველ რიცხვებში გაიმართება. თუმცა ერაყელთა პოზიცია იმაზე მიანიშნებს, რომ გაეროს განიარაღების ექსპერტთა საქმიანობა, თუკი მათ დაუშვებენ რაღა თქმა უნდა ერაყში, შეზღუდული იქნება.
XS
SM
MD
LG