Accessibility links

logo-print

აფხაზთა მოსაზრებები აფხაზეთის სტატუსთან დაკავშირებით


აფხაზეთის საკითხს საქართველოს პარლამენტი ბოლო ორი დღის მანძილზე განიხილავდა, თუმცა აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის მტკივნეული პრობლემა ყურადღების მიღმა დარჩა.

თბილისსა და სოხუმს შორსი უფლებამოსილებათა გამიჯვნის პროექტი, რომელიც გაეროსა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფმა მოამზადა, აფხაზურმა მხარემ, რუსეთის დახმარებით, დაიწუნა. საქართველოში კი ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებულია და საკანონმდებლო ორგანო არათუ მის განხილვას, არამედ აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლების წინადადებების გაცნობასაც ერიდება.

აფხაზეთიდან დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი წლების მანძილზე მოითხოვს აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრას. იგი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი აფხაზეთის კონფლიქტთან დაკავშირებული სხვა პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა. მიუხედავად დევნილი ხელისუფლების პოზიციისა, საქართველოს ხელისუფლება აფხაზურ მხარესთან დღემდე განაგრძობს სხვადასხვა დონის მოლაპარაკებებს ხან დევნილების დაბრუნების, ხან ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების შექმნის თუ სხვა ათასგვარი პრობლემის თაობაზე. ამ მოლაპარაკებებმა აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტა თითქმის 10 წელი გააჭიანურა. საქართველოს ხელისუფლება არც ახლა ჩქარობს. ცენტრისა და რეგიონის უფლებამოსილებათა გარკვევისა და საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის მცდელობას საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ნაადრევად მიიჩნევს.

[მენაღარიშვილის ხმა] „ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი არა მარტო ფორმა და არსი, არამედ დროც. გადაწყვეტილება მაშინ უნდა იქნეს მიღებული, როდესაც მის მიღებას მაქსიმუმი ეფექტი ექნება. მე, მაგალითად, ვშიშობ, რომ ამან შეიძლება პროცესს შეუშალოს ხელი. ჩვენ არავინ არ გვიშლის ამ გადაწყვეტილების მიღებას თუნდაც ერთი, ორი ან სამი თვის შემდეგ.“

საგარეო საქმეთა მინისტრი, ისევე როგორც ხელისუფლების სხვა სტრუქტურები, გაეროში მომზადებული დოკუმენტის ბედის გარკვევას ელოდება. თუმცა ძნელი სავარაუდოა, სოხუმის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს რაიმე შედეგი მოჰყვეს, რადგან სეპარატისტები კონფლიქტის დაწყებისას რასაც მოითხოვდნენ, ისევ იმ მოთხოვნებს აყენებენ, ანუ აფხაზეთი მსოფლიო თანამეგობრობამ საქართველოსაგან დამოუკიდებელ სუბიექტად, რუსეთის ფედერაციაში ასოცირებულ წევრად უნდა აღიაროს. საერთაშორისო თანამეგობრობას მათზე ზეწოლის არანაირი პოლიტიკური ბერკეტი არ გააჩნია. ეს რომ ასეა, აფხაზეთში ახლახან ჩატარებული არჩევნებიც მოწმობს. საერთაშორისო ძალისხმევამ ეს უკანონო აქცია ვერ შეაჩერა და უმნიშვნელო პროტესტით შემოიფარგლა.

ლოდინში განვლილმა წლებმა მხოლოდ ის შეცვალა, რომ აფხაზეთის პოლიტიკურ ელიტაში სეპარატისტთა ლიდერების ოპოზიციური აზრი გაჩნდა. ამ დღეებში თამაზ ნადარეიშვილმა მიიღო ამერიკის შეერთებულ შტატებში აფხაზური დიასპორის ლიდერის, „აფხაზეთის დამოუკიდებლობის კოალიციის” დამფუძნებლის, ინალ კაზანის ღია წერილი, აფხაზი ხალხისადმი განკუთვნილი. წარსულში საზღვარგარეთ აფხაზი სეპარატიზმის მთავარი რუპორი ახლა არძინბას კრიტიკით გამოდის და აცხადებს: აფხაზეთის ხელისუფლება სიტუაციას რეალურად ვერ აფასებს, რამაც სამშვიდობო პროცესი ჩიხში შეიყვანაო.

კაზანს მიაჩნია, რომ აფხაზეთში მშვიდობის, აღორძინებისა და სუვერენიტეტისათვის მისი ათწლიანი ბრძოლა მიზანს მიუახლოვდა. იგი აფხაზეთის მკვიდრთ მოუწოდებს, ხელიდან არ გაუშვან ეს შანსი, ანუ იურიდიულად და პოლიტიკურად საერთაშორისო დონეზე აფხაზეთის სტატუსის გაფორმება ფორმატით აბსოლუტური სუვერენიტეტი საქართველოს ფედერაციის ფარგლებში.

ინალ კაზანი ამ აბსოლუტურ სუვერენიტეტში აფხაზეთის შიდა საქმეების დამოუკიდებლად წარმართვას გულისხმობს, ანუ გულისხმობს დამოუკიდებელ სამართალდამცავ ორგანოებსა და დამოუკიდებელი პოლიტიკური და ეკონომიკური არჩევანის უფლებას. იგი აფხაზ ხალხს კომპრომისისაკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს სულაც არ ნიშნავს აფხაზეთის სისუსტეს საქართველოს წინაშე. სანამ ამას ვერ შევძლებთ, მანამდე ჩვენი ოცნება სუვერენიტეტზე, აღმშენებლობასა და უსაფრთხოებაზე ილუზიად დარჩებაო.

დაახლოებით, ასეთივე სტატუსის მომხრეა აფხაზეთიდან თბილისში დევნილი, ეროვნებით აფხაზი საზოგადო მოღვაწე, ლორიკ მარშანიაც. იგი ფიქრობს, რომ ფართო ავტონომიური სტატუსი საბჭოთა ავტონომიისაგან იმით უნდა განსხვავდებოდეს, რომ რეგიონში დამოუკიდებელი, თუნდაც, საკადრო პოლიტიკის გატარება იყოს შესაძლებელი და ცენტრთან მხოლოდ სახელმწიფოებრივი ინტერესები ჰქონდეს საერთო.

ანალოგიური შეხედულებებია აფხაზეთიდან მოსკოვში ემიგრირებულ აფხაზურ საზოგადოებაში. თამაზ ნადარეიშვილიც სწორედ ამის კონსტიტუციურ გაფორმებას მოითხოვს. როგორც ჩანს, ნადარეიშვილმა ამ მოთხოვნით შეშფოთებულ ხელისუფლებას ანგარიში გაუწია და თავისი სიტყვაც გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, დევნილი პოლიტიკური ელიტა საქართველოს ხელისუფლებას, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით თავისუფალი მოქმედების საშუალებას 1 აგვისტომდე აძლევს. შემდეგ თამაზ ნადარეიშვილი სოხუმისკენ მოძრაობის დაწყებას გეგმავს. ამ პერიოდს ემთხვევა ინალ კაზანის განზრახვაც თავის სამშობლოს ეწვიოს. ორივენი სეპარატისტულ ხელისუფლებას აფხაზი ხალხის ტანჯვისა და განადგურებისათვის სერიოზული პასუხისგებით ემუქრებიან.
XS
SM
MD
LG