Accessibility links

logo-print

ტერორისტული აქტი ისლამაბადში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა კვირას, 17 მარტს, დილის წირვაზე საერთაშორისო პროტესტანტულ ეკლესიაში პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში უცნობმა ტერორისტებმა აფეთქება მოაწყვეს. დაიღუპა 5 ადამიანი, რამდენიმე ათეული დაშავდა.

პაკისტანის პრეზიდენტმა გენერალმა ფერვეზ მუშარაფმა დაგმო ეს თავდასხმა - უკვე მეორე ქრისტიანების წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც პაკისტანი მიუერთდა ანტი-ტერორისტულ კოალიციას. არავის არ აუღია ტერაქტისთვის პასუხისმგებლობა. მაგრამ პაკისტანის უშიშროების სამსახურები მას ანტიამერიკულ თავდასხმად მიიჩნევენ.

დაღუპულთა შორის ორი ამერიკელია. ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ბარბარა გრინი და მისი 17 წლის ქალიშვილი, ისლამაბადის ამერიკული სკოლის მოსწავლე ქრისტენ უორმსლი. ბარბარას მეუღლე მილტონ გრინი, აგრეთვე საელჩოს თანამშრომელი, და მათი უმცროსი ვაჟი დაჭრილთა შორის არიან.

სულ ოთხი მოკლულის ვინაობა არის ცნობილი. გარდა ამერიკელებისა, ესენია ერთი პაკისტანელი და ერთი ავღანელი. არის ეჭვი, რომ მეხუთემ, რომლის ვინაობა არ არის დადგენილი, განახორციელა თვითმკვლელური აფეთქება.

დაჭრილთა შორის არიან 10 ამერიკელი, პაკისტანის მცირერიცხოვანი ქრისტიანული უმცირესობის 12 წევრი, შრი-ლანკის ელჩი და მისი ოჯახის წევრები.

ძალადობა რელიგიური ნიშნით საკმაოდ გავრცელებულია პაკისტანში და უმთავრესად მიმართულია შიიტი მუსლიმანების უმცირესობის წინააღმდეგ. ქრისტიანებზე თავდასხმები იშვიათია. ყველაზე სისხლიანი, მას შემდეგ, რაც პაკისტანმა მოიპოვა დამოუკიდებლობა 1947 წელს, იყო ქალაქ ბაჰავალპურში, სადაც ეკლესიაში 15 მლოცველი და ერთი პოლიციელი მოკლეს.

ბოლო ძალადობას მიაწერენ ისლამისტ ექსტრემისტებს, რომლებსაც ვერ უპატიებიათ მუშარაფისთვის ანტიტერორისტული კამპანიის მხარდაჭერა და ქვეყნის შიგნით ტერორისტული და ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ გალაშქრება. 12 იანვრის შემდეგ პაკისტანში ტერორიზმში ათასობით ეჭვმიტანილი იქნა დაპატიმრებული და 5 რადიკალური პარტია აიკრძალა.

კვირა დილის თავდასხმა მოხდა დიპლომატიური კვარტალში, რომელიც ისლამაბადში ერთ-ერთ ყველაზე დაცულ რაიონად ითვლება. პოლიცია კვარტალთან მიმავალ გზებზე ყველა მანქანას ამოწმებს. 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ უშიშროების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა. შეერთებული შტატების საელჩოს პერსონალის ოჯახის წევრებს სთხოვეს, დაეტოვებინათ ქვეყანა და დაბრუნების ნება მხოლოდ გასულ თვეში მისცეს.

23 იანვარს ამერიკელი ჟურნალისტის დანიელ პერლის გატაცებამ და შემდეგ მისმა მოკვლამ სამხრეთის საპორტო ქალაქ კარაჩიში, გააძლიერა შიში პაკისტანში მცხოვრები ამერიკელების უსაფრთხოების თაობაზე. ბოლო ტერაქტმა, ამავე დროს გააძლიერა რწმენა, რომ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლა გამართლებულია. ამერიკის ელჩმა პაკისტანში ქ-ნმა უენდი ჩემბერლენმა თქვა:

[ჩემბერლენის ხმა] “დღევანდელი მოვლენები ჩვენთვის მწარე გაკვეთილია. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ბუში და პრეზიდენტი მუბარაკი და მსოფლიოს სხვა მამაცი ქალები და კაცები აბსოლუტურად მართლები არიან, როცა სდევნიან ტერორისტებს ყველგან სადაც კი მიუწვდებათ ხელი”
ჩემბერლენის თქმით, ბრძოლაზე უარის თქმა ყოვლად შეუძლებელია.

[ჩემბერლენის ხმა] “ჩვენ არ დავუთმობთ იმათ, ვისაც სიძულვილი ამოძრავებს, იმ მხდალებს, რომლებიც ესვრიან ბომბებს უდანაშაულო ადამიანებს ეკლესიაში. ეს ტერორისტები ვერ დაამარცხებენ შეერთებულ შტატებს და ვერ დაამარცხებენ პაკისტანს და ჩვენ არ მივცემთ მათ სადმე სხვაგან გამარჯვების შანსს.”

პრეზიდენმა მუშარაფმა პირობა დადო, რომ იპოვის, მისი სიტყვით, “შემზარავი ტერორიზმისთვის” პასუხიმგებლებს.
პაკისტანის იუსტიციის მინისტრმა ხალიდ რანჯჰამ მიანიშნა, რომ ტერორიტული აქტის უკან შეიძლება იდგეს ინდოეთი, პაკისტანის მთავარი მტერი.“შეიძლება ეს არის ჩვენს უცხოელ მეგობრებთან ურთიერთობათა გაფუჭების მცდელობაო”, თქვა მან.
XS
SM
MD
LG