Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გლობალიზაცია და კულტურული თვითმყოფადობა


ანდრო ეული, პრაღა დღეს, როცა ევროპის ინტეგრაცია სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მომძლავრდა ოპოზიცია იმ გარდუვალი სტანდარტიზაციისადმი,

ინტეგრაციას რომ მოსდევს შედეგად. ასეთივე განწყობა შეიმჩნევა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატებად ითვლებიან.

საქმე ის არის, რომ ევროკავშირის ინტეგრაციასთან ერთად იზღუდება წევრ სახელმწიფოთა ეროვნული სუვერენიტეტი, ხოლო ცენტრი, ბრიუსელი, სულ უფრო მეტ ძალას იკრებს. მრავალი სფერო, მაგალითად განათლება, კულტურა და ჯანმრთელობის დაცვა, რომელთა კურირება რეგიონულ დონეზე ხდებოდა, დირექტივებს ახლა ბრიუსელისგან იღებს. რეგიონულმა ლიდერებმა დაინახეს, რომ ბრიუსელთან კონტაქტები ესაჭიროებათ, ხოლო ბრიუსელმა, თავის მხრივ, გააცნობიერა, რომ მეტი მხარდაჭერა ესაჭიროება რეგიონულ დონეზე.

აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით იტალიის ქალაქ ბოლცანოში მოქმედი ევროპული აკადემიის მკვლევარმა გაბრიელ ტოგენბერგმა: [გაბრიელ ტოგენბერგის ხმა]
”გამოსავალი, როგორც მაშინ განაცხადეს, მაასტრიხტის ხელშეკრულებაში მოინახა, როცა ევროკავშირმა დააარსა ეგრეთ წოდებული რეგიონების კომიტეტი, რომელიც ახლა ცდილობს ზეგავლენა მოახდინოს კავშირის საკანონმდებლო პროცესზე. კომიტეტი რეგიონებიდან, აგრეთვე მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულ 222 წევრს ითვლის”.

რეგიონების კომიტეტის სამდივნოს წარმომადგენელმა პატრიციო ფიორილიმ ევროკავშირის სტრუქტურაში მომხდარი სიახლე ასე განმარტა: ”კავშირის ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის აღმასრულებელმა კომისიამ ან მინისტრთა საბჭომ, ან კიდევ ევროპარლამენტმა რეგიონების კომიტეტთან წინასწარ უნდა შეათანხმონ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც რეგიონებს ან ქალაქებს შეეხება. ფაქტობრივად, 75 პროცენტი ევროკავშირის კანონმდებლობისა რეგიონულ ან ადგილობრივ დონეზე ხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენ გვითანხმებენ ყველა საკითხს დიპლომატიის, თავდაცვისა და ფინანსების გარდა”.

თუმცა, პრობლემა ის გახლავთ, რომ რეგიონების კომიტეტი მრჩევლის ფუნქციითაა შემოფარგლული. მას შეუძლია ზეგავლენა იქონიოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ არა აქვს მისი შეცვლის უფლება. გაბრიელ ტოგენბერგი მიესალმა რეგიონების კომიტეტის დაარსებას და განაცხადა, რომ მაასტრიხტის ხელშეკრულებამდე, რომელიც 1992 წელს დაიდო, ევროკავშირის პოლიტიკა მთლიანად ეკონომიკას ემყარებოდა. ხოლო 1992 წლიდან მოყოლებული, კულტურულ თვითმყოფადობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირში. მაასტრიხტის ხელშეკრულების 151-ე მუხლის მეოთხე პარაგრაფი ავალდებულებს ევროკავშირს, პატივისცემით მოეკიდოს კულტურულ თვითმყოფადობას.

ამ მხრივ გადამწყვეტი როლი აკისრია ევროპის სასამართლოს ლუქსემბურგში, რომელიც ბალანსირებას ახდენს საერთო ბაზრის ინტერესებსა და კულტურულ თვითმყოფადობას შორის. მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთით გაფართოება თითქმის გააორკეცებს ევროკავშირის წევრთა რაოდენობას, პოლემიკა კულტურული თვითმყოფადობის საკითხზე ალბათ კიდევ უფრო გაცხარდება.

ასეა თუ ისე, უდავოა, რომ ევროკავშირში შემავალმა ეროვნულმა უმცირესობებმა და რეგიონებმა ყოველი ღონე უნდა იხმარონ თავიანთი კულტურული მემკვიდრეობისა და ინტერესების დასაცავად და გაითვალისწინონ, რომ მათი თვითმყოფადობა სწორედ ევროპული კულტურის გამდიდრებას მოემსახურება.
XS
SM
MD
LG