Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საპარლამენტო უმრავლესობის კონტურები


ის, რაც მიმდინარე კვირის ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტში მოხდა, კარგა ხნის წინ იყო მოსალოდნელი.

ფრაქცია "ახალ მემარჯვენეებს" პოლიტიკური თანადგომა გამოუცხადეს, ერთი მხრივ, პრეზიდენტის და, მეორე მხრივ, აჭარის ლიდერის - ასლან აბაშიძის - მომხრე ფრაქციებმა. არ არის გამორიცხული, ამ ძალების თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს.

"ახალი მემარჯვენეების" ფრაქცია - სოციალისტების შემდეგ - მეორე პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც დაჟინებით მოითხოვდა ედუარდ შევარდნაძის გადადგომას მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტიდან. ამ მოთხოვნას ორი მიზანი შეიძლება ჰქონოდა. პირველი, ნაკლებად სავარაუდო: დაშლილიყო საპარლამენტო უმრავლესობა და ქვეყანა კონსტიტუციურ ჩიხში აღმოჩენილიყო. მეორე, მეტად სავარაუდო: პრეზიდენტს ნებაყოფლობით დაეშალა ძველი უმრავლესობა და, მის ნაცვლად, შეექმნა ახალი, თუნდაც, "მემარჯვენეებზე" დაყრდნობით.

ფორმალური უმრავლესობის დაშლას ედუარდ შევარდნაძე მშვიდად შეხვდა და არაერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მათ შორის, პირველ რიგში, მართლაც, "ახლები" იგულისხმებოდნენ, რომლებიც თავის ურთიერთობას პრეზიდენტთან ყოველთვის "კონსტრუქციულს" უწოდებდნენ. თუმცა თავიდანვე ცხადი იყო, რომ ახალი უმრავლესობისთვის რეზერვი არსებობდა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ახლებთან" - როგორც პოლიტიკურ საყრდენთან - და პრეზიდენტის მხარდამჭერ დანარჩენ ფრაქციებთან გაერთიანდებოდა "აღორძინების" ბლოკის ნაწილი მაინც.

უმრავლესობის შექმნას ხელს უშლიდა და უშლის სწორედ ის რეალობა, რომ ედუარ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის მიერ საპარლამენტო ბერკეტების გადანაწილება პოლიტიკურ ლოგიკას ეწინააღმდეგება. თავის პოლიტიკურ ცენტრში პრეზიდენტი ასლან აბაშიძეს ნებაყოფლობით არასოდეს გააძლიერებს.

მაშ, როგორ მოხდა, რომ "ახლების" მხარდასაჭერად პრეზიდენტის და აჭარის ლიდერის მომხრე ფრაქციები გაერთიანდნენ? ეს შემთხვევითი გადაწყვეტილება იყო, თუ, პირიქით, შევარდნაძისა და აბაშიძის მომხრე ფრაქციები, "ახლებთან" ერთად, მომავალშიც კოორდინირებულად იმოქმედებენ? შეიძლება ითქვას, რომ ოთხშაბათს პარლამენტში ახალი უმრავლესობის კონტურები გამოიკვეთა, ოღონდ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს უმრავლესობა ოფიციალურად არასოდეს გაფორმდება და ამ პროცესის მართვას პრეზიდენტი არასოდეს დაიბრალებს. ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც კულუარულად ან, თუნდაც, საჯაროდ დააკავშირებს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ძალებს, იქნება სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე. და ახალი არაფორმალური უმრავლესობაც გარკვეულ ეტაპზე სწორედ ჯორბენაძის სახელისუფლო ფუნქციას გააძლიერებს. თუმცა, საბოლოოდ, ისევ პოლიტიკური ლოგიკის გათვალისწინებით, კანცელარიისა და აჭარის ლიდერის მეგობრობა პოლიტიკური პროცესის მხოლოდ ფრაგმენტი აღმოჩნდება და არა სტრატეგიული ვექტორი.
XS
SM
MD
LG