Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი ისრაელისგან პალესტინელთა ტერიტორიებიდან ძალების გაყვანას მოითხოვს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ისრაელისგან პალესტინელთა ტერიტორიებიდან ჯარის სრულ გაყვანას მოითხოვს.

პარალელურად ის მოუწოდებს პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს, აღკვეთოს ტერორისტული აქტები ისრაელის წინააღმდეგ.

ოთხშაბათს ბუშმა გააკრიტიკა ისრაელი, თქვა რა, რომ მის სამხედრო აქციებს არ მოაქვს შედეგი, პირიქით, ისინი ვნებს ისრაელის საკუთარ ინტერესებს.

როგორც წერს გაზეთი “ინტერნეიშნლ ჰერალდ ტრიბიუნი”, არავინ არ მოელის, რომ ისრაელი არ გამოეპასუხება პალესტინელ სნაიპერებსა და თვითმკვლელ ტერორიტებს, მაგრამ ვაშინგტონს მიაჩნია, რომ ისეთი მასშტაბების სამხედრო ოპერაციები, რომელსაც ატარებს ისრაელი, მიუღებელია. ბოლო ორი კვირის განმავლობაში 160 პალესტინელი იქნა მოკლული. შეერთებული შტატები მოითხოვს, რომ ისრაელმა მიზანმიმართულად იმოქმედოს ტერორისტების და არა პალესტინელთა ფართო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

მაგრამ, როგორც აღნიშნავს გაზეთი “ეკონომისტი”, 15 მარტის ნომერში, ეს ინტიფადა წინა, 1980იანი წლების მიწურულის ინტიფადისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. დღეს ინტიფადა შეიარაღებულია და ოსლოში დადებული უსაფრთხოების ყველა დაპირებების მიუხედავად, პალესტინელებმა მოახერხეს ისრაელის ნორმალური ცხოვრების დარღვევა. ამ ასიმეტრიულ ომში ისრაელის არმიას არ შეუძლია სდიოს ცალკეულ ახალგაზრდა თვითმკვლელ პალესტინელს, რომელიც ხალხმრავალ პიცერიაში თავის აფეთქებას ან ქორწილში თავმოყრილი სტუმრების ავტომატით დაცხრილვას აპირებს. ასეთ მოწყვლადობას შეუჩვეველი ისრაელის მოქალაქეები, სულ უფრო კარგავენ არაფატისამდმი იმ ნდობის ნასახს, რომელიც მათ ჰქონდათ ოსლოს შეთანხმების შემდეგ.

პალესტინელებმა კი, და არა მარტო იმათ, რომლებიც არასოდეს არ სცნობდენ ისრაელის არსებობის უფლებას, დაინახეს რა, რომ შეუძლიათ ისრაელისთვის დიდი ზიანის მიყენება, დაიჯერეს, რომ შეძლებენ ძალის გამოყენებით მთელი პალესტინის დასაკუთრებას. ეს რწმენა , რასაკვირველია, ილუზიაა, წერს გაზეთი. და შეერთებული შტატების ამოცანაა დაარწმუნოს პალესტინელები, რომ მშვიდობა მათ უფრო მეტს მოუტანს, ხოლო ისრაელს შეაგნებინოს, რომ, თუმცა ვაშიგტონი კვლავაც ზრუნავს მის უსაფრთხოებაზე, მისთვის მიუღებელია მხოლოდ ძალის გამოყენების პოლიტიკა.

როგორც აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა ხუთშაბათს, “ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორივე მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გადადგს ნაბიჯები ისეთი პირობების შესაქმნელად, რომ პროგრესი გახდეს შესაძლებელიო”.

ამერიკელ ებრაელთა ჯგუფმა კი განაცხადა, რომ ადმინისტრაციის მოთხოვნა, რომ ისრაელმა გაიყვანოს ყველა ძალები, არ ითვალისწინებს იმას, რომ პალესტინელი ტერორისტები განაგრძობენ უდანაშაულო ადამიანების განადგურებას. “ეს პალესტინელთა ლიდერებს მიანიშნებს, რომ ძალადობა ამართლებს”, განაცხადა ანტიდეფამაციის ლიგის დირექტორმა აბრაჰამ ფოქსმანმა.

ხუთშაბათ 230-მა კონგრესმენმა ბუშისგან წერილობით მოითხოვა შეიტანოს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში სამი პალესტინური ჯგუფი. ესენია: “ალ-აქსას ბრიგადა”, რომელმაც იკისრა პასუხმიგებლობა რამდენიმე სისხლიან ტერორისტულ აქტზე ისრაელში; “ტანზიმი”, არაფატის კონტროლის ქვეშ მყოფი პალესტინის განთავისუფლების ორანგაიზაციის “ფათაჰის” ფრაქციის სამხედრო ფრთა და “ძალა 17”, არაფატის საპრეზიდენტო დაცვა.
სახელმწიფო დეპარატამენტის სია 30 ტერორისტულ ორგანიზაციას ითვლის. ამ სიაში მოხვედრა ორგანიზაციისთვის ნიშნავს შეერთებულ შტატებში მისი საბანკო ანგარიშების გაყინვას, მისი წევრებისთვის ამერიკის ვიზაზე უარის თქმას, ხოლო ამერიკაში მყოფი წევრების ქვეყნიდან გაძევებას.
“არაფერი არ განასხვავებს ამ ჯგუფებს – მათ ტაქტიკასა და თვითმკვლელურ ტერორისტულ აქტებს – “ჰამასის”, “ისლამური ჯიჰადის” ან სხვა მსგავსი ორგანიზაციებისგან, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა უკვე სცნო ტერორიტსულ ორგანიზაციებად”, თქვა რესპუბლიკელმა ილიანა როს-ლეთინენმა ფლორიდის შტატიდან.
XS
SM
MD
LG