Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბიუჯეტო სფეროს გაუგებრობები და მათი გამოსწორების მცდელობა


ცალკე ფინანსთა სამინისტრო და ცალკე საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველთვიურად ხან თითქმის, ხანაც გადაჭარბებით შესრულებულად აცხადებს ხოლმე.

მიუხედავად ამისა, მაინც რჩება პრობლემები, რომლებიც საბიუჯეტო კანონის არასწორად შედგენითაა გამოწვეული. მაგალითისათვის ამ დღეებში სათანადო დაუფინანსებლობის გამო ტყიბულში მიმდინარე გაფიცვა და აჭარის ავტონომიასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვაც კმარა.

ტყიბულში ქვანახშირის მაღაროს მუშები პროტესტის უკიდურესი ფორმით - 600 მეტრი სიღრმის მაღაროში შიმშილობით - ცდილობენ თავიანთი სოციალური პრობლემების მოგვარებას. 18 მარტს მეშახტეთა წარმომადგენლებს შეხვედრა ჰქონდათ ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, რომელიც მათ პრეზიდენტის ფონდიდან 200 ათასი ლარის გამოყოფას დაჰპირდა მიმდინარე სახელფასო დავალიანების დასაფარად. სულ მეშახტეების მიმართ 600 ათასი ლარის სახელფასო დავალიანება არსებობს და არავინ იცის, ვინ უნდა გაისტუმროს იგი. სახაზინო სამსახურის უფროსმა დავით რამიშვილმა 18 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მეშახტეების სახელფასო სახსრები ბიუჯეტის კანონში არ არის ჩადებული.

[რამიშვილის ხმა] „ამ ეტაპზე ბიუჯეტში რაიმე კონკრეტული გრაფა არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქნახშირის სუბსიდირებას, რომელიც დევს ბიუჯეტში, ის ხდება ყოველთვიურად 1/12 დონეზე რაც არის გათვალისწინებული და ამაზე შეფერხება არც წინა წელს და არც წელს მათ არ ჰქონიათ.“

ბიუჯეტში ქვანახშირის მაღაროს მუშათა ხელფასების გაუთვალისწინებლობა იმითაა გამოწვეული, რომ ჯერაც გაურკვეველია თავად ქვანახშირის საწარმოს მომავალი მესაკუთრის ვინაობა, თუმცა სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საწარმოს მივიწყება და დაფინანსების გარეშე დატოვება, ბიუჯეტის შესრულების მიზნით, ვერაფერი გამოსავალია.

რაც შეეხება მეორე პრობლემას, აჭარიდან ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადმორიცხვას, აქაც გარკვეული ცვლილებების განხორციელების მცდელობა შეიმჩნევა.
როგორც ცნობილია, აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელობა ბათუმში ხაზინის ფილიალის გახსნას მოითხოვდა. ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი ხაზინის გახსნა ბათუმს იმისთვის სჭირდებოდა, რომ, მასში ცენტრალური ბიუჯეტისათვის განკუთვნილი თანხის გატარებით, თბილისთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ილუზია შეექმნა. ანუ ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილი თანხები ისევ ადგილზე დარჩებოდა, ოღონდ ამჯერად ხაზინის ფილიალის გავლით.

თბილისი ბათუმში სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ერთეულის დაფუძნებას დათანხმდა. ამ საკითხის ტექნიკური დეტალების შესახებ მოსალაპარაკებლად ხაზინის უფროსი დავით რამიშვილი აჭარაში იმყოფებოდა და, როგორც ამბობს, ყველა დეტალზე შეთანხმდნენ.

[რამიშვილის ხმა] „ხაზინის ფილიალის გახსნა ცენტრალური ბიუჯეტისათვის კუთვნილი თანხების აჭარაში დატოვების პრობლემას ვერ აგვარებს. ხაზინა არის მხოლოდ სახარჯო ანგარიშით აჭარაში და რაც შეეხება ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილ თანხებს, ის უნდა მოვიდეს ცენტრალური ხაზინის საშემოსავლო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში. შესაბამისად ,ხარჯიც აქედან უნდა წავიდეს აჭარის ფილიალში, ხაზინის ფილიალში სახარჯო ანგარიშზე. ის, რომ ადგილზე დატოვების პრობლემის გადაწყვეტა არ არის ხაზინის ფუნქცია და ხაზინა ამას ვერ გააკეთებს.“ [სტილი დაცულია.]

რამიშვილი იმედოვნებს, რომ ამ ნაბიჯის შემდეგ ბათუმიდან ცენტრისაკენ ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გადმორიცხვა დაიწყება. ყოველთვიურად ცენტრალურმა ბიუჯეტმა ბათუმიდან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი უნდა მიიღოს. თუმცა თითქმის დაუგეგმავი ბიუჯეტით მუშაობის პირობებში კვლავ არაა გამორიცხული, აჭარა ცენტრალური ბიუჯეტიდან მისაღები თანხების გარეშე დარჩეს, ისევე როგორც საქართველოს ბევრი სხვა რეგიონიც.

ბიუჯეტი რომ მუხლობრივად სერიოზულად არ არის გათვლილი, ამაზე მარტის თვის საშემოსავლო ნაწილის საპროგნოზო მაჩვენებლის არარსებობაც მოწმობს. ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მეთოდზე გადავიდა და მხოლოდ ამ პარამეტრის მაჩვენებელს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2002 წლის შემოსავლითი ნაწილი 57 პროცენტითაა შესრულებული. თუმცა ხელფასები და სხვა ხარჯები ყოველთვიურადაა გასაცემი, რასაც შემოსავლების კვარტალური მექანიზმი უკვე პრობლემებს უქმნის. ცნობისათვის: დღემდე არ არის დაფინანსებული შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების თებერვლის თვის ხელფასები, 4 მილიონი ლარის ოდენობით.
XS
SM
MD
LG