Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი სულ უფრო პროდასავლური ხდება


16-20 მარტს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, ბელგიის სამეფოსა და ნატოს შტაბ-ბინას ეწვევა.

წინასწარი ინფორმაციით, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებზე ყურადღება, ძირითადად, სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებსა და, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებულ ანტიტერორისტულ თემატიკაზე გამახვილდება. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო დაჟინებით აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი წარმომავლობის ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ საქართველოს საკუთარი ძალებით მოხდება. გარდა ამისა, 15 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო უწყებამ "შემოქმედებით ინტერპრეტაციად" შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იგორ ივანოვის მიერ ვაშინგტონში გაკეთებული განცხადება, რომელშიც საქართველოს ტერიტორიაზე ანტიტერორისტულ საქმიანობაში რუსეთ-ამერიკის შესაძლო თანამშრომლობაზე იყო საუბარი.

ხელსაყრელი საერთაშორისო კლიმატის პირობებში ედურდ შევარდნაძის ევროპულ ტურნეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. საგარეო უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის კახა სიხარულიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ანტიტერორისტულ კოალიციასთან აქტიურად თანამშრომლობს, სულ მალე ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებიდან კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერას მიიღებს. ნიშანდობლივია, რომ პრეზიდენტ შევარდნაძის ვიზიტის წინ ესპანეთმა, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, ამავე ორგანიზაციის სახელით, აფხაზეთში ჩატარებულ ბოლო "საპარლამენტო არჩევნებთან" დაკავშირებით შეიმუშავა დეკლარაცია, რომელშიც 2002 წლის 2 მარტს გამართულ არჩევნებს უკანონოდ აცხადებს.
[კახა სიხარულიძის ხმა] "ევროკავშირის აზრით, მსგავსი არჩევნები აკანონებს 1992-99 და 1998 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად მიღებულ დაუშვებელ დემოგრაფიულ ცვლილებებს. ევროკავშირი მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, განაახლონ მოლაპარაკებები, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2002 წლის 31 იანვარს მიღებული რეზოლუციის შესაბამისად".

ამასთან დაკავშირებით, პრესკონფერენციაზე გავრცელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართვა, რომელშიც ირაკლი მენაღარიშვილი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველო მხოლოდ აფხაზეთის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოწესრიგების პროცესის მომხრეა და ომის გზით ან ანტიტერორისტული ქვედანაყოფების გამოყენებით აფხაზეთის პრობლემის მოგვარებას დაუშვებლად მიიჩნევს.
[კახა სიხარულიძის ხმა] "მსგავსი ბრალდებები სრულიად უსაფუძვლოა და მიზნად მხოლოდ ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლას ისახავს"

თუმცა, კახა სიხარულიძე არ გამორიცხავს, რომ ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ქართული ანტიტერორისტული ძალები, საჭიროების შემთხვევაში, ტერორისტებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და, მათ შორის, აფხაზეთშიც დაუპირისპირდნენ.

15 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული ბრიფინგზე კიდევ ერთი განცხადების საფუძველი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის ვაშინგტონში გამოთქმული ის მოსაზრება გახდა, რომელშიც საქართველოს ტერიტორიაზე ანტიტერორისტულ სამზადისში რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამერიკასთან ერთად რუსეთის მონაწილეობაც არ გამორიცხა. თუმცა, ვაშინგტონიდან მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციაში, რომლის ავტორის ვინაობა პრესკონფერენციაზე რატომღაც არ დასახელებულა, გადაჭრით არის უარყოფილი ამგვარი თანამშრომლობის შესაძლებლობა და ხოლო ივანოვის განცხადება შეფასებულია, როგორც "შემოქმედებითი ინტერპრეტაცია".
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG