Accessibility links

logo-print

ბოლოო დღეებში ისევ დაიძაბა სიტუაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამ


წამყვანი მარიამ ჭიაურელი, პრაღა ბოლოო დღეებში ისევ დაიძაბა სიტუაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ამ დაძაბულობის მოტივი პოლიტიკა არ ყოფილა.

სტუდენტთა სხვადსხვა დაჯგუფებებსა და სტუდენტთა და ლექტორთა შორის დაპირისპირების მიზეზი ის სარეიტინგო გამოკითხვა გახდა, რომელიც კორუმპირებული ლექტორების გამოვლენას ისახავდა მიზნად. მომხდარის გამო ახალგაზრდულ პროგრამაში ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვეხმაურებით სტუდენტთა პრობლემებს. ვისაუბრებთ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკითხვის ირგვლივ, შემდეგ კი წარმოგიდგენთ იმ კომერციული სასწავლებლის სტუდენტებს, რომლებიც, სახელწმიფო უნივერსიტეტების სტუდენტებისგან განსხვავებით, სწავლების ხარისხით კმაყოფილები არიან.

დავით პაიჭაძე, თბილისი

სტუდენტების ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვას, ჩვენი აზრით, ზედმეტად მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ვინც გამოკითხვის ჩატარებას, როგორც ჩვენში იტყვიან, მავანთა პოლიტიკური ზრახვებით ხსნის, მას კორუმპირებულ ლექტორებად მიჩნეულ პირთა რეაქცია მხოლოდ დაარწმუნებს საკუთარი ვარაუდის სისწორეში. ლექტორთა მხრიდან საუკეთესო პასუხი, ალბათ, წაყრუება და იგნორირება იქნებოდა, რითაც რეზონანსს მოაკლებდნენ სტუდენტების გახმაურებულ გამოსვლას. ლექტორთა მწვავე რეაქცია კი მშვენიერი საბაბი იქნება სტუდენტების “პასუხის პასუხისათვის”.

არადა, განსაკუთრებული და უჩვეულო არაფრით არ არის სტუდენტთა გამოკითხვა პროფესორ-მასწავლებლების ცოდნისა და პატიოსნების დასადგენად. ჯერ ერთი, რომ არა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ბოლო ათწლეულთა მანძილზე მიღებული “ფულის კეთების” პრაქტიკა, აზრადაც არავის მოუვიდოდა, ლექტორის მექრთამეობასა და კორუმპირებულობაზე ემსჯელა. რაც შეეხება ცოდნას, პედაგოგიური საქმიანობისას თანამედროვე მეცნიერების კონტექსტის გათვალისწინებასა და სტუდენტისათვის უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის მიწოდებას (ხშირად საკუთარი წიგნების თავს მოხვევის ნაცვლად) – ამის დადგენაში მიუღებელი არაფერია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორს, პარმენ მარგველაშვილს, მიაჩნია, რომ სასურველი იყო, გამოკითხვის შედეგები სტუდენტებს ადმინისტრაციისათვის წარმოედგინათ და ერთად ემსჯელათ [მარგველაშვილის ხმა]: “რაღაც ერთად უნდა გავაკეთოთ საქმის გამოსასწორებლად: გასათავისუფლებელია – გავათავისუფლოთ, შესაცვლელია – შევცვალოთ. ეს ყველაფერი არის საერთო საქმე. მე უნდა ვიცოდე, რას მთხოვს საზოგადოება. მე ვიცი, პროფესიულად რა შემიძლია მივაწოდო. თუ შეთანხმება მოხდება, წარიმართება სასწავლო პროცესიც. მე ვარ თანამშრომლობის აპოლოგეტი”. პარმენ მარგველაშვილი ფიქრობს, რომ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა, რომელთაც თავიანთი ორი პროფესორი განსაკუთრებით კორუმპირებულად მიიჩნიეს, დაარღვიეს უდანაშაულობის პრეზუმფცია.

მე გავესაუბრე უნივერსიტეტის კიდევ ერთ თანამშრომელს, ამჯერად არა ადმინისტრაციიდან. ესთეტიკის კათედრის დოცენტმა ლელა იაკობიშვილმა მითხრა, გაუგებარი იქნებოდა, ლექტორი სტუდენტის აზრს რომ არ ითვალისწინებდესო. სასწავლო პროცესში ლექტორი და სტუდენტი ერთმანეთს უნდა ენდობოდნენ და, თუ გნებავთ, ზრდიდნენ კიდეც. [იაკობიშვილის ხმა]: “ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ მე სტუდენტების გაზრდილი ვარ. სერიოზულად ვამბობ ამას. ყველა სოლიდურ უნივერსიტეტში ეს პრაქტიკა არსებობს: ლექტორთა რეიტინგები დგინდება, ოღონდ ეს არის კონსტრუქციული და კორექტული პროცესი, სკანდალების გარეშე”.

ლელა იაკობიშვილის აზრით, რადგან არანაირ გამოკითხვას იურიდიული ძალა არა აქვს, მათი შედეგების გახმაურება ემსახურება საზოგადოებრივი რეზონანსის გამოწვევას, ხოლო ხსენებული გამოკითხვის გასაჯაროების ერთ-ერთი მიზანი, შეიძლება, სწორედ სკანდალი ყოფილიყო. დასავლურ უნივერსიტეტებში სტუდენტთა გამოკითხვა პროფესორ-მასწავლებელთა რეიტინგის დასადგენად მხოლოდ პოზიტიურ მიზნებს ისახავს [იაკობიშვილის ხმა]: “გამოკითხვა ტარდება იმიტომ, რომ სოციალური ორგანიზმი გამოჯანმრთელდეს. სოციალური ორგანიზმის, მით უმეტეს, სასწავლო პროცესის გაჯანმრთელების მეთოდი კი იქ ასეთია: კონკრეტული მდგენელების მიხედვით აიგება კითხვარი. ეს კითხვარი აინტერესებს სტუდენტსაც, რექტორატსაც და დეკანატსაც – ყველას ერთნაირად. სემესტრის ბოლოს სტუდენტი ადგენს თავის შეხედულებებსა და შთაბეჭდილებებს პედაგოგზე – დაწყებული კომპეტენტურობით, დამთავრებული გარეგნული იმიჯით, ოღონდ ეს არის სრულიად კონფიდენციალური და ანონიმური. რეიტინგების შესახებ სრულ ინფორმაციას, ალბათ, სამიოდ კაცი თუ ფლობს. დეკანატი გამოკითხვის შედეგებს პედაგოგს დაუდებს წინ, რათა მან დაინახოს, რა პრობლემები აქვს სტუდენტებთან: მაგალითად, მოიკოჭლებს სემინარულ მუშაობაში, კომუნიკაბელურობასა ან კომპეტენტურობაში. მან იცის, საით მიმართოს ძალისხმევა, რათა სტუდენტისთვისაც მისაღები იყოს და თავადაც პროფესიული ფორმა შეინარჩუნოს. აი, ეს კონსტრუქციულია და მჯერა, რომ ორივე ქმნის ერთიან ორგანიზმს”.

ლექტორების ავ-კარგზე მსჯელობისას წამოიჭრება სტუდენტის, უკეთ, სტუდენტთა საგრძნობი ნაწილის პრობლემა – შეიძლება თუ არა, მისივე ცოდნისა და ინტელექტის პატრონი იყოს პროფესორ-მასწავლებელთა ადეკვატური შემფასებელი [იაკობიშვილის ხმა]: “სწორად გამიგეთ, ყველა სტუდენტი სტუდენტობის ღირსი არ არის. თვითონაც დიდებულად იციან, რომ მათ შორის იშვიათად ვინმე კისრულობს სტუდენტის როლს, ანუ ხშირად სტუდენტი სწავლების პროცესის აქტიური და აქტუალური მონაწილე არ არის. სტუდენტმა არ იცის, აქ რისთვის არის. ეს ჩვენი, პედაგოგების, ბრალიცაა, რადგან, შესაძლოა, ზედმეტად ლიბერალები ვართ სწავლების პროცესში; მეორეც, განმანათლებლობა ჩვენთვის ჯერ არ არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენა. მაგრამ, რახან სტუდენტებმა დაიწყეს ეს ამბავი, არანაირად არ შეიძლება ხელის შეშლა, ოღონდ რაღაცნაირად კონსტრუქციულობის საზღვრებში უნდა მოვექცეთ”.

ერთი რამ მაინც საკითხავია: როგორ მოექცეს კონსტრუქციულ კალაპოტში სტუდენტების ურთიერთობა იმ ლექტორებთან, რომლებსაც კორუმპირებულებად თვლიან და არ მიაჩნიათ ღირსად, რომ მომავალ თაობას ასწავლონ?

დათო პაიჭაძის მიერ დასმული შეკითხვა მართვის ევროპული სკოლის სტუდენტებისთვის აქტუალური არ არის. ამ უკანასკნელთ საკუთარი პედაგოგების კორუმპირებულეობაში ეჭვი არასოდეს შეპარვიათ. სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარს ისინი ლექტორთა დაბალი ანაზღაურებით ხსნიან. ისეთ კომერციულ სასწავლებელში კი, როგორიც ESM, ანუ მართვის ევროპული სკოლაა ეს პრობლემა მოხსნილია. ეკა წამალაშვილის მასალიდან შეიტყობთ, რომ ლევან გვარამაძე და სანდრო ნასიძე მართვის ევროპულ სკოლაში სწავლით კმაყოფილები არიან, თუმცა, უკვე მესამე კურსის სტუდენტებს, მათ ნათლად არა აქვთ წარმოდგენელი როგორ და რამდენად გამოიყენებენ საქართველოში იმ ცოდნას, რომელსაც ბიზნესის ადმინისტრაციის და წარმოების მართვის მიმართულებით იღებენ.

ეკა წამალაშვილი

დათო პაიჭაძის მიერ დასმული შეკითხვა მართვის ევროპული სკოლის სტუდენტებისთვის აქტუალური არ არის. ამ უკანასკნელთ საკუთარი პედაგოგების კორუმპირებულობაში ეჭვი არასოდეს შეპარვიათ. სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარს ისინი ლექტორთა დაბალი ანაზღაურებით ხსნიან. ისეთ კომერციულ სასწავლებელში კი, როგორიც ESM, ანუ მართვის ევროპული სკოლაა, ეს პრობლემა მოხსნილია. ჩვენი მასალიდან შეიტყობთ, რომ ლევან გვარამაძე და სანდრო ნასიძე მართვის ევროპულ სკოლაში სწავლით კმაყოფილები არიან, თუმცა, უკვე მესამე კურსის სტუდენტებს, მათ ნათლად არა აქვთ წარმოდგენილი, როგორ და რამდენად გამოიყენებენ საქართველოში იმ ცოდნას, რომელსაც ბიზნესის ადმინისტრაციის და წარმოების მართვის მიმართულებით იღებენ.

ESM, ანუ მართვის ევროპული სკოლა, თავის დროზე ქართველების და ფრანგების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაფუძნდა და, სწავლების მაღალი დონის წყალობით, საკმაოდ პრესტიჟულ სასწავლებლადაც ჩამოყალიბდა. მაღალი გადასახადის გამო, ESM - ში სწავლა იოლი მისაღწევი არაა. თუმცა, ვინც იქ სწავლობს, მიიჩნევს, რომ მართვის უმაღლეს სკოლაში მიღებული განათლება ძვირია, შრომატევადი და, ამავდროულად, უაღრესად საჭირო.

ლევან გვარამაძემ და სანდო ნასიძემ, ამ უმაღლეს სკოლაში ჩაბარება სწორედ მაღალი ხარისხის ცოდნის მიღების სურვილის გამო გადაწყვიტეს. გადაწყვეტილების მიღებაში გარკევული როლი, სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, იოლმა მისაღებმა გამოცდებმაც ითამაშა. თუმც, ლევანმაც და სანდრომაც იცოდნენ, რომ ასეთ მისაღებ გამოცდებს სწავლის რთული პროცესი მოჰყვებოდა.

ლევანმა მართვის უმაღლესი სკოლის გერმანულენოვან ფაკულტეტზე ჩააბარა და თავის მომავალ სპეციალობად წარმოების მართვა აირჩია. სანდრო კი ESM - ის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე სწავლობს და ბიზნესის ადმინისტრაციას ეუფლება.
ლევან გვარამაძეც და სანდრო ნასიძეც უკევ მესამე კურსის სტუდენტები არიან, ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მართვის უმაღლეს სკოლაში სწავლის სირთულეები მათ უკვე დაძლეული აქვთ. როგორც ლევანი ამბობს, საშუალო სკოლის შემდეგ მართვის უმაღლესი სკოლის მკაცრ რეჟიმთან შეგუება თავიდან საკმაოდ რთულია. ამ სირთულის დაძლევას ყველა ვერც ართმევს თავს. მოკლედ, ყველაზე პრობლემატური პირველი კურსია.

[ლევან გვარამაძის ხმა] “ მეორე კურსი შეგუების ფაზაა, გინდა თუ არ გინდა, უნდა შეეგუო ამ ყველაფერს და ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ ამდენი შრომა წყალში არ გადაყარო. მესამე კურსზე უკვე ხვდები, რომ, რაც გააკეთე, ძალზედ საჭირო იყო და ახლა რასაც აკეთებ, ისიც საჭიროა.”

მაინც, რით განსხვავდება მართვის უმაღლესი სკოლის სწავლის მეთოდი სახელმწიფო უნივერსიტეტების მეთოდისგან?

[ლევან გვარამაძის ხმა] “ჩათვლების სისტემაა განსხვავებული. ჩათვლები არის კვირაში ერთხელ, სხვადასხვა საგანში. პრაქტიკულად, საგანში თვეში ერთხელ გვიწევს ჩათვლის გავლა. ჩათვლაში ზედიზედ ორჯერ ჩაჭრა კი გარიცხვას იწვევს. აქედან გამომდინარე, სტუდენტი იძულებულია მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდოს თითოეულ ჩათვლას. “

მთავარი მაინც ფსიქოლოგიური მომენტია. მართვის უმაღლეს სკოლაში სტუდენტებისთვის ცოდნის მიწოდების განსხვავებული ფსიქოლოგიური მეთოდი მუშაობს. იქ სტუდენტებს სხვადა სხვა თემებზე ნამუშევრების პრეზენტაციას ავალდებულებენ, სტუდენტებისთვის კი ამ ვალდებულების შესრულების პროცესი განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე.

თეორიულ სწავლებას ერთვის პრაქტიკული მეცადინეობაც, ოღონდ უფრო გერმანულენოვანი ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. წარმოების მართვის ფაკულტეტის სტუდენტები საწარმოებში პრაქტიკას ეგრეთ წოდებულ არდადეგების პერიოდში გადიან. ანუ მესამე და მეოთხე კურსებზე 6 თვიანი თეორიული სწავლება 6 თვიანი პრაქტიკული მეცადინეობით არის განზავებული. ამ მხრივ, ცოტა განსხვავებული მეთოდია ინგლისურ სექტორზე. როგორც სანდრო ნასიძე ამბობს:

[სანდრო ნასიძის ხმა] “ინგლისურ სექტორზე ძირითადი ყურადღება თეორიულ მეცადინეობას ეთმობა. ჩვენ მხოლოდ 2-3 კვირიანი არდადეგები გვაქვს და, პრაქტიკულად, მთელი წელი ვსწავლობთ. პრაქტიკას ცოტა ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა, თუ სტუდენტი თვითონ მონახავს რომელიმე კომპანიას იმისთვის, რომ პრაქტიკული ცოდნა აიმაღლოს, ინსტიტუტი მას ხელს შეუწყობს.”

სანდრო და ლევანი სემესტრის განმავლობაში 6-7 საგანს ეუფლებიან. ლექტორებს და სასწავლო ლიტერატურას არ უჩივიან, პირიქით, და ამბობენ, რომ მათ სასწავლებელში სასწავლო წიგნები სისტემატურად, სტუდენტთა შენიშვნების გათვალისწინებით, იცვლება. სანდრო და ლევანი მიიჩნევენ, რომ ისინი ხარისხიან განათლებას იღებენ, თუმცა ჯერ კიდევ არ იციან, საქართველოში შეძლებენ თუ ვერა ამ ცოდნის გამოყენებას.

[ სანდრო ნასიძის ხმა] “ჩემი აზრით, ბიზნეს-ადმინისტრაციის კურსდამთავრებული უფრო შეძლებს სამსახურის შოვნას, ვიდრე წარმოების მართვის სპეციალისტი, რადგან ჩვენს ქვეყანაში საწარმოები გაჩერებულია, ბევრი მათგანი ინვესტორს ელის.”

ლევან გვარამაძე და სანდრო ნასიძე მართვის უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებენ, მით უფრო, რომ ESM - ში სწავლა დასავლეთის პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლების დიპლომის მიღების გზას უიოლებთ. რა იქნება შემდეგ, როგორ და სად მოძებნიან ჩვენი დღევანდელი სტუმრები თავის ადგილს, ეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, - იმაზე, დასჭირდება თუ არა ჩვენს ქვეყანას ბიზნესისა და წარმოების მართვის კვალიფიციური კადრები.
XS
SM
MD
LG