Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების პოზიცია კასპიის ზღვის ირგვლივ ირან-აზერბაიჯანის უთანხმოებაში


ბოლო დროს შეერთებული შტატების სამხრეთ კავკასიაში გააქტიურება არა მარტო საქართველოში შეინიშნება. გასულ კვირაში სახელმწიფო დეპარტამენტის უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება,

რომელმაც ბევრს აფიქრებინა, რომ ვაშინგტონი, შესაძლოა, აზერბაიჯანსაც დაეხმაროს პრობლემების მოგვარებაში. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ანტიტერორისტულ ძალისხმევას როდი ეხება.

ზემოხსენებული განცხადება 7 მარტს ამერიკა-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატაში გააკეთა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რიჩარდ არმიტაჯმა. მან, კერძოდ, კრიტიკულად შეაფასა აზერბაიჯანთან მიმართებაში ირანის მოქმედება, და ასეთი სიტყვები წარმოთქვა: ”ჩვენ განზე არ დავდგებით და არ ვუყურებთ, რა ზეწოლას ახდენს ირანი თავის მეზობლებზეო”.

არმიტაჯი, რანგით მეორე პირი სახელმწიფო დეპარტამენტში, გულისხმობდა შარშანდელ ინციდენტს, როცა კასპიის ზღვაში ირანის სამხედრო ხომალდმა ორ ქვეყანას შორის უთანხმოების გამომწვევი ნავთობსაბადოდან გააძევა აზერბაიჯანის ორი ხომალდი. ამ ხომალდებს ბრიტანეთის ნავთობკომპანია ”ბრიტიშ პეტროლეუმი” იყენებდა, რათა აზერბაიჯანთან კონტრაქტის შესაბამისად, გამოეკვლია არაზ-ალოვ-შარგის საბადოები: ის ადგილები, რომელთაც ირანი ”ალბორზს” უწოდებს. ე.წ.”ალოვის” ინციდენტს მკვეთრი გამოხმაურება მოჰყვა: შეერთებულმა შტატებმა ირანის მოქმედებას ”პროვოკაცია”, რუსეთმა კი ”დაუშვებელი” უწოდა. თურქეთმა ბაქოში, მხარდაჭერის ნიშნად, საბრძოლო თვითმფრინავები გააგზავნა.

მას შემდეგ ორ მხარეს შორის სერიოზული ინციდენტი აღარ მომხდარა, რაც არ ნიშნავს, რომ უთანხმოება მოგვარებულია: აზერბაიჯანიც და ირანიც პერიოდულად იუწყებიან ხოლმე მეზობლის ხომალდის მიერ საზღვრების დარღვევის შესახებ.

ასე რომ, რა გასაკვირია, თუ აზერბაიჯანის მასმედიამ უმალ აიტაცა არმიტაჯის გამოსვლა: ტელევიზიამ მოიყვანა არმიტაჯის სიტყვები, რომელთა თანახმად შეერთებული შტატები ”არავითარ შემთხვევაში არ მისცემს თეირანს ბაქოზე ზეწოლის უფლებას”. ხოლო პრესაში დაიბეჭდა სტატიები შეერთებული შტატების ელჩის, როს უილსონის კომენტარზე მითითებით და დაახლოებით ასეთი შინაარსის სათაურებით: ”შეერთებული შტატები აზერბაიჯანელებს სანაპირო შელფის საბადოების დაცვაში დაეხმარებაო”.

მაგრამ მსგავსი დასკვნები ნაადრევი ჩანს. როგორც ჩვენს თანამშრომელს, მაიკლ ლელიველდს უთხრა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, საქმეში შეერთებული შტატების ჩარევის გეგმა ამჟამად არ არსებობს და, საერთოდ, ”ლაპარაკი არ არის ჯარისკაცების გაგზავნაზე”. რაც შეეხება არმიტაჯის გამოსვლას, ამავე წყაროს ინტერპრეტაციით, მასში არაფერი თქმულა ისეთი, რაც განსხვავდებოდა აზერბაიჯანის საკითხში ვაშინგტონის ბოლო ათი წლის პოლიტიკური კურსიდან.

ბოლოს ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კასპიის ზღვაში ალოვის ნავთობსაბადოზე აზერბაიჯანისა და ირანის დავის მოგვარების იმედი, გარკვეულწილ, რუსეთსაც უკავშირდება: იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ”ლუკოილი” ალოვის საბადოზე აზერბაიჯანის კომპანია ”სოკარისაგან” აქციებს შეიძენს, რის შესახებაც მოლაპარაკება მიმდინარეობს, ამ ორი ქვეყნის ინტერესები ერთმანეთს დაუახლოვდება. თუმცა ჯერ არავინ უწყის, რა შედეგით: რუსეთის მხრივ ინვესტიციას, შესაძლოა, ირანის უკან დახევა, მაგრამ, შესაძლოა პირიქით, კასპიის ირგვლივ ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG