Accessibility links

logo-print

426-ე გამოშვება


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 426-ე გამოშვებას.

დღეს კიდევ ერთხელ შევეხებით “ძველბიჭობის” ფენომენს ქართულ პოლიტიკაში; გესაუბრებით სასამართლოსა და მასმედიის ურთიერთობაზე; გაგაცნობთ მოსაზრებებს კორუფციასთან ბრძოლის მდგომარეობის შესახებ; შევხვდებით პრესტიჟული პრემიის ლაურეატ ქართველ ტელედოკუმენტალისტს – ნინო კირთაძეს; შემოგთავაზებთ საუბარს მხატვრული ფოტოს ოსტატთან, გია ჩხატარაშვილთან, რომლის გამოფენაც ახლახან გაიხსნა გერმანიის ქალაქ საარბრიუკენში.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.

[მუკისა]

“ძველბიჭობის” ფენომენი ქართულ პოლიტიკაში

ბიძინა რამიშვილი:
ამ ათი წლის წინათ, ქართულ პოლიტიკაში მოძალებული აგრესიისა და “ქუჩური” ურთიერთობების ანალიზისას, ფსიქოლოგები ვარაუდობდნენ, რომ დროთა განმავლობაში პოლიტიკაში მოსული ადამიანები ისწავლიდნენ საჯარო ურთიერთობათა წესებს და პოლიტიკოსთა ქცევა უფრო ცივილიზებულ ფორმებს მიიღებდა. სამწუხაროდ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, პროგნოზი არ გამართლდა. პოლიტიკოსები, ისინიც კი, ვინც თითქოს არ ტოვებდა ქუჩის ტრადიციების მოყვარულის შთაბეჭდილებას, უპირატესობას პოლიტიკისთვის არატრადიციულ ხერხებს ანიჭებენ.
გესაუბრებათ თამარ ჩიქოვანი.

თამარ ჩიქოვანი:
90-იანი წლების დასაწყისში, როცა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ქუჩიდან დარბაზებში გადაინაცვლა, ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა მანერები, მეტყველება და ჟესტები ხშირად შოკს იწვევდა. მეორე მხრივ, პოლიტიკოსები ადვილად მიხვდნენ, რომ ადამიანებისთვის თავის დამახსოვრების საუკეთესო ხერხი სწორედ მათი შოკში ჩაგდება იყო. ამიტომაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყველაზე უკეთ ისინი შემორჩნენ ჩვენს მეხსიერებას, ვინც თავისი გამოსვლებით საზოგადოების დიდი ნაწილის “გაკვირვებას” ახერხებდნენ.

1992-95 წლების მოწვევის პარლამენტს ქართველმა ჟურნალისტებმა ყველაზე ხმაურიანი პარლამენტი უწოდეს. იმ წლების მოვლენებიდან უთუოდ დაამახსოვრდებოდა ადამიანს ოპოზიციური და ხელისუფლების მხარდამჭერი პარტიების ჯგუფური გაწევ-გამოწევები სხდომათა დარბაზში, რომ არაფერი ითქვას მაშინდელი სპიკერის მოადგილის ვახტანგ რჩეულიშვილისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ნოდარ ნათაძის ისტორიულ წუწაობაზე, ბორჯომის წყლის გამოყენებით.

თუმცა ეს ყველაფერი კეთილ მოგონებებად გამოიყურება იმ მუშტი-კრივის ფონზე, რაც ბოლო პერიოდში იმართება პატივსაცემ პარლამენტარებს შორის. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, პოლიტიკოსები მუშტის დახმარებით ერთმანეთთან ურთიერთობის გარჩევით ამაყობენ კიდეც.

გასულ კვირას მოქალაქეთა კავშირის ორმა წევრმა – შემოსავლების ყოფილმა მინისტრმა მიხეილ მაჭავარიანმა და პარლამენტარმა ირაკლი გოგავამ - პარტიის შტაბში ერთმანეთთან ურთიერთობა გაარკვია. ჟურნალისტები დიდხანს არკვევდნენ, ვინ ვინ გალახა. თავად ფაქტს – სრულიად არანორმალურ ვითარებას, როცა ზრდასრული ადამიანები ერთმანეთს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ, გაკვირვება არ გამოუწვევია. ამავე პარტიის ყოფილი გენერალური მდივნის ედვარდ სურმანიძის განმარტებით:

[ედვარდ სურმანიძის ხმა] “აქ მე არ დავიწყებ, თქვენი მონაწილეობით, იმაზე ლაპარაკს, ვის რატომ და რისთვის მოხვდა ყურის ძირში, მაგრამ, როდესაც ადამიანები ხშირად აჭარბებენ ეთიკას, ნორმებს, წონას, ზომებს საზოგადოებაში, მათ დასაწყნარებლად ასეთი ფორმა სჭირდებათ.”

ყოფილ მმართველ პარტიაში მუშტი-კრივის დახმარებით ურთიერთობის გარჩევა, სამწუხაროდ, ცუდ ტრადიციად მკვიდრდება. ამ კვირაში უკვე ახალგაზრდა მოქალაქეები არკვევდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას მუშტების არგუმენტით. იმაზე რომ არაფერი ითქვას, თუ რამდენად ჯდება დემოკრატიულ ფასეულობებში სხდომათა დარბაზიდან საკუთარი პარტიის ერთი ჯგუფის დათხოვნა, ხელის შეშლის მომიზეზებით, ნამდვილად მძიმე საყურებელი იყო სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერით ნაჩვენები კადრები, როგორ სცემდა ათიოდე ახალგაზრდა თავის თანაპარტიელს, რომელსაც თურმე პარტიის გენერალური ხაზისგან განსხვავებული აზრი აღმოაჩნდა.

ამ დღეებში პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელიც ტელეკომპანიებს უკრძალავს დღის მანძილზე ძალადობის შემცველი ფილმების ეკრანით ჩვენებას, რათა მოზარდებზე ძალადობის შემცველმა კადრებმა უარყოფითი ზემოქმედება არ მოახდინოს. სამწუხაროდ, ამ კანონში არაფერია ნათქვამი, რა გავლენას მოახდენს მოზარდებზე ტელევიზიით ძალადობის შემცველი დოკუმენტური კადრების ჩვენება. მაგალითად, ისეთის, ხუთშაბათს ახალგაზრდა მოქალაქეების ჯგუფურ ცემა-ტყეპას რომ ასახავდა. იმავე დღეს მორიგი ცემა-ტყეპა პარლამენტშიც შედგა. იქ ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ნოდარ გრიგალაშვილი და ფრაქცია “აღორძინების” წევრი ბორის კაკუბავა შეებნენ. ტელეკამერებს ეს შერკინება არ უქცევიათ ისტორიის კუთვნილებად. სამაგიეროდ, გასულ კვირას, ტელევიზიის მეშვეობით, მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს, როგორ აგინებდა ერთმანეთს დედას ორი პატივსაცემი პარლამენტარი. და თუ ელექტრონული მასმედია ხალხის რჩეულთა ბილწსიტყვაობის თავისებურ პოლიგონად იქცა, აღარავის უნდა უკვირდეს გინების ის კორიანტელი, ქალაქის ქუჩებში რომ ისმის.
თამარ ჩიქოვანი, რადიო ”თავისუფლებისთვის” თბილისი.

[მუკისა]

სასამართლოსა და მასმედიის ურთიერთობა

ბიძინა რამიშვილი:
მასმედიის ურთიერთობას ხელისუფლების სამივე შტოსთან სპეციფიკური პრობლემები ახლავს. საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მასმედიის საგრძნობი ნაწილი აგრესიით ვაჭრობს და, ნებსით თუ უნებლიეთ, ზოგჯერ არასწორად, არაადეკვატურად გადასცემს ინფორმაციას. ამ პრობლემას განსაკუთრებით მგრძნობიარედ ეკიდებიან სასამართლოში. საქართველოს სახელისუფლო შტოთაგან სასამართლო ხელისუფლება პირველია, ვინც ცდილობს მასმედიასთან ურთიერთობისას წარმოქმნილი სირთულეები ჟურნალისტებთან თანამშრომლობით დაძლიოს.
მოუსმინეთ დავით პაიჭაძეს.

დავით პაიჭაძე:
სასამართლო რეფორმის შემდგომი პერიოდი ადასტურებს, რომ მასმედიასა და სასამართლოს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობა შესაძლებელია, - განაცხადა უზენაეს სასამართლოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ლადო ჭანტურიამ. ჩვენ კრიტიკას ვითმენთ და ვისმენთ, მაგრამ ვაწყდებით შემთხვევებს, განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში, როცა ცდილობენ სასამართლო რეფორმის ყველა მონაპოვარი წყალს გაატანონ და თავად რეფორმის დისკრედიტაცია მოახდინონ. [ჭანტურიას ხმა]: “ნეგატიური ინფორმაციები და ცილისმწამებლური დეზინფორმაციები, საზოგადოებაში ხშირად რომ ვრცელდება, ადამიანს გაფიქრებინებს, აქვს თუ არა, საერთოდ, აზრი რამის კეთებას საქართველოში”

ლადო ჭანტურია არ უარყოფს კორუფციას, უპასუხისმგებლობასა და ორგანიზაციულ ხარვეზებს სასამართლო სისტემაში, თუმცა მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეში (ბალტიისპირეთის გამოკლებით) ქართული სასამართლო საუკეთესოდ მიაჩნია. ის ამბობს, რომ უაღრესი პატივისცემით ეკიდება სიტყვის თავისუფლებას, მაგრამ [ჭანტურიას ხმა]: “მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევაფასებ აზრის თავისუფალ გამოთქმად და თავისუფალ მედიად, როცა, კლანებისა და შეკვეთილი პუბლიკაციების შედეგად, ხდება სასამართლოების, მოსამართლეების და, საერთოდ, იმ საქმის დისკრედიტაცია, რომელსაც, რაც შეგვიძლია, ვემსახურებით. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირია არაობიექტური, ტენდენციური პუბლიკაციები, მხოლოდ ერთი, უფრო ზუსტად, წაგებული მხარის ინტერესებს რომ გამოხატავენ. ხშირია მყვირალა სათაურები, რომელთა მიზანია იმ წარმატების არარაობად ქცევა, ამდენი ოფლისა და შრომის შედეგად რომ არის მოპოვებული. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალშიც მზადდება ასეთი პუბლიკაციები. გავრცელდება ცილისმწამებლური ინფორმაცია”.

მძიმე შეფასებათა მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნამდვილად არ იყო მტრულად განწყობილი. სამიოდე თვის წინ შეიქმნა სამართლებრივი რეფორმის მედია-ჯგუფი. ჯგუფში შევიდნენ ჟურნალისტები, რომლებიც ხშირად აშუქებენ სასამართლო პროცესებს. 13 მარტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნინო გვენეტაძემ და აპარატის უფროსმა ეკა გასიტაშვილმა მედია-ჯგუფის ჟურნალისტებს წარმოუდგინეს შეთანხმების პროექტი, რომელიც მოიცავს მოსამართლეთა და ჟურნალისტთა თანამშრომლობის პრინციპებსა და ნორმებს, ადგენს ქცევის წესსა და სტანდარტებს, რომლებიც ჟურნალისტებმაც და მოსამართლეებმაც უნდა დაიცვან პროფესიულ მოვალეობათა შესრულებისას. როგორც მოსამართლე ნინო გვენეტაძემ განაცხადა [გვენეტაძის ხმა]: “კანონის დაცვა, პროფესიული ეთიკის ნორმები, სიტყვის, ანუ გამოხატვის, თავისუფლება, რომელსაც მედიაც და სასამართლოც იცავს და უფრთხილდება, სამართლიანობა, მოსამართლის დამოუკიდებლობა, უდანაშაულობის პრეზუმფცია, ადამიანის პატივი და ღირსება – აი, ამ ძირითად პრინციპებზე აიგო ეს დოკუმენტი”.

თუ შეთანხმების პროექტის ტექსტი მისაღები აღმოჩნდება ჟურნალისტთა თუნდაც ვიწრო წრისათვის – ანუ, ამ შემთხვევაში, სამართლებრივი რეფორმის მედია-ჯგუფისთვის, შეიძლება მოხდეს დღემდე უპრეცედენტო რამ: რამდენიმე ქართველმა ჟურნალისტმა გაიზიაროს ეთიკური და პროფესიული ქცევის პრინციპები და სამომავლოდ შეეცადოს მათ დაცვას. ამასთან, მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ პროექტი ღიაა და საბოლოო სახეს მაშინ მიიღებს, რაც ჟურნალისტთა შენიშვნებსა და წინადადებებს გაითვალისწინებენ. სასამართლო მასმედიას სთავაზობს თამაშის წესებს, რომელთა დაცვა, მოსამართლეთა აზრით, ხელს შეუწყობს სასამართლო პროცესთა და, საერთოდ, სამართალწარმოების ადეკვატურ ასახვას ინფორმაციის საშუალებებში. საგულისხმოა, რომ სასამართლო თავადაც კისრულობს ვალდებულებას, რეგულარულად პოპულარულ ენაზე მიაწოდოს მედიას ინფორმაცია სასამართლოს საქმიანობასა და განსახილველ საქმეებზე.
დავით პაიჭაძე, რადიო ”თავისუფლებისთვის” თბილისი.

[მუსიკა]

რამდენიმე მოსაზრება კორუფციასთან ბრძოლის მდგომარეობის შესახებ

ბიძინა რამიშვილი:
როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა და ბოლოდროინდელი ნაბიჯები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში? როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება კორუფციის მიმართ და რამდენად კარგად აქვს გაცნობიერებული მას ამ პრობლემის არსი? საზოგადოდ, რა უშლის ხელს ქვეყანაში არსებული კორუფციის მასშტაბების შემცირებას და რის გაკეთება შეიძლება არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად? ამ საკითხების გარშემო ესაუბრა გიორგი კაკაბაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტს, იურისტ ავთანდილ კახნიაშვილს.

გიორგი კაკაბაძე:
ავთანდილ კახნიაშვილის აზრით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში არაეფექტიანად მიმდინარეობს. [კახნიაშვილის ხმა] “საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ კორუფცია ანუ თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი ქმედება, ეს ქრთამის აღება იქნება თუ ქრთამის მიცემა, ან სხვა მთელი რიგი დანაშაულისა, მათ შორის, უფლებამოსილების გადამეტება, რომელიც მიზნად ისახავს პირადი გამორჩენისათვის თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებას, არ უნდა რჩებოდეს რეაგირების გარეშე. დღესდღეობით კი სიტუაცია ისეთია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, ქრთამის არც ერთი მიმცემი, არც ამღები საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს არ გამოუვლენიათ”.

იურისტი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კორუფციის წინააღმდეგ გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯებიც არ იძლევა სასურველ შედეგს. მისი თქმით, საკმარისია მოვიყვანოთ ეროვნული ანტიკორუფციული საბჭოს სტრუქტურის მაგალითი. საბჭო იმგვარად არის დაკომპლექტებული, რომ, ფაქტობრივად, არ შეუძლია დღევანდელ ვითარებაზე რაიმე სერიოზული ზემოქმედება მოახდინოს.

გარდა ამისა, ავთანდილ კახნიაშვილი აღნიშნავს: [კახნიაშვილის ხმა] “ანტიკორუფციული ბიუროს ფინანსური შესაძლებლობები საკმაოდ მწირია და ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება კორუფციას ებრძოლოს სტრუქტურა, რომელსაც ფინანსური საშუალება არ ჰქონდეს იმისათვის, რომ გამოუშვას თვალსაჩინო მასალა – ბროშურა თუ პროპაგანდისტული საშუალებები. ამიტომ მწირი ფინანსებისა და კადრების ასეთი დაკომპლექტების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ეს არის მორიგი სვლა, რომ გარკვეული დროით გადაიწიოს კორუფციასთან ბრძოლამ და ყველაფერი ძველებურად დარჩეს. ეს არის მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილებები.”

ბუნებრივია, რომ კორუფციასთან ბრძოლაში არსებულ წარუმატებლობებს რეფორმების გატარების ნაკლოვანებებიც განაპირობებს. იურისტის თქმით, ცალკეულ სფეროებში რეფორმა ან არ განუხორციელებიათ, ან დაგვიანებით განახორციელეს, ამასთან მექანიზმები გაუმართავი აღმოჩნდა. [კახნიაშვილის ხმა] “რამდენი წელი უნდა გავიდეს კიდევ, რომ შეიგნოს ხელისუფლებამ – არ შეიძლება პოლიციელმა ან მებაჟემ არ მიიღოს ხელფასი. უმჯობესია ასი მუშაკის ნაცვლად იყოს ერთი, რომელსაც ექნება მკაფიოდ გამოკვეთილი ფუნქციები, ექნება შესაბამისი ანაზღაურება, სოციალურადაც იქნება დაცული და საქმესაც გააკეთებს. დღეს კი, მოგეხსენებათ, ამ სტრუქტურების წარმომადგენლები მხოლოდ თავის პირად კეთილდღეობაზე ზრუნავენ.”

რაც შეეხება კორუფციის პრობლემისადმი საზოგადოების დამოკიდებულებას. ჩემი თანამოსაუბრის თქმით, სავსებით გასაგებია, რომ საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში 70-წლიანმა ყოფნამ, როდესაც ადამიანი სრულიად უუფლებო იყო, დიდი გავლენა იქონია საქართველოს მოსახლეობის მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვერ მოხერხდა საზოგადოების სამართლებრივი დონის ამაღლება. დღევანდელ მოქალაქეს არა აქვს გაცნობიერებული თავისი უფლებები, გარკვეულ შემთხვევებში იგი თავად ხდება თითქოსდა უმნიშვნელო, მაგრამ უკანონო გარიგებების მონაწილე.

ამასთან ერთად, ავთანდილ კახნიაშვილი მიიჩნევს, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი კორუფციის მიმართ, მაგრამ როგორც იურისტი ამბობს, ხელისუფლების მხრიდან არ იგრძნობა ის იმპულსი, რომელიც საზოგადოების განწყობილებას კიდევ უფრო განამტკიცებდა. [კახნიაშვილის ხმა] “სამწუხაროდ, ბოლო ათი წლის განმავლობაში პარლამენტის მიერ მიღებული კანონების უმრავლესობა არასრულყოფილია და მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ავიღოთ, თუნდაც, რევოლუციური და რეფორმატორული კანონი – სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რომლის ამოქმედება ერთი წლით გადაიდო. კოდექსის ამოქმედებამდე და შემდეგაც მასში დაახლოებით ათასი ცვლილება შევიდა. ასევე უამრავი ცვლილება განიცადა კანონმა საერთო სასამართლოების შესახებ. იგივეს თქმა შეიძლება საგადასახადო კოდექსთან და სამეწარმეო საქმიანობის კანონთან დაკავშირებით.”

როგორ აფასებს ავთანდილ კახნიაშვილი კორუფციასთან ბრძოლის პერსპექტივას? მისი თქმით, ვინაიდან ამ სფეროში რეალურად ხელშესახები შედეგები დღესდღეობით არ ჩანს, ამიტომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უნდა დაველოდოთ. იურისტი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოსახლეობა შეძლებს ისეთი საკანონმდებლო ორგანოს არჩევას, რომელიც გაცილებით უკეთ შეასრულებს თავის მოვალეობებს, მათ შორის, ისეთ სფეროში, როგორსაც კორუფციასთან ბრძოლა წარმოადგენს.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ნინო კირთაძე – ადოლფ გრიმეს სახელობის პრემიის ლაურეატი

ბიძინა რამიშვილი:
ახლა სასიამოვნო ამბებზე ვილაპარაკოთ. ყოველ შემთხვევაში, შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ჩვენი რადიოჟურნალის დარჩენილ დროში არც პარლამენტართა ძველბიჭობაზე ვისაუბრებთ, არც კორუმპირებულ სახელმწიფო მოხელეებზე და არც მასმედიის ზომაგადასულ აგრესიულობაზე. 22 მარტს ჩრდილოეთი რაინი-ვესტფალიის ქალაქ მარლში გაიმართება ადოლფ გრიმეს სახელობის პრემიების მინიჭება. და მიუხედავად იმისა, რომ გრიმეს პრემია ტელევიზიის დარგში მთელს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება, “მეათე სტუდიაში” მასზე ალბათ არ შევჩერდებოდით, ერთი სასიხარულო გარემოება რომ არა. წლევანდელ ლაურეატთა შორის არის ჩვენი თანამემამულის, ნინო კირთაძის დოკუმენტური ფილმი “იყო და არა იყო ჩეჩნეთი”. ჩვენთვის, რადიო “თავისუფლების” ქართული რედაქციის თანამშრომლებისთვის, ეს ცნობა ორმაგად სასიხარულოა, რადგან ნინო ჩვენი კოლეგა გახლავთ – ჩვენი ეთერით გადაცემული არაერთი საინტერესო სიუჟეტის ავტორი. ჩვენი კორესპონდენტი ამჯერად რესპონდენტის როლში გამოდის: ნინო კირთაძეს დავით კაკაბაძე ესაუბრა.

დავით კაკაბაძე:
ჯერ ბიძინას ნათქვამს ოდნავ დავაზუსტებ. როგორც გაზეთი “ფრანკფურტერ ალგემაინე” 13 მარტის ნომერში იუწყება, ნინო კირთაძის ფილმმა დაიმსახურა ადოლფ გრიმეს სახელობის ოქროს პრემია კატეგორიაში “ინფორმაცია და კულტურა”. ოქროს პრემიით ჟიურიმ წლეულს კიდევ ორი ნამუშევარი დააჯილდოვა, მაგრამ ორივე – “მხატვრული ტელეფილმებისა და გასართობი გადაცემების” კატეგორიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნინო კირთაძის ფილმი დოკუმენტურ სურათებს შორის ოქროს ერთადერთი ლაურეატია. და მართალია, “იყო და არა იყო ჩეჩნეთი” საფრანგეთის კომპანია “P.R.Films”-ისა და გერმანულ-ფრანგულ ტელეარხ “არტეს” ერთობლივი ნაწარმოებია, ვფიქრობ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ეს წარმატება ნაწილობრივ მაინც შეიძლება ჩაითვალოს ქართული დოკუმენტური კინოს წარმატებად.

ნინოს პარიზში დავურეკე, სადაც იგი უკვე მეხუთე წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს. მილოცვის შემდეგ ვკითხე, როგორ შეიტყო მისი ფილმისთვის პრემიის მინიჭების ამბავი.

[ნინო კირთაძის ხმა] (იხ. აუდიოვერსია).

ჩემი შემდეგი შეკითხვა თვით ადოლფ გრიმეს პრემიასთან იყო დაკავშირებული. მაინტერესებდა, რა იცოდა ნინო კირთაძემ ამ პრემიაზე.

[ნინო კირთაძის ხმა] (იხ. აუდიოვერსია).

სხვა რა გზა იყო? რაკი ნინო ვერაფრით დამეხმარა, იძულებული გავხდი, შესაბამისი საცნობარო ლიტერატურისთვის მიმემართა, რათა მსმენელისთვის მოკლედ მაინც მომეთხრო ადოლფ გრიმეს სახელობის პრემიის შესახებ. რაც შევიტყე, ეს არის: 1964 წლიდან მოყოლებული გრიმეს სახელობის ინსტიტუტი თავის პრემიებს ყოველწლიურად ანიჭებს სატელევიზიო ნამუშევრებს, რომლებიც (ციტატა დებულებიდან) “ტელევიზიის, როგორც მედიუმის, სპეციფიკურ შესაძლებლობებს განსაკუთრებით შთამბეჭდავად იყენებს და როგორც შინაარსით, ისე მეთოდით, სატელევიზიო პრაქტიკის ნიმუშად გვევლინება.” თვით ინსტიტუტის ამოცანა ყოფილა ტელევიზიისა და რადიოს, ბოლო ხანს, აგრეთვე, მულტიმედიის მდგომარეობის შესწავლა, ანალიზი და შეფასება.

რაც შეეხება ადოლფ გრიმეს პიროვნებას, ამ კაცის სახელთან მე-20 საუკუნის გერმანული კულტურის არაერთი მიღწევაა დაკავშირებული. ომამდე პრუსიის, ხოლო ომის შემდეგ ქვემო საქსონიის კულტურის მინისტრი 1948 წელს სათავეში ჩაუდგა ჩრდილო-დასავლეთი გერმანიის რადიოსა და ტელევიზიის უწყებას და დიდი ღვაწლი დასდო მასობრივი ინფორმაციის ამ დარგის განვითარებას.

საქართველოში ადოლფ გრიმეს სახელი ცოტა ვინმეს თუ სმენია. რასაც ვერ ვიტყვით მისი სახელობის პრემიის ოქროს ლაურეატზე ნინო კირთაძეზე. მართალია, ნინოს ჟურნალისტური საქმიანობა მეტწილად უცხოეთის საინფორმაციო სააგენტოებთან თანამშრომლობას უკავშირდება, მაგრამ საქართველოში მას მაინც კარგად იცნობენ, პირველ ყოვლისა, როგორც მთავარი როლის შემსრულებელს ნანა ჯორჯაძის მხატვრულ ფილმში “შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი”.

ვინც არ იცის, იმის გასაგონად ვიტყვი, რომ ნინო კირთაძე სამხედრო კორესპონდენტების არცთუ მრავალრიცხოვან კასტას მიეკუთვნება: ომის ალში გახვეული ჩეჩნეთიდან რეპორტაჟების მომზადება პროფესიონალიზმთან ერთად, დიდ ვაჟკაცობასთანაც რომ არის დაკავშირებული, ყველას კარგად მოგვეხსენება.

“იყო და არა იყო ჩეჩნეთი” ნინო კირთაძის მეორე დოკუმენტური ფილმია. პირველი გახლდათ ასევე დოკუმენტური სურათი “ედუარდ შევარდნაძის სამი ცხოვრება”. რაზე იქნება ნინოს შემდეგი ფილმი? ჩემი ბოლო შეკითხვა სწორედ ეს იყო.

[ნინო კირთაძის ხმა] (იხ. აუდიოვერსია).

ბიძინა რამიშვილი: სიუჟეტი, რომელიც ახლა მოისმინეთ, დავით კაკაბაძემ მოამზადა. შეგახსენებთ, რომ იგი ეხებოდა ნინო კირთაძის ახალი დოკუმენტური ფილმისთვის ადოლფ გრიმეს სახელობის პრემიის მინიჭებას.

[მუსიკა]

ინტერვიუ ფოტოხელოვან გია ჩხატარაშვილთან

ბიძინა რამიშვილი:
”მეათე სტუდიის” დღევანდელი სტუმარია ფოტოხელოვანი გია ჩხატარაშვილი. იგი გერმანიის ქალაქ საარბიუკენიდან თბილისში გზად შეჩერდა ჩეხეთის დედაქალაქში და რედაქციაში მოგვინახულა. ჩემი პირველი შეკითხვა საარბრიუკენში მისი ნამუშევრების გამოფენას ეხებოდა.

(იხ. აუდიოვერსია)

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ინტერვიუ ფოტოხელოვან გია ჩხატარაშვილთან, რომელიც თავისი ნამუშევრების გახსნაზე იმყოფებოდა საარბრიუკენში.

[მუსიკა]

ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით მაილს დევისის კომპოზიციით Time After Time ალბომიდან You Are Under Arrest. მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG