Accessibility links

ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ბელგიაში


ორშაბათს, 18 მარტს, დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტი ბელგიის სამეფოში, ევროპის კავშირსა და ნატოში.

მანამდე იგი მან ესტუმრა გერმანიის ქალაქ ჰალეს, მისი ძველი მეგობრის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰანს დიტრიხ გენშერის 75 წლის იუბილეზე დასასწრებად.

ცნობილ გამოთქმას თუ შევატრიალებთ, საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში, ასე ვთქვათ, მეჯლისიდან გემზე მოხვდა. ბელგიის სამეფოში მის საქმიან შეხვედრებს წინ უსწრებდა გერმანიაში გატარებული ორი საზეიმო დღე. ძველმა მეგობრებმა და თანამოაზრეებმა, ”ბერლინის კედლის მნგრეველებად” მონათლულმა გენშერმა და შევარდნაძემ კიდევ ერთხელ შეამკეს ერთმანეთი ეპითეტებით და საზეიმო შეხვედრის დამსწრეთ კიდევ ერთხელ გაახსენეს, რომ დღევანდელი ევროპა ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა ამ ორი ადამიანის ურთიერთნდობისა და ურთიერთთანამშრომლობის გარეშე.

რაც შეეხება ბელგიაში ვიზიტს, იგი დაიწყო საგარეო ურთიერთობებში ევროპის კავშირის კოორდინატორთან, ხავიერ სოლანასთან შეხვედრით. მეგობრობასა და ურთიერთგაგებაზე ამ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზეც იყო საუბარი. ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ სოლანა ის პოლიტიკოსია, რომელსაც ”ნახევარი სიტყვით” ესმის საქართველოს სატკივარი.

ორი პოლიტიკოსის შეხვედრის მთავარი თემა იყო ევროპის კავშირთან საქართველოს და, საერთოდ, სამხრეთი კავკასიის ინტეგრაციის პერსპექტივები. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფრენციაზე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა:

[შევარდნაძის ხმა] იხ. აუდიოვესია

ეს რაც შეეხება პერსპექტივებს. მაგრამ რას ნიშნავს საქართველოსთვის ევროპის კავშირი დღეს. ამ კითხვაზე პასუხი ვთხოვე საქართველოს ელჩს ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და საქართველოს წარმომადგენელს ევროგაერთიანებებში, კოტე ზალდასტანშვილს, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით პრაღიდან:

[ზალდასტანიშვილის ხმა] იხ. აუდიოვერსია

ორშაბათს საღამოს ედუარდ შევადნაძე სიტყვით გამოვიდა ბელგიის პარლამენტში. ორშაბათსვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან, ჯორჯ რობერტსონთან. სამშაბათს, ვიზიტის მეორე, დასკვნით დღეს ედუარდ შევარდნაძე შეხვდება ბელგიის მეფეს, აგრეთვე ევროკომისარს საგარეო ურთიერთობების სფეროში, ქრის პატენს, და ევროკომისიის პრეზიდენტს, რომანო პროდის.

ამ მოვლენების შესახებ ჩვენი შემდგომი გამოშვებებიდან შეიტყობთ.
XS
SM
MD
LG