Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“თურქეთი საქართველოს ოკუპაციისთვის ემზადება”, “რუსული მედია ჯავახეთს გვართმევს”, “კოდორის ხეობა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი “თურქეთი საქართველოს ოკუპაციისთვის ემზადება”, “რუსული მედია ჯავახეთს გვართმევს”, “კოდორის ხეობა ომის მოლოდინში” _ გასული კვირის ქართული პრესის პუბლიკაციების ეს სათაურებიც მოწმობს,

რომ იდეოლოგიური ომი საქართველოში განვითარების ახალ ეტაპზე ავიდა. ყოველ შემთხვევაში, რუსული ინტერნეტული გამოცემით გავრცელებული გეგმა, რომელიც თითქოს თურქეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურების მიერაა მომზადებული და საქართველოსთვის ჯავახეთის ჩამოცილებას გულისხმობს, თითქმის ყველა ქართულმა გაზეთმა გადმობეჭდა მინაწერით, რომ ეს გეგმა სხვა მეზობელი სახელმწიფოს სპეცსამსახურების წიაღშია მომზადებული.
საერთოდ კი, ქართულ პრესაში სულ უფრო მეტად ჩნდება სტატიები, რომლებიც საქართველოს როლის განსაზღვრას ისახავს მიზნად, მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით. ამ მხრივ, ყველა ქართული გაზეთი აღიარებს 11 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გამოსვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის. 12 მარტის “დილის გაზეთის” აზრით:

“იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ჯორჯ ბუშის განცხადება უფრო ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვიდრე ამერიკელი ინსტრუქტორების ჩამოსვლა საქართველოში ან 10 “იროკეზის” გადმოცემა.
საქმე ის გახლავთ, რომ ჯორჯ ბუშის სიტყვა ეძღვნება, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ერთ-ერთ უდიდეს მოვლენას ამერიკისა და მსოფლიოს ისტორიაში.– 11 სექტემბრის ტრაგედია “ძველი და ახალი ეპოქის” მიჯნად იქცა.
მთელი მსოფლიო სულგანაბული ელოდა სახელმწიფოს ლიდერის ამ სიტყვას. მან, ერთგვარად, შეაჯამა ექვსი თვის განმავლობაში განხორციელებული ქმედებები – უპირველესად, ანტიტერორისტული ოპერაცია და, მთლიანად, ამერიკის ძალისხმევა ახალ გამოწვევათა წინააღმდეგ.
პრეზიდენტმა ბუშმა დაადასტურა, რომ საქართველოში გამოიგზავნა ან გამოიგზავნება ასეულობით სამხედრო ინსტრუქტორი. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბუშმა ღიად განაცხადა, რომ ამერიკა უშუალო სამხედრო დახმარებას გაუწევს საქართველოს არმიის ჩამოყალიბებაში. ეს აღარ არის მხოლოდ “ტექნიკური დახმარება”. იგულისხმება სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მოწოდებაც, რასაც უეჭველად თან სდევს სპეციალური სადაზვერვო ინფორმაციაც. ეს კი ნებისმიერ იარაღზე ძვირად ფასობს თანამედროვე მსოფლიოში.
პრეზიდენტ ბუშის განცხადებაში ყველაზე საყურადღებო მაინც ის არის, რომ იგი არ მოერიდა რუსეთის მძვინვარე რეაქციას და სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება, საქართველოში სამხედრო შემოსვლის ფაქტი და იარაღის მოწოდების გადაწყვეტილება დაადასტურა ცოტა ხნის წინანდელი ისტერიული რეაქციის შემდეგ და მის მიუხედავად. აქედან კი ერთი მთავარი დასკვნა გამომდინარეობს: საქართველო ნამდვილად გაჩნდა და დამკვიდრდა ამერიკის გეოპოლიტიკურ განზრახულობათა “რუკაზე”. არათუ 15 ან 10, არამედ 3-4 წლის წინათაც ამაზე ოცნებაც კი სითამამედ ჩაითვლებოდა. დღეს ეს რეალობაა და პრეზიდენტმა ბუშმა “ღიად თამაში” ამჯობინა. მაშასადამე, საქართველო “პატარა კოზირი” აღარ არის. ამერიკული დივიზიები საქართველოში არ გადმოსხდებიან, მაგრამ პოლიტიკურ მხარდაჭერას თანამედროვე მსოფლიოში არანაკლები ფასი აქვს.”

14 მარტის გაზეთ “რეზონანსის” განცხადებით, საერთაშორისო ტერორისტები აბრეშუმის გზის ნარკოტრასად გადაქცევას ცდილობენ. ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ, გაზეთს მაგალითად მოჰყავს, თუ როგორ გადაიხადეს ავღანელებმა 5 ათასი დოლარი იმისათვის, რომ საქართველოში არალეგალურად შემოეღწიათ. გაზეთის ცნობით, თბილისში ავღანეთის 4 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე, საქართველოდან ევროპაში გადასვლას ცდილობდნენ. ისინი ვინმე ხალილის პიროვნებას ასახელებენ, რომელსაც აფხაზეთის გავლით ევროპაში გადასაყვანად ფული გადაუხადეს. გაზეთი წერს:

“როგორც უშიშროების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, დაკავებულების გეგმა ასეთი იყო : ისინი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ, საზღვრის გადაკვეთაში ზემოხსენებული ხალილი დაეხმარათ, რომელსაც თითოეულმა მათგანმა 5 ათასი დოლარი გადაუხადა. ხალილს ავღანელები საქართველოდან აფხაზეთში უნდა გადაეყვანა, აფხაზეთიდან – რუსეთში, რუსეთიდან – ევროპაში.
პარლამენტარ ირაკლი ბათიაშვილს საქართველოში ავღანელების ყოფნა არ უკვირს და “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ტერორისტული დაჯგუფებების წარმომადგენლები ფულით ყველაფერს აკეთებენ. “საქართველოში ავღანელების დაკავება პირველი შემთხვევა არ არის. აქ ავღანელებიც არიან, ჩეჩნებიც, არაბებიც და სხვებიც”, _აცხადებს ბათიაშვილი
სამწუხაროდ, საქართველოში, უსაფრთხოების თვალსაზრისით, სავალალო მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნის საეჭვო ელემენტები ერთი ადგილიდან მეორეზე არალეგალურად თავისუფლად გადაადგილდებიან საქართველოს გავლით. გამორიცხული არ არის, მათ შორის სხვადასხვა საერთაშორო ტერორისტული ორგანიზაციის წევრებიც იყვნენ, რომლებიც, ძირითადად, ნარკობიზნესით და ნარკომაფიით არიან დაკავებულები.
რადგან აფხაზეთი უკონტროლო ზონაა, ტრანზიტული გზა, ძირითადად, აფხაზეთზე გადის. ეს ტერიტორია ტერორისტების და ექსტრემისტული ელემენტების საუკეთესო თავშესაფარია. მასალები არსებობს, რომ ჯერ კიდევ ომის პერიოდში აფხაზეთში უამრავი არაბი გადავიდა. ეს ინფორმაცია უშიშროების სამინისტროში დიდი ხანია დევს. სამწუხაროა, რომ სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების წარმომადგენლების თავისუფალი გადაადგილების მავნე “ტრადიცია” საქართველოში ისევ გრძელდება.”

15-18 მარტის გაზეთი “ახალი ეპოქა” წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზღაპრის გმირივით ერთ ღამეში აითვისა თნამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და ხან მოსკოვს აიძულებს, უარყოს პანკისის ხეობაში “ჰუსარული რეიდის” შესაძლებლობა, ხანაც სოხუმის მთავრობას აღვრევინებს ნიანგის ცრემლებს, “ალ-ყაიდას” მებრძოლები აფხაზეთში არ აფარებენ თავსო. გაზეთის თქმით:

“შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის სამხედრო უწყების თავკაცი სერგეი ივანოვი ისეთი საბრძოლო შემართებით ნამდვილად არ იქცევდა ყურადღებას, როგორც სულ ცოტა ხნის წინათ, როდესაც, მაგალითად, პანკისის ხეობის, როგორც ტერორისტთა ბუდის, ამოშანთვას აპირებდა. ამერიკელი კოლეგის დონალდ რამსფელდის გვერდით სერგეი ივანოვი, დარცხვენილი სტუდენტივით მდგომი, მხოლოდ იმას აცხადებდა, ჯორჯ ბუში რუსეთის ინტერესების იგნორირებას არ აპირებსო. ეს, მართლაც, ასეა: შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელმაც მსოფლიოს ამცნო გლობალური ანტიტერორისტული კამპანიის დაწყება, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლით რუსეთის ინტერესებსაც იცავს – მოსკოვი ხომ თავად არის დაინტერესებული “ტერორისტული ბუდის” ამოშანთვით. აი, შანთს კრემლს არავინ დააჭერინებს ხელში და რუსეთის იმპერიული მენტალიტეტის პოლიტიკურ სპექტრს იმითღა შეუძლია ინუგეშოს თავი, რომ ცეცხლი პანკისში მათი დანთებულია.
შადრევნის ჭავლივით ვეღარ მძლავრობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის “დიპლომატიური” აგრესია. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას იგორ ივანოვი გამოუტყდა პარლამენტარებს, რომ კრემლს აღარ დარჩა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე ზემოქმედების საბჭოური ბერკეტები და მათ ხელს ვეღარ უშლის სამხედრო ბაზების ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისთვის გადაცემაში. მინისტრი წუხს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობაზე სიტყვის ჩამოგდებაც არ სურს და რუსეთის არმიის მიერ დატოვებულ სამხედრო ობიექტებზე ამერიკელები და თურქები ამყარებენ წესრიგს. როგორც ჩანს, იგორ ივანოვს არ უნახავს, რანაირი ჩააბარეს რუსმა სამხედროებმა ქართველ კოლეგებს, მაგალითად, ვაზიანის ბაზა. ჩაბეტონებული საპირფარეშოების, დანაღმული ტერიტორიისა და გავერანებული ყაზარმების მოსაწესრიგებლად, მართლაც, დიდი ძალისხმევაა საჭირო.
აფხაზეთში საერთაშორისო ტერორისტების ყოფნის შესახებ ვალერი ხაბურძანიასა და თამაზ ნადარეიშვილის განცხადებების შემდეგ მძიმე დღეები დაუდგა აფხაზ სეპარატისტთა მთავრობასაც. სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლები ხმის ჩახლეჩამდე ამტკიცებენ, ჩვენ ტერორისტებს არ ვიფარავთო და, პარალელურად, ქართულ-ამერიკული ანტიტერორისტული ოპერაციის შიშით, საბრძოლო მზადყოფნაში ამყოფებენ შარშან შემოდგომაზე მომხადრი მოვლენების შემდეგ ისედაც დაფეთებულ თვიანთ სამხედრო ქევდანაყოფებს.
გამორიცხული არ არის, სოხუმის ხელისუფლებისთვის “ალ-ყაიდას” მებრძოლთა აფხაზეთში ყოფნის მორიგი ინფორმაცია ისტერიკაში გადაიზარდოს.”
XS
SM
MD
LG