Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობებს აკრიტიკებს


რაც უფრო ახლოვდება ევროკავშირში თურქეთის მიღების საკითხის განხილვა, ამ ქვეყანაში მით უფრო ხმამაღლა გაისმის კრიტიკა ამ გაერთიანების მისამართით.

გასულ კვირაში გავლენიანმა თურქმა გენერალმა, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტუნჯერ კილინჩმა ისიც კი თქვა, უმჯობესია რუსეთსა და ირანს დავუახლოვდეთო.

მაგრამ, ექსპერტების, მათ შორის ჩვენი თანამშრომლის, ჟან-კრისტოფ პეკის შეფასებით, ევროკავშირის კრიტიკა თურქეთის სტრატეგიული კურსის შეცვლაზე კი არ მიანიშნებს, არამედ ცხადყოფს უკმაყოფილებას იმ მრავალრიცხოვანი მოთხოვნების გამო, რომელთა შესრულებას თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად უყენებენ.

თურქეთის გზა ევროკავშირისკენ მართლაც გრძელი გამოდგა: გაწევრიანებაზე განაცხადი ანკარამ ჯერ კიდევ 1987 წელს შეიტანა, მაგრამ მხოლოდ ამ ორი წლის წინათ მოიპოვა კანდიდატის ოფიციალური სტატუსი და დღეს კანდიდატი ქვეყნების 13-წევრიან სიაში ბოლო ადგილი უკავია. მეტიც: ახლა ბრიუსელი, ვიდრე გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებას დაიწყებდეს, ანკარისგან მოითხოვს რეფორმებს ე.წ. ”კოპენჰაგენის კრიტერიუმების” შესასრულებლად (ლაპარაკია მოთხოვნებზე პოლიტიკისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროებში). ევროპის კავშირი რამდენიმე დღეში შეუდგება თურქეთში შარშან დამტკიცებული მოკლევადიანი რეფორმების წარმატების შეფასებას და ანკარას იმედი აქვს, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2004 წლამდე დაიწყებს, ხოლო 2007 წელს უკვე ევროკავშირის წევრი იქნება.

მაგრამ ამ იმედს, მრავალი ექსპერტის ვარაუდით, გაცრუება უწერია: ერთი მხრივ, ბრიუსელისა და ანკარის დაძაბულმა ურთიერთობამ და, მეორე მხრივ, თურქეთის მმართველ წრეებში გაუთავებელმა დავამ იმის შესახებ, თუ რა დათმობებზე წასვლა ჰმართებს ანკარას ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თურქეთი, შესაძლოა ევროკავშირს მიღმა დატოვოს.

გასულ კვირაში გენერალმა ტუნჯერ კილინჩმა, რომელიც ამ სიუჟეტის დასაწყისში ვახსენეთ, ევროკავშირი ”ქრისტიანების კლუბად” მოიხსენია და მასში გაწევრიანებისკენ მაჰმადიანური თურქეთის მისწრაფება ამთავითვე მარცხისთვის განწირულად გამოაცხადა. [ტუნჯერ კილინჩის ხმა:] ”რაც შეეხება თურქეთის სახელმწიფო ინტერესებს, ქვეყანას ევროკავშირისგან მცირე მხარდაჭერაც კი არ მიუღია. პირიქით, აშკარაა ამ საკითხებისადმი ევროკავშირის უარყოფითი დამოკიდებულება. ამიტომ თურქეთს სხვა შესაძლებლობების გამოყენება ჰმართებს. თავს რუსეთიც იზოლირებულად გრძნობს და შეერთებულ შტატებთან დაახლოებას ლამობს. შეგვიძლია, შეერთებული შტატების უგულებელყოფის გარეშე, რეგიონში რუსეთთან ვითანამშრომლოთ. თუ შესაძლებელი იქნა, ვითანამშრომლოთ ირანთანაც და რეგიონში ახალი შესაძლებლობები მოვსინჯოთ”.

მიუხედავად იმისა, რომ კილინჩის თქმით, მან მხოლოდ პირადი მოსაზრება გამოთქვა, მისმა კომენტარმა თურქეთსა თუ უცხოეთში ბევრი შეაშფოთა. ეს მხედველობიდან არ გამორჩენია პრემიერ-მინისტრ ბიულენთ ეჯევითს, რომელმაც მეორე დღესვე მოკლე განცხადებით დაადასტურა ქვეყნის მისწრაფება ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ამ გზაზე არსებული სირთულეების მიუხედავად.

სირთულეები უწინარესად კვიპროსისა და ქურთების პრობლემებს უკავშირდება. კვიპროსი, რომლის ნაწილი თურქეთს 1974 წლიდან ოკუპირებული აქვს, ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კანდიდატია. ამჟამად, ანუ მას შემდეგ, რაც იანვარში კვიპროსელ თურქებსა და ბერძნებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება განახლდა, ეს საკითხი შედარებით ნაკლებ დაპირისპირებას იწვევს, ამიტომ თქვენს ყურადღებას ქურთების პრობლემას მივაპყრობთ. რამდენიმე დღის წინათ თურქეთის მუშათა პარტიის ლიდერმა, დოღუ პერინჯეკმა ევროკავშირი სეპარატისტული და ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ეს ბრალდება უკავშირდება ევროკავშირის მოთხოვნას ანკარისადმი, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყებამდე მეტი უფლება მიანიჭოს თურქეთში მცხოვრებ 12 მილიონ ეთნიკურ ქურთს.

თავის მხრივ, ანკარა ევროპის ქვეყნებისგან ქურთისტანის მუშათა პარტიისა და სხვა მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციების წინააღმდეგ სამართლებრივი ზომების მიღებას მოითხოვს. მაგრამ ევროკავშირი (შეერთებული შტატებისგან და თვით ევროკავშირში ერთი გამონაკლისის, ბრიტანეთისგან განსხვავებით) უარს ამბობს ამ ორგანიზაციების ტერორისტულ დაჯგუფებებად გამოცხადებაზე და ანკარას გაწევრიანების კიდევ ერთ წინაპირობად სიკვდილით დასჯის გაუქმებას უყენებს. როგორც ვაშინგტონში მოქმედი სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრის თანამშრომელი, შედა ჩიფჩი აღნიშნავს, [შედა ჩიფჩის ხმა] ”თუ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ თურქეთის მოსახლეობას მართლა სურს ევროკავშირში თურქეთის შესვლა. მაგრამ, მეორე მხრივ, ევროკავშირთან ურთიერთობაში ხედავს პრობლემებს კვიპროსის, სიკვდილით დასჯის, ადამიანის უფლებათა საკითხებში. ბრიუსელი მოითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს თურქეთში ეთნიკური უმცირესობების, პირველ რიგში ქურთების უფლებების გასაზრდელად. რეაქცია ასეთია: კეთილი, კოპენჰაგენის კრიტერიუმებს დავაკმაყოფილებთ, ოღონდ არა ნებისმიერი დათმობის ფასად”.

შედა ჩიფჩის მიერ ნახსენები საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები კი ასეთი გახლავთ: ევროპის კავშირში გაწევრიანებას თურქების თითქმის 68 პროცენტი ემხრობა. გაწევრიანების მომხრეებს ევროკავშირი სამოქალაქო თავისუფლებებითა და კეთილდღეობით იზიდავს.
XS
SM
MD
LG