Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიებს ნავთობი და გაზი ქმნის


ის, რაც დღეს საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისათვის ერთერთ მთავარ მუქარას წარმოადგენს, უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის მთავარი გარანტი გახდება.

ამის თქმის საფუძველს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებარე ნავთობისა და გაზის მილსადენები იძლევა. ჩვენი ქვეყნის ენერგომატარებლებით მომარაგებასთან ერთად, რაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტიებს ქმნის, მილსადენების უსაფრთხობის უზრუნველყოფა საქართველოს თავდაცვისუნარიანობასაც ზრდის.

14 მარტს თბილისში გაიხსნა საქართველოს ნავთობის, გაზისა და ენერგეტიკის პირველი კონფერენცია-გამოფენა. მასში მონაწილეობენ სამხრეთ კავკასიის, რუსეთის, აშშ-ს, ყაზახეთისა და თურქეთის ნავთობკომპანიები, სახელმწიფო მოხელეები და ექსპერტები. 14 მარტსვე ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობასა და შაჰდენიზი-თბილისი-ერზერულის გაზსადენის ინვესტორ კომპანიებს შორის. ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო განიხილება, როგორც ბუნებრივი აირის სატრანზიტო და მომხმარებელი ქვეყანა. კონფერენცია არამარტო საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებს შეეხება. მისი მსჯელობის საგანი კასპიის ენერგეტიკული რეგიონის პრობლემებიცაა, თუმცა ჯერჯერობით ყურადღებას ჩვენს ქვეყანაზე შევაჩერებ, რომელსაც ამ დღეებში რუსეთიდან ბუნებრივი აირის შეწყვეტა კვლავ ემუქრება.

შაჰდენიზი-თბილისი-ერზერულის გაზსადენის ამოქმედების, ანუ 2005 წლის, შემდეგ ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო ტარიფის ნაწილს ფულადი, ხოლო ნაწილს ნატურის სახით მიიღებს. ნატურა - ბუნებრივი აირი მოცულობით იმაზე 3 ჯერ მეტი იქნება, ვიდრე საქართველო ამჟამად მოიხმარს.

ეს გაზსადენი და კიდევ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი ევროპისა და ამერიკის ენერგო მომარაგების მთავარი ალტერნატიული წყაროს ფუნქციის მატარებელი იქნება. მხოლოდ გაზსადენის პროექტის საერთო ღირებულება 15 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, სერიოზულ დაცვას და უსაფრთხოების გარანტიებს საჭიროებს, მითუმეტეს, ისეთ ფეთქებადსაშიშ რეგიონში, როგორიც კავკასიაა.

საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტის გიორგი ჭანტურიას განცხადებით: [ჭანტურიას ხმა] „აქ ისეთი ინტერესების ბალანსი ყალიბდება უკვე ამერიკისა და ევროპისა, რაც ქმნის იმის უტყუარ დადასტურებას, რომ საქართველო მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან გარანტიებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ევროპიდან, უსაფრთხოების შექმნისა და სტაბილური გარემოს შექმნის კუთხით.“

ამას მოწმობს კასპიის ენერგეტიკული დიპლომატიის საკითხებში შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩევლის სტივენ მანის მიერ კონფერენციაზე გაკეთებული განცხადებაც. მისი თქმით, ამერიკა მზადაა დაეხმაროს საქართველოს მილსადენების უსაფრთხოების სისტემის შემუშავებაში.

ექსპერტები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ კონფლიქტებით და სხვადასხვა სახელმწიფოთა სტრატეგიული ინტერესებით გარემოცულ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ენერგეტიკული დერეფნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩრდილო ატლანტიკური ალიანსიც შეიძლება ჩაერთოს. ეს საკითხი იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა უახლოეს მომავალში, საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ბრიუსელში, „ნატოს“ შტაბბინაში, ვიზიტისას.
XS
SM
MD
LG